აუდიტის სამსახური: ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლის წყალომამარაგებისთვის 92.1 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა წყლის სისტემა გამოუყენებელია

499

წინა სტატია

აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლის წყალომამარაგებისთვის 92.1 ათასი ლარი დაიხარჯა, წყლის სისტემა გამოუყენებელია და მოსახლეობა შესრულებული სამუშაოებით ვერ სარგებლობს.

კერძოდ, დასკვნაში წერია, რომ 2016 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტით შეისყიდა სოფელ ზანავში წყალსადენის სისტემის მოწყობის სამუშაოები, არსებული წყლის რესურსი არ იყო საკმარისი სოფლის მოსახლეობისათვის, რისთვისაც მუნიციპალიტეტმა ახალი სათავე ნაგებობის მოწყობა და ძველ წყლისშემკრებ ავზთან მისი დაერთება დაგეგმა. სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 5 დეკემბერს, პროექტის ღირებულებამ 92.1 ათასი ლარი შეადგინა. 2017 წლის 29 აგვისტოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ მოწყობილი ახალი სისტემა არ ფუნქციონირებდა. მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ახალ სისტემაში წყალი დაბინძურებულია და სასმელად უვარგისია.

“2017 წლის მაისიდან სოფელ ზანავში მოწყობილი წყლის სისტემა მოვლა/პატრონობისთვის ა(ა)იპ “ბორჯომის სოფლის წყალს“ გადაეცა. მუნიციპალიტეტმა სასმელი წყლის ვარგისიანობის დასადგენად 2017 წლის 30 ივლისს ექსპერტიზა  ჩაატარა. ექსპერტის დასკვნით ირკვევა, რომ წყალი, რომლითაც ივსება სათავე ნაგებობა, ვარგისია სასმელად. მიუხედავად ამისა, სათავე ნაგებობიდან წყალშემკრებ ავზს დაბინძურებული წყალი მიეწოდება. ა(ა)იპ-ის დირექტორის განმარტებით, წყლის დაბინძურების მიზეზს წარმოადგენდა დაზიანებული მილები და არასათანადოდ მოწყობილი სათავე-ნაგებობა ა(ა)იპ-ის მიერ 14 სხვადასხვა მონაკვეთზე შეკეთდა დაზიანებული მილები, გაიწმინდა და დაიქლორა სათავე ნაგებობა.

მისივე განმარტებით, პროექტით სარგებლობისათვის ჩატარებული სამუშაოები არ არის საკმარისი, რადგან არასწორად მოწყობის გამო, სათავე-ნაგებობას სისტემატურად ესაჭიროება გაწმენდა და დაქლორვა. პრობლემის მოსაგვარებლად ის საჭიროდ თვლის სათავე ნაგებობაზე დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.

წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით, განსხვავებულია მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრება. მისი განმარტებით, სათავე ნაგებობაში წყლის დაბინძურება ხდება წვიმების გამო. პროექტზე არსებული ხარვეზების გამომწვევ რეალურ მიზეზებს, შეიძლება, წარმოადგენდეს სამუშაოების არასათანადო დაგეგმვა, უხარისხოდ შესრულება ან/და არასწორი მოვლა-პატრონობა. წყლის სისტემის გამოუყენებლობის მიზეზებთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიცია აქვთ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს.

თვითმმართველ ერთეულს არ შეუსწავლია წყლის დაბინძურების გამომწვევი რეალური მიზეზი და პრობლემის მოსაგვარებლად არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები. მუნიციპალიტეტმა არსებულ ხარვეზზე არასათანადო რეაგირებების გამო, ვერ უზრუნველყო დასახული მიზნების მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის წყალმომარაგებისათვის დაიხარჯა 92.1 ათასი ლარი, წყლის სისტემა გამოუყენებელია და მოსახლეობა შესრულებული სამუშაოებით ვერ სარგებლობს”,-წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.