საქართველოში კურორტების განვითარების სააგენტო დაფუძნდება

351

საქართველოში კურორტების განვითარების სააგენტო დაფუძნდება. სააგენტო ფუნქციონირებას მიმდინარე წლის ივლისში დაიწყებს. ინფორმაციას ბიზნეს პარტნიორი ავრცელებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, სააგენტოს ძირითადი ამოცანები იქნება ბალნეოლოგიური კურორტების, ასევე მთის კურორტების და სხვა საკურორტო ადგილების განვითარება/ხელშეწყობა; ახალი, პოტენციური კურორტების კვლევა/შესწავლა და შესაბამისი გენგეგმების მომზადება; აღნიშნული ადგილების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა და განვითარების ხელშეწყობა; ამ მიმართულებებით ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვისათვის სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა, პროცესის ხელშეწყობა.

„ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რასაც მოყვება შემოსავლების ზრდაც. თავის მხრივ, დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია კურორტების განვითარება, რომელიც აქტიურად იზიდავს ტურისტს ქვეყანაში“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, ქვეყანაში 300-მდე კურორტი და საკურორტო ადგილია, შესაბამისად, კურორტების განვითარებაზე ზრუნვა და ქვეყნის საკურორტო პოტენციალის სრულად ათვისება, საქართველოსთვის ეკონომიკის დამატებით სტიმულაციის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

“მნიშვნელოვანია, ასევე, რომ საქართველოში საკურორტო ზონების განვითარება, მათი მდებარეობის გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე, დეცენტრალიზებულად განავითარებს არა მხოლოდ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრს, არამედ, მცირე ზომის დაბებსა და დასახლებებსაც, სადაც სხვა შემთხვევაში, განვითარების გარკვეული დონის მისაღწევად ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი საბიუჯეტო სახსრების მობილიზება ხდება საჭირო“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათი თქმით, არსებული საკურორტო პოტენციალის ანალიზიდან იკვეთება, რომ განსაკუთრებით აქტიურადაა სამუშაოები გასაწევი ბალნეოლოგიური მიმართულებით, ვინაიდან, სამასამდე საკურორტო ადგილიდან, ნახევარზე მეტი სწორედ ბალნეო და ბალნეოკლიმატური ტიპისაა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამთო და ბალნეოლოგიური კურორტები თავისთავად წარმოადგენს სპორტული და რეკრეაციული ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს და ამ მხრივ საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია.

„ბოლო 3 წლის განმავლობაში, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უდიდესი გამოწვევის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი რჩება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, რომლის სწრაფ აღდგენას ცდილობს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა, რადგან ამ სექტორში აკუმულირდება კერძო შემოსავლები, რასაც ეკონომიკური დივერსიფიკაციის თვალსაზრისით სრულიად განსხვავებული დატვირთვა აქვს. შესაბამისად, კურორტების განვითარება, საქართველოს ტურიზმისთვის განახლებული ბიძგის მიცემა და საერთაშორისო ტურისტის არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი ზრდის უზრუნველყოფა, იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის მდგრადი განვითარების გზაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და დასახელებული მიზნების ეფექტურად შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დაფუძნება“, – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.