ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების პროექტზე შემოსულ განაცხადთა განმხილველი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
როგორც ბრიფინგზე დიმიტრი ქუმსიშვილმა თქვა, თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარებით 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ქვეყანა მიიღებს დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სულ განაცხადი შეიტანა ხუთმა კომპანიამ, რომელთა შორისაც საქართველოში რეგისტრირებულთა გარდა, არის კომპანიები ჩინეთიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და სხვ.
თბილისის ლოგისტიკური ცენტრის საინვესტიციო ღირებულებაა 95 მლნ აშშ დოლარი, ქუთასის ლოგისტიკური ცენტრისა კი – 73 მლნ აშშ დოლარი.
თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე კომისიაში შემოვიდა განაცხადები შემდეგი კომპანიებისგან:
- China State Construction Engineering Cooperation Ltd (ჩინეთი), Kerry Logistics Network Ltd (ჩინეთი, ჰონკონგი)
- Kolin Insaat A.S. (თურქეთი)
- Anaklia Development Consortium (TBC Holdings (საქართველო), Conti Group (აშშ), Egility (ქუვეითი)
- Medlog S.A. (შვეიცარია)
- Ltd Murphy Kazbegi LLC (საქართველო), Murphy Shipping and commercial Services Azerbaijan (აზერბაიჯანი)
ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე კომისიაში შემოვიდა განაცხადები შემდეგი კომპანიებისგან:
- China State Construction Engineering Cooperation Ltd (ჩინეთი), Kerry Logistics Network Ltd (ჩინეთი, ჰონკონგი)
- Kolin Insaat A.S. (თურქეთი)
- Anaklia Development Consortium (TBC Holdings (საქართველო), Conti Group (აშშ), Egility (ქუვეითი)
კომისიის სხდომაზე განაცხადები გახსნის შემდეგ დაილუქა. მათი შინაარსის გაცნობა და შეფასება თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების პროექტზე შემოსულ განაცხადთა განმხვილველი კომისიის წევრებს მიმდინარე წლის 5 თებერვლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეეძლებათ.
განაცხადებში ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მათ წარმომდგენებს მიეცემათ გონივრული ვადა გამოსასწორებლად.
პირველადი წინადადებების შესწავლის შემდეგ, კომისია ე.წ. „მოკლე სიას“ შეადგენს. მასში შემავალ კომპანიებს დაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებების წარმოდგენის შესახებ (RFP).
გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება 2018 წლის განმავლობაში. მშენებლობა საინვესტიციო კონტრაქტის ხელმოწერიდან, 18 თვეში უნდა დაიწყოს. თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა 5 წელიწადში უნდა დასრულდეს, თუმცა ცენტრები ფუნქციონირებას პირველივე ეტაპზე, პირველივე წელს უნდა შეუდგნენ.