ლოჯისტიკური ცენტრი შუახევში, დაბაში, რუსთაველის ქუჩის # 71-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აშენდება. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, სამუშაოებს შპს “უნივერსალი“ აწარმოებს;
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
“პროექტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის 2017-2018 წლის ქვეპროგრამის “ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის’’- ფარგლებში ხორციელდება. ცენტრი აღიჭურვება სამაცივრე მეურნეობით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამხარისხებელ-შემფუთავი ტექნოლოგიური ხაზით, შესაბამისი სატრანსპორტო და წარმოების სხვა საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, დახარისხებას, შენახვასა და სარეალიზაციო ქსელში მოხვედრას, რაც ფერმერებს დაეხმარება ჭარბად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში. ფერმერის შემოსავალი პირდაპირ იქნება მიბმული პროდუქციის საბოლოო სარეალიზაციო ფასთან: აღნიშნული აგრომომსახურების ცენტრები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა”,-აცხადებენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში.