შეხვედრა სტუდენტებთან

457

პროექტის “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა” ფარგლებში, „რეგიონის განვითარების ცენტრმა გორში მცხოვრებ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. სტუდენტებთან შეხვედრაზე განიხილეს საზოგადოებრივი თვითმმართველობის კონცეფცია.

შეხვედრაზე დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა შედიოდეს საზოგადოებრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებში, რა შეიძლება იყოს ადგილობლრივი თვითმმართველობის ვალდებულებები, როგორ უნდა განისაზღვროს საზოგადოებრივი თვითმმართველობის არეალი, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადა, სტატუსი და შექმნის წესი და რა ვადით უნდა ირჩეოდნენ საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები?!
გამოითქვა მოსაზრება, რომ საზოგადოებრივ თვითმმართველობების უფლებამოსილებებში უნდა შედიოდეს ყველა ის საკითხები და პრობლემები, რომელიც არ შედის ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციაში და უშუალოდ ეხება სოფლის, ქალაქის მოსახლეობას.
ჯგუფის ერთმა ნაწილმა გამოთქვა აზრი, რომ საზოგადოებრივი საბჭო ძირითადად უნდა ექვემდებარებოდეს გამგეობას და კანონი უნდა განსაზღვრავდეს მის ფუნქციებს, მისი შექმნის წესს, ვადას და სტატუსს. მათი თქმით, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალიც კი ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული კანონის მიერ. ხოლო, მეორე ნაწილის აზრით საზოგადოებრივი თვითმმართველობები არაფორმალური ფორმით უნდა არსებობდეს, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები, სოფლის თუ ქალაქის მცხოვრებლები, შეთანხმების საფუძველზე თავად განსაზღვრავენ საბჭოს უფლებებს (რა თქმა უნდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაში), თუ როგორ უნდა ირჩეოდეს საბჭოს თავმჯდომარე და წევრები, რა პრინციპის გათვალისწინებით არის შესაძლებელი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენება და ექნება თუ არა მას ხელფასი, თუ მოხალისეობრივ საწყისებზე შეასრულებს საქმეს.

შეკითხვაზე, თუ როგორ და რა ვადით უნდა ავირჩიოთ საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები, გამოიკვეთა ორი ვარიანტი :

 

1) კანონში იყოს გაწერილი ვადა, რომლითაც აირჩევა საზოგადოებრივი თვითმმართველობების ორგანოები და

 

2) თავად მოსახლეობამ, მოქალაქეებმა განსაზრვრონ რა ვადით უნდა აირჩეს საზოგადოებრივი საბჭო.
სხვა მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები და კითხვები ჯგუფში არ დაფიქსირებულა.
 

პროექტს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.