თემის და ქალაქის გაერთიანების შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ააიპ-ების რაოდენობა 28-დან 10-მდე შემცირდა. ამის შესახებ სტატიას Livepress.ge ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, 2017 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მარტის თვეში გაასაჯაროვა, ქალაქ ზუგდიდის 11 ააიპ-ში 779 პირი მუშაობდა, თემის 12 ააიპ-ში კი 855, ჯამში 1634.
ყველაზე მეტი – 800 ადამიანია დასაქმებული “სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მართვის ცენტრში“. ინფორმაცია 2018 წლის თებერვლში “ლაივპრესმა“ მერიისგან მიიღო. გაერთიანებამდე თემსა და ქალაქში, იგივე ააიპ-ში ჯამში 691 პირი მუშაობდა, რაც 109 ადამიანით ნაკლებია დღევანდელ მონაცემზე. ცენტრის დირექტორს ხათუნა თოლორაიას სამი მოადგილე ჰყავს. აქედან, ელისო ჩემია ფინანსურ საკითხებს კურირებს. ყოფილი ხელმძღვანელი ელისო ყალიჩავა კი სააღმზრდელო საკითხებს, ხოლო ინეზა მურღულია საორგანიზაციო საკითხებს.
მეორე ადგილზე თანამშრომელთა რაოდენობით “ზუგდიდდასუფთავების ცენტრია“. აქ სულ 459 ადამიანი მუშაობს.
112 თანამშრომლით გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი “კეთილმოწყობის მართვის ცენტრში“. დღეს ეს ციფრი 284-ს შეადგენს, როცა შარშან, თემის და ქალაქის ააიპ-ებში ჯამში 172 ადამიანი მუშაობდა.