სამოქალაქო განვითარების სააგენტო შეხვედრებს განაგრძობს

351

კამპანია ,,თვითმმართველობის დროა“ ფარგლებში ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტომ“ (CiDA) 14-17-18 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა გარდაბნის, ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრაზე განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი მექანიზმის შექმნის საკითხი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. კერძოდ, შეხვედრებზე განხილულ იქნა მოსახლეობის ჩართულობის დამატებითი ფორმების შექმნის საჭიროება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრა, მათი სტატუსი, შექმნის წესი და სტრუქტურა.

აღნიშნული შეხვედრები იმართება პროექტის “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა” ფარგლებში, რომელსაც ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. ფონდის ერთ-ერთი პარტნიორია ,,სიდა.“

პროექტის მიზანია მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით გადაიხედოს მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმები და მომზადდეს „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის“ შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.