ირაკლი კობახიძე თვითმმართველი ქალაქების გამოყოფაზე – რაც გაკეთდა, არასწორი იყო

531

თავის დროზე შვიდი მუნიციპალიტეტის გაყოფა არასწორი იყო და მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, გაყოფილი თვითმმართველი ერთეულების გაერთიანება თავის მხრივ, სირთულეებთან არის დაკავშირებული და ამის განხორციელებას სიღრმისეული მსჯელობა სჭირდება.

“მე ჩემს წინა ცხოვრებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი ვიყავი. კარგად ვარ ჩახედული ამ საკითხში, მათ შორის ვმონაწილეობდი დისკუსიებში, რომელიც ამ შვიდი მუნიციპალიტეტის გაყოფას უკავშირდებოდა. მაშინ მე წინააღმდეგი ვიყავი იმ რეფორმის, რომელიც განხორციელდა. ეს მქონდა დასაბუთებული თავისი ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური და ასე შემდეგ გათვლებით. იყო არასწორი, რაც გაკეთდა. ვინც ღრმად არის ჩახედული ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში, ამაში დამემოწმება. რამდენიმე წლის წინ ამის გაკეთებას თავისი კონტექსტი ჰქონდა. ამ დეტალებში აღარ შევალ, თუმცა, რაც შეეხება გაერთიანებას, ესეც თავის სირთულეებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. მხედველობაში უნდა მივიღოთ ყველა ასპექტი: – ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი და ასე შემდეგ“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

2014 წელს პარლამენტის მიერ მიღებული “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ გარდამავალი დებულებების გათვალისწინებით, განისაზღვრა შვიდი თვითმმართველი ქალაქი: თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე. განხორციელდა მათი ტერიტორიული ოპტიმიზაცია ქალაქის დანარჩენი ტერიტორიიდან გამოყოფით, ხოლო დარჩენილი ტერიტორია ერთ მუნიციპალიტეტად გაერთიანდა. მაგალითად, შეიქმნა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი და თელავის მუნიციპალიტეტი, რომელიც ქალაქის გარდა ტერიტორიებს მოიცავს.

მაშინ “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამბობდა, რომ აღნიშნული შვიდი ქალაქის გამოყოფა მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდებოდა, თუმცა დღეს საუბარია თვითმმართველი ქალაქების შემცირებასა და გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე.

წყარო: ინტერპრესნიუსი