აუდიტის სამსახურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფინანსური ანგარიშგების შემოწმებისას დარღვევები გამოავლინა

458

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ჩაატარა. ასევე, სამსახურმა 2015-2016 წლებში “წარმომადგენლობითი და აღმასრულებებლი ორგანოების დაფინანსების“ “ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობა შეამოწმა.

დასკვნაში წერია, რომ აუდიტის შედეგად სხვადასხვა დარღვევა-ნაკლოვანებები დაფიქსირდა.

კერძოდ, საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემისას მუნიციპალიტეტს არ გაუთვალისწინებია რაციონალური და ეკონომიური ხარჯვის პრინციპი და გაცემული პრემიების ჯერადობა საკრებულოს მიერ დადგენილი ნორმას აღემატება.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა შტატგარეშე მოსამსახურეები დაიქირავა მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, რაც მოქმედ კანონმდებლობას არ შეესაბამება, ასევე, დაქირავებულების რაოდენობა თვითმმართველობის კოდექსით დადგენილ ზღვრულ ნორმას აღემატება.

“სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები.  მუნიციპალიტეტის საკრებულოს არა თანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია, საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. ამდენად, გამგეობის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეულია არაგონივრული ხარჯი”,-წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

მისივე თანახმად, ცალკეული ხელშეკრულებების შესრულებისას, მუნიციპალიტეტმა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები გაზარდა არაობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით და არ გამოიყენა საჯარიმო სანქციები.

“შედეგად, მოსახლეობამ დადგენილ დროში ვერ მიიღო დაგეგმილი ეკონომიკური სიკეთე, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ არის მიმართული შესაბამისი ფინანსური რესურსი. მუნიციპალიტეტში არსებულმა სუსტი კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო მიმწოდებლის მიერ შეუსრულებელი სამუშაოების გამოვლენა. გამგეობის პასუხისმგებელმა პირებმა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების აქტები  ფორმალურად დაადასტურეს (ფორმა N2). შედეგად, მუნიციპალიტეტმა ორ შემთხვევაში, ჩაიბარა და აანაზღაურა ისეთი სამუშაოები, რომელიც არ იყო შესრულებული. მუნიციპალიტეტმა ორ შემთხვევაში, ხარჯთაღიცხვაში დაუსაბუთებელად შეცვალა სამუშაოს სახე, შეტანილი ცვლილების შედეგად, მიმწოდებლისაგან ჩაიბარა პროექტით გათვალისწინებულზე ნაკლები მოცულობის სამუშაოები, გადაიხადა გაზრდილი ფასი და გასწია არაეკონომიური ხარჯი”-აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე დასკვნის მიხედვით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების გარკვეული ნაწილი დაზიანებულია; მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს მიმწოდებლებისათვის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით; შედეგად, მოსახლეობამ ვერ მიიღო პროექტით გათვალისწინებული სარგებელი გრძელვადიან პერიოდში.

“ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას, რიგ შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ობიექტის დასრულება და ფუნქციონირება, რადგან არ გაითვალისწინა ყველა საჭირო რესურსი. შედეგად მოსახლეობა შექმნილი მატერიალური სიკეთით ვერ სარგებლობს და პროექტებზე გაწეული ხარჯი არაეფექტიანი. მუნიციპალიტეტმა რიგი სამშენებლო სამუშაოები შეისყიდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებული პრაქტიკით იწვევს საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურებას. მუნიციპალიტეტს არ შეუდგენია პერიოდული და წლიური ფინანსური ანგარიშგებები. შედეგად, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს არ წარედგინება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ”,-წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.