საგარეჯოს ქალაქად აღიარების მე-60 წლისთავის აღსანიშნავად მოსახლეობა “ქალაქობანას” ითამაშებს

398

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით საგარეჯოში ინტელექტუალური და გასართობი თამაში “ქალაქობანა“ გაიმართება, რომელიც საგარეჯოს ქალაქად აღიარების მე-60 წლისთავს მიეძღვნება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და თავისუფალი დროის სწორად გამოყენება. თამაში გუნდური სახით წარიმართება.

თამაშის პირობები ასეთია:

  • თამაში წარიმართება ღია ცის ქვეშ და მოიცავს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციას;
  • თამაშის დასაწყისში თითოეულ გუნდს გადაეცემა მათთვის განკუთვნილი ფერადი დროშები, რომელზეც გამოსახული იქნება თამაშის ლოგო;
  • თამაშის პრინციპია გუნდური თამაში;
  • გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 5 მონაწილისგან;
  • მონაწილეთა ასაკი განისაზღვრება 18 წლიდან და ზევით;
  • ყველა მონაწილე გუნდი გავა ერთი საწყისი წერტილიდან;
  • თითოეულ გუნდს მიეცემა მათთვის განკუთვნილი სამოქმედო გეგმა;
  • გუნდის მიზანია ამოიცნოს მინიშნება და გადავიდეს შემდეგ ეტაპზე;
  • გამარჯვებულა ითვლება ის გუნდი, რომელიც პირველი მიიტანს მინიშნებას დანიშნულების ადგილზე;
  • გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ფულადი ჯილდო 2000 ლარის ოდენობით;
  • თამაშის ხანგრძლივობა 3 საათი;
  • თითოეულ გუნდს გაჰყვება კოორდინატორი, რომელიც თამაშის პერიოდში განახორციელებს პირდაპირ ჩართვებს სოციალურ ქსელში თამაშის გვერდზე;
  • გუნდს ეყოლება კაპიტანი, ერქმევა სახელი და სასურველია ჰქონდეს სიმბოლიკაც

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სამსახურის რეკომენდაციით, მონაწილეებისთვის სასურველია საგარეჯოს ისტორიის ცოდნა.

როგორც ახალგაზრდული სამსახურის თანამშრომელი ნინო ესაიაშვილი აცხადებს, მსგავსი სახის ღონისძიება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში პირველად ხორციელდება და პირველ ეტაპზე თამაშში მონაწილეობა მხოლოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეეძლება. მისივე თქმით, თამაში, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში ჩატარდება.

მონაწილეობის მსურველებს 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ განაცხადი ახალგაზრდული სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე  axalgazrduli.samsaxuri@gmail.com-ზე გაგზავნონ.