შეხვედრა მესტიაში

466

კამპანია “თვითმმართველობის დროა” ფარგლებში, „ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრმა“ (CTC)  და  „სათემო განვითარების ცენტრმა“(CDC) მესტიაში ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდა გამართეს. მესტიაში შეხვედრას 14 ორგანიზაცია ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეები აქტიურობით და მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდნენ.

 

შეხვედრაზე დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა შედიოდეს საზოგადოებრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებში, რა შეიძლება იყოს ადგილობლრივი თვითმმართველობის ვალდებულებები, როგორ უნდა განისაზღვროს საზოგადოებრივი თვითმმართველობის არეალი, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადა, სტატუსი და შექმნის წესი და რა ვადით უნდა ირჩეოდნენ საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები?!

 

შეხვედრის მონაწილეები თანხმდებიან,  რომ საზოგადოებრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებაში უნდა შედიოდეს დასახლების კეთილმოწყობა, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, სოფლის საერთო (სათემო) საკუთრების მართვა, სოციალურად დაუცველ პირთა დახმარება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისას  პროგრამით გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიმართულების განსაზღვრა.

გამოითქვა მოსაზრება, რომ სოფელს უნდა ჰქონდეს საკუთარი თანხები აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისთვის,  რადგან ასეთ შემთხვევაში  მეტი ჩართულობით და ენთუზიაზმით მოეკიდებოდა სოფლის პრობლემების ადგილზე მოგვარებას; მათი თქმით, სოფელმა უკეთ იცის ადგილზე არსებული პრობლემების შესახებ და შესაბამისად შეძლებს უფრო გონივრულად განკარგოს გამოყოფილი თანხა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ СBO-ების წარმომადგენლებისგან შემდგარი საზოგადოებრივი დარბაზი ან მრჩეველთა საბჭო მუნიციპალიტეტის გამგებელთან იქნება მოსახლეობის თანამონაწილეობის ძალზე ეფექტური მექანიზმი.

მესტიის შემდეგ შეხვედრას „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“, “სათემო განვითარების ცენტრთან“ ერთად 8 ნოემბერს თელავში გამართავს. შეხვედრას დაესწრება კახეთის 10-ზე მეტი სათემო ორგანიზაცია.

 

აღნიშნული შეხვედრები იმართება პროექტის “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა” ფარგლებში, რომელსაც ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

პროექტის მიზანია მოქალაქეების, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით გადაიხედოს მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმები და მომზადდეს „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის“ შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.
პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უკვე შემუშავდა კონცეფციის დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან კონსულტაციების შემდეგ ახალ კანონპროექტს დაედება საფუძვლად.
შეხვედრებისა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სიახლეები და სხვა დამატებითი ინფორმაცია განახლდება ვებგვერდზეwww.droa.ge. სიახლეებს ასევე შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ პროექტის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე: თვითმმართველობის დროა.