გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში “საქართველოს სასოფლო დარბაზმა” შეხვედრები გამართა

463

კამპანიის “თვითმმართველობის დროა” ფარგლებში “საქართველოს სასოფლო დარბაზი” გურიის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის სოფლებში მართავს შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. სასოფლო დარბაზის წევრებმა უკვე 16 ასეთი შეხვედრა გამართეს.

შეხვედრებზე მოსახლეობასთან განხილული იქნა საზოგადოებრივი თვითმმართველობის კონცეფცია.
კერძოდ, მოსახლეობის ჩართულობის დამატებითი ფორმების შექმნის საჭიროება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრა, მათი სტატუსი, შექმნის წესი და სტრუქტურა.
აღნიშნული შეხვედრები იმართება პროექტის “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა” ფარგლებში, რომელსაც ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
პროექტის მიზანია მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით გადაიხედოს მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმები და მომზადდეს „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის“ შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.