მმართველი გუნდი თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის 12-დან 5-მდე შემცირებას გეგმავს.
მსჯელობა თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შესახებ უკვე მიმდინარეობს. საქართველოს 7 ქალაქი სტატუსს ერთად მერის არჩევის უფლებასაც დაკარგავს.
საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, კონსულტაციები გაიმართება.
როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ჟორჟოლიანმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. მისი თქმით, აქ უცნაური არაფერია. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ცვლილებს ხარჯების შემცირებასაც უკავშირებენ.
თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ახალი ცვლილებების შედეგად, საზღვრების თავიდან დადგენა და ბიუჯეტის გადანაწილება უნდა მოხდეს.
მთავრობის ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, ერთ თვეში შევა. ამ დროისთვის მინისტრთა კაბინეტის წევრები მმართველ გუნდთან კონსულტაციების რეჟიმში მუშაობენ.
საპარლამენტო უმცირესობა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის და არჩევითი პოსტების შემცირებას მხარს არ დაუჭერს.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ადგილობრივი არჩევნებისთვის საქმის გაიოლებას ცდილობს.
ინიციატივით უკმაყოფილოა მესამე სექტორიც.
იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა შემცირდა, ადგილობრივ არჩევნებზე მერს მხოლოდ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში აირჩევენ. ამბროლაური, ახალციხე, გორი, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა და ოზურგეთი ამ უფლების გარეშე დარჩებიან.
წყარო: ნიუპრესი