შეხვედრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

429

პროექტის “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა” ფარგლებში, „რეგიონის განვითარების ცენტრმა კახეთის რეგიონში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს საზოგადოებრივი თვითმმართველობის კონცეფცია.
დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა შედიოდეს საზოგადოებრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებში, რა შეიძლება იყოს ადგილობლრივი თვითმმართველობის ვალდებულებები, როგორ უნდა განისაზღვროს საზოგადოებრივი თვითმმართველობის არეალი, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადა, სტატუსი და შექმნის წესი და რა ვადით უნდა ირჩეოდნენ საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები?!
 

ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ მოსახლეობამ თავად უნდა განსაზღვროს საზოგადოებრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები. მათი თქმით, შესაძლებელია ერთ მუნიციპალიტეტშიც კი ყველა სოფელს განსხვავებული პრობლემები ჰქონდეს და ამ პრობლემების გადაწყვეტაზე თავად ხალხმა უნდა იმსჯელოს.
ახალგაზრდებმა ყურადღება მოსახლეობის პასიურობაზეც გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ზოგი მოუცლელობის გამო, ზოგიც ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გამო არ დადის შეხვედრებზე. ასევე ფიქრობენ, რომ სოფლის კრებაზე მისვლა ცვლილებებს ვერ გამოიწვევს და გადაწყვეტილებებს ნებისმიერ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება მიიღებს, მათი სათქმელი კი გათვალისწინებული არ იქნება. მათივე თქმით, სოფლის საკითხების გადაწყვეტის საქმეში ხალხის დაბალ ჩართულობას ინფორმაციისა და ცოდნის ნაკლებობა განაპირობებს. თუ ერთი მაგალითი მაინც იქნება, რომ მოსახლეობის მიერ დაყენებული საკითხი დადებითად გადაწყდა, ნდობა და აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
შეხვედრის მონაწილეების აზრით, ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს სოფლისა და ქალაქის საზოგადოებრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. ისმენდეს მათ პრობლემებს და აბარებდეს ანგარიშებს. მოსახლეობას მის მიერ წერილობით დაყენებულ საკითხს კიპასუხი 10 დღის ვადაში უნდა გაცსეს.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი თვითმმართველობის არეალი თავად მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს, რადგან მათ უკეთ იციან თავიანთი სოფლის სპეციფიკა, უბნების სიდიდე და ადგილი.
შეხვედრის მონაწილეების აზრით, საზოგადოებრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადა უნდა ემთხვეოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ციკლს, მაგალითად, 2 წლიანი იყოს საბჭო რომელსაც სოფელში აირჩევენ, ორი წლის შემდეგ კი შეიცვალოს ახალი საბჭოთი, მესამე საბჭოს არჩევა კი მოხდეს თვითმმართველობის არჩევნების დროს. მათი აზრით, აღნიშნული ვადები და პროცედურები კანონით უნდა იყოს განსაზღვრული, რათა ყველა მუნიციპალიტეტისთვის და ყველა სოფლისთვის ერთი წესი არსებობდეს და თავიდან იქნას აცილებული ვადებსა და პროცედურებთან დაკავშირებული ქაოსი და გაუგებრობა.
მონაწილეები თანმხდებიან, რომ თავმჯდომარის კანდიდატურა უბნის წარმომადგენლმა უნდა განიხილოს თავის უბანში და ხალხის თანხმობის შემთხვევაში დაუჭიროს მხარი საბჭოს სხდომაზე. გამოითქვა მოსაზრება, რომ თავმჯდომარეობა უნდა იყოს როტაციული და რამდენიმე თვეში ერთხელ უნდა შეიცვალოს. საბჭოსა და თავმჯდომარის მუშაობა კი არ უნდა იყოს ანაზღაურებადი.
შეხვედრაზე ჯგუფში მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები და კითხვები არ დაფიქსირებულა.
პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ ახორციელებს.