მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მარადისში გზის დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერთან ერთად ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
“ინფრასტრუქტურული პროექტის დათვალიერების შემდეგ თემურ აბაზოვი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, გააცნო მიმდინარე წელს სოფელ მარადისში დაგეგმილი პროექტები, მოისმინა მათი საჭიროებები და კომპტენციის ფარგლებში მოგვარებას დაპირდა. სოფელ მარადისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, გზის მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, რომელიც მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარეობდა. მოასფალტდა 1 210 მეტრი სიგრძის გზა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 168 061 ლარია”,-წერია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.