“თვითმმართველობის საზოგადოებასთან სიახლოვის მონიტორინგი“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელზეც საზოგადოება “ბილიკი“ “ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებასთან“ ერთად მუშაობს. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
პრეზენტაცია დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა.
შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე, საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და საზოგადოება “ბილიკის”წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერითა და კონსორციუმ “კონრად ადენაუერის ფონდის“ ხელმძღვანელობით ხორციელდება. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
პროექტი, რომელიც ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული, საზოგადოებრივი ჩართულობისა და საზოგადოებასთან სიახლოვის კუთხით, თვითმმართველობის მონიტორინგს ისახავს მიზნად.