შოთა მურღულია – თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ქუთაისს არ ეხება

467

თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ქუთაისს არ ეხება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი, სავარაუდოდ, „დიდი განსჯის თემა იქნება“.

„მთავარი თემა არის ის რომ, თუკი ამ რეფორმამ გაამართლა და მოსახლეობისთვის სერვისი გახდა ხელმისაწვდომი, მაშინ უნდა დარჩეს ისე, როგორც არის. ამასთან დაკავშირებით კვლევა უნდა დაიდოს. თუკი ამ ყველაფერმა ხარჯების გაზრდა გამოიწვია, შეიძლება სხვა გადაწყვეტილება იქნას მიღებული და თვითმართველი ქალაქების რაოდენობა შემცირდეს. ამას საჯარო დისკუსიები სჭირდება“, – განაცხადა შოთა მურღულიამ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე.

ამასთან, საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. მათივე შეფასებით, ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება. მიმართვის ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ”განვითარების დაწყებულ პროცესს შეაჩერებს”. მათივე განმარტებით, საუბარია ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისა და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაზე.

წყარო: ინტერპრესნიუსი