ლევან ბერძენიშვილი მუნიციპალიტეტების შემცირებაზე – ეს წარმოუდგენელი სისულელეა

547

თვითმმართველი ქალაქების შემცირება იქნება უკან, საბჭოთა კავშირისკენ გადადგმული ნაბიჯი, – ასე ეხმაურება რამდენიმე მუნიციპალიტეტის შესაძლო გაერთიანებას ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი.

როგორც ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ”მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება არის დემოკრატიის ღვიძლი შემადგენელი ნაწილი”.

”ის ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც აპირებს ხელისუფლება, არის უკან გადადგმული ნაბიჯები საბჭოთა კავშირისკენ. ჩვენ ველოდებოდით, რომ მეტი თვითმმართველი ქალაქი გვექნებოდა და მეტ ადგილას შევძლებდით მერების და გამგებლების არჩევას, ხელისუფლება კი გვეუბნება, რომ ნაკლები უნდა იყოს. ყველა განმარტება, რომელიც მოვისმინეთ, არის ყალბი. როგორ შეიძლება ფინანსური არგუმენტებით დემოკრატიული წესების შეცვლა? – ეს წარმოუდგენელი სისულელეა. ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, მიმართულია დეცენტრალიზაციის წინააღმდეგ. ყველა ნაბიჯს ხელისუფლება დგას ცენტრალიზაციისკენ. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს რაიმე გავლენას მაინც მოახდენს ხელისუფლების პოზიციაზე, რომელიც ჯერ მთლიანობაში არ გამოუხატავთ. ისინი ზონდირებას აკეთებენ – ასე ვიტყვით და ვნახოთ რა იქნებაო. თუ თვითმმართველ ქალაქებში 7 ქალაქი დარჩება, ეს იქნება ნაბიჯი უკან, თუ მოემატება ეს იქნება ნაბიჯი წინ. ყველამ იცის თვითმმართველობა რა არის, ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი წინადადებები 2-დონიანი, 3-დონიანი თვითმმართველობების შესახებ და ისინი დგამენ ნაბიჯებს უკან. არანაირი განხილვა ამას არ სჭირდება. თვითმმართველობა სჯობს თუ ცენტრალიზაცია? – მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება არის დემოკრატიის ღვიძლი შემადგენელი ნაწილი”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე.

ამასთან, საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. მათივე შეფასებით, ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება. მიმართვის ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ”განვითარების დაწყებულ პროცესს შეაჩერებს”. მათივე განმარტებით, საუბარია ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისა და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაზე.

წყარო: ინტერპრესნიუსი