პრემიერი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს თვითმმართველობის რეფორმასა და რეგიონში განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა

450

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და რეგიონში განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა.

“ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. კარგად ვაცნობიერებთ ძირითად პრობლემას, რომ საზოგადოება ვერ ახერხებს ფილტრის როლი შეასრულოს, ვერ ახერხებს აკონტროლოს ხელისუფლება და ბოლო 20 წლის განმავლობაში რა პრობლემებიც გვქონდა ეს არის, რომ ჩვენ საკუთარი ქვეყნის მართვა ვერ ვისწავლეთ. ჩემი აზრით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ადგილობრივი თვითმართველობის გაძლიერება. ამისათვის, ჩვენ მოვახერხეთ და მთავრობაზე უკვე განვიხილეთ რეგიონული სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, უნდა იქნას შემუშავებული ადგილობრივი თვითმართველობის განვითარების გეგმა. რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება ორდონიანი, რეგიონული და მუნიციპალური თვითმართველობა, გაიზრდება თვითმართველი ქალაქების რაოდენობა და სოფლებისაგან თემები ჩამოყალიბდება, რომლის ბაზაზეც მუნიციპალიტეტები ფორმირდება. გარდა ამისა, 3500 სოფელში მმართველო საბჭოები შეიქმნება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, გაიზარდა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი.

“2013 წელს 200 მილიონი ლარია გამოყოფილი. გამჭვირვალე გახდება პროექტების წარდგენის და დაფინანსების პროცესები. სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე დამატებით 50 მილიონია გამოყოფილი, რაც ხიდების მოწყობას და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. გარდა ამისა, რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მთავრობა აგრძელებს იმ პროექტების გაგრძელებას, რაც წინა წლებში იყო დაწყებული და ასევე იწყებს ახალი პროექტების განხორციელებას, იგულისხმება მაგისტრალური გზების მშენებლობა და  ა.შ.”, – განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ რესურსი