იან კელი: თვითმმართველი ქალაქების საკითხზე დიალოგში რეგიონებიდან უნდა ჩაერთონ

587

“უნდა იყოს დიალოგი ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდს შორის და ამ დიალოგში ჩართული უნდა იყვნენ ადგილობრივი წარმომადგენლები რეგიონებიდან”, – ეს განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ 7 ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ელჩის თქმით, ის დეტალებს ჯერჯერობით არ იცნობს, თუმცა, იმედოვნებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებას დიალოგის შემდეგ მიიღებს.

დღეს 120-მა არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, არ დაუშვას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება. ორგანიზაციები ამბობენ, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. მათი თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება დააშორებს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, შეაჩერებს მიმდინარე პროექტებს და შეამცირებს ადგილობრივი დემოკრატიის სტანდარტს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე და რეგიონული განვითარების სამინისტრო გამოეხმაურნენ. კობახიძის თქმით, თავის დროზე გადაწყვეტილებები ნაჩქარევად იყო მიღებული და ახლა  პლუსები და მინუსები უნდა განისაზღვროს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით კი, ამ ქალაქებისთვის თვითმმართველობის სტატუსის მინიჭებით შედეგების მიღწევა ვერ მოხერხდა და საკითხიც დღის წესრიგში ამიტომ დადგა.

წყარო: იმედინიუსი