სამუშაო შეხვედრები ბოლნისში, სენაკში, ქუთაისსა და რუსთავში ჩატარდა

413

5, 6, 7 და 10 ნოემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატის საერთაშორისო საზოგადოებამ“ კამპანიის „თვითმმართველობის დროა“ ფარგლებში ბოლნისში, სენაკში, ქუთაისსა და რუსთავში ადგილობრივ თვითმმართველბის ორგანოების მაგიდები ჩაატარა. შეხვედრებს ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობის და მერიის წარმომადგენლები.
შეხვედრებზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი მექანიზმის შექმნის საკითხი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. შეხვედრებზე განხილულ იქნა მოსახლეობის ჩართულობის დამატებითი ფორმების შექმნის საჭიროება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრა, მათი სტატუსი, შექმნის წესი და სტრუქტურა.
შეხვედრაზე მონაწილეები გამოირჩეოდნენ აქტიურობით. მათ აუცილებლად მიაჩნიათ და მიესალმებიან მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურებას თვითმმართველობის პროცესებში.
აღნიშნული შეხვედრები იმართება პროექტის “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა” ფარგლებში, რომელსაც ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
პროექტის მიზანია მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით გადაიხედოს მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმები და მომზადდეს „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის“ შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.