ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის თქმით, კორპუსების სარდაფების 80%-ში წყალი დგას

380

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ევროპული საქართველოდან” მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ ქუთაისში მდებარე კორპუსების 80%-ში წყალი დგას, რაც შენობის მდგრადობას უქმნის საფრთხეს. ინფორმაციას kutaisi post-ი ავრცელებს.

მეშველიანი დასძენს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გაწეული ხარჯები არაფექტურია.

“თანადაფინანსების პროგრამა “კორპუსის” ფარგლებში, რომელსაც მერია ახორციელებს, მოსახლეობა, ძირითადად, ჩამდინარე წყლების პრობლემას აგვარებს.მაგალითად,  ხდება წყლის ან კანალიზაციის დაზიანებული მილის შეკეთება. რაც შეეხება, გრუნტის წყლებს, რომელიც კორპუსების 80%-ის სარდაფებში დგას, კვლავ პრობლემად რჩება, რადგან მოსახლეობას მისი ამოტუმბვა თანადაფინასების პროგრამითაც კი ძვირი უჯდება. შედეგად ვიღებთ იმას, რომ შენობებს ექმნება მდგრადობის პრობლემა”, – ამბობს მერაბ მეშველიანი.

“ევროპულმა საქართველომ”, ქუთაისის საკრებულოს უკვე წარუდგინა წერილობითი ინიციატივა, კორპუსებში არსებული პრობლემების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის შესახებ.