თენგიზ შერგელაშვილისთვის ქალაქების სტატუსის გაუქმება მიუღებელია

516

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორია, რამდენიმე თვითმმართველი ქალაქის შესაძლო გაერთიანებას მიუღებელს უწოდებს. როგორც შერგელაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თუ თვითმმართველი ერთეულების გაზრდა არ მოხდება, რამდენიმე წელიწადში გაიზრდება მიგრაციული ნაკადები და მივიღებთ პატარ-პატარა თავკომბალებს.

”მიუღებელია, რომ ჩვენ 7 ქალაქზე გავჩერდით და არ გავაგრძელეთ თვითმმართველი სტატუსის მინიჭება ჭიათურისთვის, ზესტაფონისთვის, სამტრედიისთვის და სხვა ქალაქებისთვის. ჩვენ რეალურად უნდა მივიღოთ თვითმმართველობა, სადაც იქნება ჩადებული განსხვავებული ინტერესები ქალაქის, სოფლის განვითარების. ჩვენ თუ ეს ტერიტორიული დიზაინი, რაც დღეს გვაქვს შევინარჩუნეთ, რამდენიმე ათწლეულში რეგიონებში მიგრაციული ნაკადები სულ უფრო და უფრო გაიზრდება და პატარ-პატარა თავკომბალებს მივიღებთ ქვეყანაში. სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო, რომ რეფორმის შედეგად ქალაქებს მიეცათ თვითმმართველობის საშუალება და ეს აისახა იმ სერვისებზე, რაც განხორციელდა როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში. ფინანსურ და სხვა არგუმენტებზე საუბარი საერთოდ არასერიოზულია, რადგან იმდენად ბევრი პრობლემა დგას ადმინისტრაციული ხარჯების მოგვარებასთან დაკავშირებით, რომ 2-3 მილიონზე ლაპარაკი, რომელიც ან იქნება ან არა, ცოტა არასერიოზულია”, – განაცხადა შერგელაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების გეგმა მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდის ამავე ხელისუფლების დროს გატარებულ თვითმმართველობის რეფორმასთან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე.

ამასთან, საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. მათივე შეფასებით, ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება. მიმართვის ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ”განვითარების დაწყებულ პროცესს შეაჩერებს”. მათივე განმარტებით, საუბარია ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისა და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაზე.

წყარო: ინტერპრესნიუსი