შეხვედრა თელავში

484

კამპანიის “თვითმმართველობის დროა” ფარგლებში, „ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრმა“ (CTC) და „სათემო განვითარების ცენტრმა“(CDC) თელავში ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდა გამართეს. შეხვედრას 11 სათემო ორგანიზაცია ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეები აქტიურობით და მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდნენ.
შეხვედრაზე დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა შედიოდეს საზოგადოებრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებში, რა შეიძლება იყოს ადგილობლრივი თვითმმართველობის ვალდებულებები, როგორ უნდა განისაზღვროს საზოგადოებრივი თვითმმართველობის არეალი, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადა, სტატუსი და შექმნის წესი და რა ვადით უნდა ირჩეოდნენ საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები?! გამოითქვა მოსაზრება, რომ სოფლის საბჭოს უფლებამოსილებაში დამატებით შეიძლება შედიოდეს სოფლის სკვერების, პარკების მოვლა, სასმელი და სარწყავი წყლის განაწილების (გრაფიკის) რეგულირება. მათი თქმით მოსაწესრიგებელია სოფლის ტყეებისა და საძოვრების საკითხიც. იმის გამო, რომ ტყეების დიდი ნაწილი კერძო მესაკუთრეებისაა, მოსახლეობას ხშირად ტყეში შესვლის და სოკოს დაკრეფის შესაძლებლობაც არ აქვს. ტრადიციულად არსებობდა სოფლის კუთვნილი ტყეები და ეს ტყეები ისევ სოფელს უნდა ეკუთვნოდეს. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტყეებში ჭრის უფლება ლაგოდეხის სოფლებს აქვთ და პირიქით. შეხვედრის მონაწილეები თანხმდებიან, რომ საბჭომ უნდა იზრუნოს იმ საკითხების მუნიციპალიტეტამდე მიტანაზე, რაც მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა. ასევე მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა სოფელში ნაგვის გატანა და და მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელები. დამსწრეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საბჭოები უნდა იყოს ნებაყოფლობითი და ჰქონდეს ბიუჯეტი, რომელსაც თვითონ გაანაწილებენ. მონაწილეთა ნაწილის აზრით, საბჭო ყველგან უნდა შეიქმნას და ეს კანონმა დაარეგულიროს, ხოლო ნაწილი ფიქრობს, რომ მხოლოდ იქ შეიქმნას, სადაც ამის სურვილი იქნება.მათი თქმით, საბჭოს ვალდებულება შეიძლება იყოს სოფლის პროგრამისთვის პრობლემების იდენტიფიკაცია, მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის სათანადო კომუნიკაციის უზრუნველყოფა და შემდეგ სახელმწიფო პროექტების განხორციელების პროცესის მონიტორინგიც. ისინი საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების, ისევე როგორც საბჭოს თავმჯდომარის 2 წლის ვადით არჩევას ემხრობიან. თავმდჯომარის ხელფასთან დაკავშირებით კი აზრი ორად გაიყო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მაჟორიტარ დეპუტატებსაც. აღსანიშნავია, რომ ზოგადად კრიტიკული დამოკიდებულება დაფიქსირდა მაჟორიტარებისა და სოფლის რწმუნებულების (ასევე მისი აპარატის) მიმართ, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მაჟორიტარი და რწმუნებული სოფელს სრულიად მოწყვეტილნი არიან.
მონაწილეების აზრით უნდა არსებობდეს მუნიციპალური ბიუჯეტის ფონდი სამოქალაქო ინიციატივების დასაფინანსებლად და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანადაფინანსებისათვის. ასეთი ფონდიდან დაფინანსება სოფლისათვის შეიძლება საბჭომაც მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭოს საქმიანობას რეალური შედეგი ვერ მოყვება.