გორის მუნიციპალიტეტში 11 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა

475

რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა გორის მუნიციპალიტეტში 11 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დააფინანსა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტების ღირებულება ჯამში, 7 039 835 ლარს შეადგენს.

ამავე წყაროს თანახმად, ფონდის თანადაფინანსების წილი 4 637 092 ლარით განისაზღვრა, ხოლო პროექტების ღირებულების 34% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

გარდა ამისა, გორის მერიამ 7 პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვაზე უკვე გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი.

ქალაქ გორში 8, ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლებში 3 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

“ქალაქში რეაბილიტირდება სტალინის გამზირი (მონაკვეთი), სამების (მონაკვეთი), ნინოშვილის, თბილისის, რომელაშვილების (მონაკვეთი), თოიძის, დავითაშვილისა და სადგურის დასახლებაში არსებული ქუჩები და სამხატვრო სკოლის მიმდებარედ არსებული მოედანი. კეთილმოეწყობა ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლების სათემოს, ციცაგიანთკარისა და ახრისის დამაკავშირებელი, მერეთის, კოშკასა და გუგუტიაანთკარის საავტომობილო და საქაშეთიდან დევნილთა ჩასახლებამდე მისასვლელი გზები. 2018 წელს გორის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ჯამში, 10,6 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება”,-წერია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.