ირმა ინაშვილი, ლევან ვასაძე, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი – პარტიული ნომენკლატურა მუნიციპალიტეტების საპატიო მოქალაქეებად

2363

ავტორები: მაგდა პოპიაშვილი; ანანო გოშაძე

ირმა ინაშვილი, ლევან ვასაძე, სოზარ სუბარი, გიორგი გახარია, მამუკა ბახტაძე, მაია ცქიტიშვილი, ირაკლი ქარსელაძე და კიდევ არაერთი მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეა. მათ ეს სტატუსი 2013 წლის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა მიანიჭეს და წესით, მუნიციპალიტეტის ან ქვეყნის ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უნდა მიეღოთ, თუმცა, კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის კონკრეტულ წლებში მინიჭებული ეს სტატუსი გვაფიქრებინებს, რომ მერების ეს გადაწყვეტილებები სუბიექტურია და ის ობიექტურ კრიტერიუმებს არ ეფუძნება. უფრო მეტიც – სავარაუდოდ, ამ ადამიანებმა საპატიო მოქალაქეობა პოლიტიკური თანამდებობის, ან პოლიტიკური თანამდებობის პირთან დაახლოებული მდგომარეობის გამო მიიღეს და, რომ არა ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესები, დღეს, შესაძლოა, ზოგი მათგანისთვის ეს სტატუსი, “უღირსობის” მოტივით, ჩამოერთმიათ კიდეც. აღსანიშნავია, რომ იმ 40 პოლიტიკოსიდან, რომლებსაც “საპატიო მოქალაქის” წოდება აქვთ მინიჭებული, 35 “ქართული ოცნების” წევრია და მხოლოდ ხუთია სხვა პარტიის წარმომადგენელი.

ვის შეიძლება მიენიჭოს “საპატიო მოქალაქის” სტატუსი?

პირისთვის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებაა, თუმცა, წესის დადგენა საკრებულოს ევალება. წესები კი ყველა მუნიციპალიტეტში, ფაქტობრივად, იდენტურია: ეს წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის, უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს კი – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და კონკრეტული მუნიციპალიტეტის წინაშე.

ვის შეუძლია ამ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენება?

ეს საკითხი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვაგვარადაა დარეგულირებული. მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში ინიციატორები შესაძლებელია იყვნენ: მერი, საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს წევრების 1/3, საზოგადოებრივი გაერთიანებები, პროფესიული და შემოქმედებითი კავშირები და ორგანიზაციები… გარკვეულ მუნიციპალიტეტებში ეს შესაძლებლობა აქვთ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში (მაგ. ხარაგაული, საჩხერე, გარდაბანი და სხვა) და სახელმწიფო რწმუნებულსაც კი (მაგ. ხარაგაული, სამტრედია).

რაც შეეხება მოქალაქეებს, არაერთ მუნიციპალიტეტში ამის შესაძლებლობა საინიციატივო ჯგუფებსაც აქვთ მინიჭებული, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერების შეგროვებას შეძლებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ეს უფლება მხოლოდ ქაღალდზე აქვთ მინიჭებული და მის რეალიზებას მხოლოდ იმის გამო ვერ შეძლებენ, რომ ამდენ ხელმოწერას ვერ შეაგროვებენ. მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტში საინიციატივო ჯგუფს მერიისთვის საპატიო მოქალაქის კანდიდატურის წარდგენა რომ მოუნდეს, ამისათვის 1211 მოქალაქის ხელმოწერა უნდა მოაგროვოს, რუსთავში – 1200, ზუგდიდში – 1000, ქუთაისში – 1352 და ა.შ. 

რამდენიმე მუნიციპალიტეტი (მაგ. გორი) ამ შესაძლებლობას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსაც ანიჭებს, რაც, ცხადია, კარგი პრაქტიკაა.

ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას?

ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მერი იღებს – მას ეს უფლებამოსილება “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით” აქვს მინიჭებული, თუმცა, კანდიდატურებს განიხილავს და მერს რეკომენდაციით მიმართავს სპეციალური ორგანო, რომელსაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში “პატივგების კომისია” ან “ჰუმანიტარულ საკითხთა კომისია” ჰქვია, ზოგიერთში – სამუშაო ჯგუფი, ზოგიერთში – საკონსულტაციო საბჭო, ან საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი საბჭო. ყველა მათგანი კი, უმეტესად, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებითა და საჯარო მოხელეებით არის დაკომპლექტებული. ბათუმში კი, საკონსულტაციო საბჭოში, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების გარდა, 1/3 აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებიც შედიან.

პარტიული ნომენკლატურა საპატიო მოქალაქეებად

საპატიო მოქალაქეების არჩევის ტრადიცია ახალი არ არის და ის სათავეს საბჭოთა საქართველოდან იღებს. პირველად საპატიო მოქალაქეები თბილისსა და ქუთაისში 1979 წელს აირჩიეს. თბილისის პირველი საპატიო მოქალაქეები იყვნენ: ლადო გუდიაშვილი (საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი), აკაკი შანიძე (ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი) კონსტანტინე ილურიძე (ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელი) და შუშანა ჩიქოვანი (საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი). პირველი საპატიო ქუთაისელი კი პოეტი და აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე გამხდარა.

საინტერესოა, რომ თბილისის საპატიო მოქალაქეთა სიაში, 1979 წლიდან დღემდე, პარტიული ნომენკლატურა, პრაქტიკულად, არ გვხვდება. ერთადერთი გამონაკლისია ედუარდ შევარდნაძე, რომლისთვისაც ეს სტატუსი 1985 წელს, მისი სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრობისას მიუნიჭებიათ. ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად საინტერესოა, თუ ტოტალიტარული რეჟიმის დროსაც კი შეიძლებოდა ეს ტიტული პარტიულ ნომენკლატურას არ მინიჭებოდა, რა დამსახურების გამო ანიჭებენ დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში, მას კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელ, ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობის პირებს აუცილებლად იმ დროს, როცა ისინი თანამდებობებზე არიან.

მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ 2013 წლიდან დღემდე:

  • 64 მუნიციპალიტეტიდან ცხრას – წალკას, ახალქალაქს, სამტრედიას, ჩოხატაურს, ქარელს, ხელვაჩაურს, კასპს, ყაზბეგსა და დუშეთს 2013-2021 წლებში საპატიო მოქალაქეები არ აურჩევიათ;
  • 64 მუნიციპალიტეტიდან 20-მა საპატიო მოქალაქის წოდება პოლიტიკოსებსა და თანამდებობის პირებს მიანიჭა. მათგან მხოლოდ 5 არ არის “ქართული ოცნების” წევრი.
  • 64 მუნიციპალიტეტში, ჯამში, საპატიო მოქალაქეობა 40 პოლიტიკურ ფიგურასა და ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირს, ან მისი ოჯახის წევრს აქვს მინიჭებული;
  • 20 “საპატიო მოქალაქე” თანამდებობის პირი პოლიტიკური პარტიის შემომწირველია: 12 – “ქართული ოცნების”; 2 – “ქართული ოცნების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”; 3 – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”; 1 – “ქართული ოცნების” და “თავისუფალი დემოკრატების”, ხოლო 2 – “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსი”.

პოლიტიკური ფიგურებისთვის თუ თანამდებობის პირებისთვის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა, ამან ტენდენციის სახე 2016 წლიდან მიიღო.

ერთდროულად ორი მუნიციპალიტეტის – ფოთისა და წყალტუბოს საპატიო მოქალაქეა სოზარ სუბარი. ფოთის საპატიო მოქალაქე ის 2017 წელს გახდა, ხოლო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის – 2019 წელს. სუბარი 2017 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი იყო, 2019 წელს კი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში. ის, ასევე, მმართველი პარტიის – “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრია.

ფოთს საპატიო მოქალაქედ კიდევ ერთი პოლიტიკური ფიგურა ჰყავს – ავთანდილ თალაკვაძე. ის ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, თუმცა, 2019 წელს, როცა მას ეს წოდება მიენიჭა, ის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის პოსტს იკავებდა. ავთანდილ თალაკვაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, არჩილ თალაკვაძის ძმაა. წყალტუბოელთა ანგარიშზე კი კიდევ ერთი თანამდებობის პირი – ზაზა სოფრომაძეა. სოფრომაძე ამ მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქედ 2015 წელს აირჩიეს, როდესაც ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. სხვათაშორის, ის 2011-2013 წლებში ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” შემომწირველი იყო – ამ პარტიას მან ჯამში 16 643 ლარი შესწირა.

ყველაზე უხვპოლიტიკოსიანი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, ამ მუნიციპალიტეტის პირველ პირებს განსაკუთრებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალჩინოსნები ხიბლავენ, თუმცა, არც სხვა მინისტრები რჩებათ უყურადღებოდ. მაგალითად, 2021 წელს ზესტაფონის საპატიო მოქალაქის ტიტული 18 ადამიანს მიანიჭეს და აქედან 10 ან მინისტრი, ან მოადგილე, ან რომელიმე საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელია. სწორედ ამ წელს ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: მაია ცქიტიშვილი და ირაკლი ქარსელაძე – ინფრასტრუქტურის ყოფილი და მოქმედი მინისტრები, “ქართული ოცნების” დამფუძნებლები და პოლიტიკაში მოსვლამდე ბიძინა ივანიშვილის “ქართუს” დირექტორები; ილია ბეგიაშვილი, მზია გიორგობიანი და კობა გაბუნია – ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, ირაკლი თოფურია – ამავე სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განხორციელებული პროექტების დეპარტამენტის უფროსი და გიორგი შენგელია – ამავე სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციის – მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

ამავე წელს ზესტაფონის საპატიო მოქალაქე გახდა კიდევ ორი მინისტრი და ერთი ყოფილი დეპუტატი – თეა წულუკიანი (ვიცეპრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, რომელსაც 2013 წელს “ქართული ოცნებისთვის” 10 000 ლარი შეუწირავს), მიხეილ ჩხენკელი (განათლებისა და მეცნიერების მინისტრი) და ენძელა მაჭავრიანი, მე-9 მოწვევის პარლამენტარი და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ზესტაფონის მაღალჩინოსნებისადმი სიყვარული ამით არ სრულდება. აღმოჩნდა, რომ 2019 წელს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: იოსებ ხახალეიშვილი, რომელიც იმხანად იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო, ახლა კი ქუთაისის მერია და შარშანდელ თვითმმართველობის არჩევნებზე, როცა თავადვე კენჭს იყრიდა, საკუთარი პარტიისთვის 10 000 ლარი შეუწირავს; დიმიტრი მხეიძე, იმ დროისთვის პარლამენტის მოქმედი წევრი, რომელსაც, ამავდროულად, 2016 წელს მშობლიური “ქართული ოცნებისთვის” 50 000 ლარიც შეუწირავს და ვასილ გველესიანი, რომელიც, მართალია, მაშინ “ჯორჯიან მანგანეზის” გენერალური დირექტორი იყო, თუმცა, ახლა ის ამავე მუნიციპალიტეტის მერია. გველესიანი, ასევე, “ქართული ოცნების” სტაჟიანი შემომწირველიცაა – 2018, 2020 და 2021 წლებში მას “პოლიტიკური ქველმოქმედებისთვის” 130 000 ლარი გაუმეტებია.

კიდევ უფრო ადრე, 2017 წელს, ზესტაფონის საპატიო მოქალაქე ასევე პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან”, ბეჟან წაქაძე გამხდარა. ისიც “ოცნების” დამფინანსებელთა სიიდანაა – წაქაძეს 2018 წელს მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია 60 000 ლარით დაუფინანსებია.

როგორც ირკვევა, გასულ წლებში არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სხვა მინისტრები და მათი მოადგილეები დაჩაგრულან. მაგალითად, ნოდარ ჯავახიშვილი სიღნაღისა და რუსთავის საპატიო მოქალაქეა (მას 2012-2014 წლებში “ქართული ოცნებისთვის” 97 000 ლარი შეუწირავს), ხოლო დავით შავლიაშვილი – გურჯაანის.

ბოლნისის საპატიო მოქალაქეა ილია დარჩიაშვილიც, რომელიც ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრია, თუმცა, მანამდე ის ხან ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ხან – პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ხანაც – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. დარჩიაშვილს ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება 2019 წელს მიანიჭეს. როგორც მერია იუწყება, “სწორედ მისი დამსახურებაა აზიის განვითარების ბანკის მიერ ბოლნისის კანალიზაციის სისტემის პროექტის გრანტით დაფინანსება. მის სახელს უკავშირდება ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტით სხვადასხვა მიმართულებებში ინვესტორების დაინტერესება და ინვესტიციების მოზიდვა, ბოლნისში გლობალური, მასშტაბური და აქტუალური პროექტების განხორციელება”. ამ დახასიათებიდან იკვეთება, რომ ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში საქმიანობის დროინდელი დამსახურების, უფრო კი – საკუთარი უფლებამოსილებების შესრულების გამო დაჯილდოვებულა.

საპატიო მოქალაქეობა ორ ყოფილ პრემიერსაც ერგო. გიორგი გახარია, 2018 წლიდან, ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქეა, ხოლო მამუკა ბახტაძე, 2019 წლიდანხონის საპატიო მოქალაქე. 2018 წელს გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერი იყო. მერის ბრანებაშიც სწორედ ასე წერია: “წარმოშობით ჩხოროწყუელი, შს მინისტრი და ვიცეპრემიერი” – სხვა დამსახურება მითითებული არ არის. მამუკა ბახტაძის მთელი დამსახურება კი ის იყო, რომ ის იმ დროისთვის ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა. ალბათ, გახსოვთ, რომ “ოცნების” ყოფილმა პრემიერმა 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” 20 000 ლარი შესწირა.

ჩხოროწყუელებს ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერის გარდა, საპატიო მოქალაქედ ყოფილი თავდაცვის მინისტრიც აურჩევიათ – ლევან იზორიას საპატიო ჩხოროწყუელის ტიტული 2016 წელს მიანიჭეს. ახლა ის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია გერმანიაში.

ხონის საპატიო მოქალაქეები კი ასევე არიან დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელსაც ეს წოდება 2015 წელს მიანიჭეს (მას საკუთარი პარტიისთვის 2012-2021 წლებში 334 775 ლარი აქვს შეწირული), ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ამჟამინდელი დეპუტატი დავით სერგეენკო  და აგრეთვე, განათლების მოქმედი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც, ზესტაფონელების მსგავსად, ხონელებსაც დაუჯილდოვებიათ. ამ ორს საპატიო ხონელობა 2018 წელს ერგო. 2019 წლიდან ამავე ტიტულს ატარებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც, რომელიც, ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, სწორედ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი, პოლიტიკაში მოსვლამდე კი “ქართუ ჯგუფის” გენერალური დირექტორი იყო. 2012-2016 წლებში ლილუაშვილს “ქართული ოცნებისთვის” 23 300 ლარი აქვს შეწირული.

რაღა თქმა უნდა, ხონელების მსგავსად, ლილუაშვილს ღვაწლი ვანელებმაც დაუფასეს და იმავე წელს სუს-ის უფროსი ვანის საპატიო მოქალაქეც გახდა. ერთი წლით ადრე კი, 2018 წელს, ვანის საპატიო მოქალაქეობა მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრსა და ვიცეპრემიერს, მიხეილ ჯანელიძესაც ერგო. სხვათა შორის, საპატიო ვანელია ამ მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი მერიც, ალექსანდრე გოგორიშვილი, რომელსაც გასულ წელს, საკუთარ არჩევნებზე, საკუთარი პარტიისთვის 10 000 ლარი შეუწირავს. 2015 წელს ეს ტიტული ვანში ექიმმა ზაზა ლომინაძემაც მოიპოვა. ის 2018 წელს საპატიო მოქალაქედ მშობლიურმა ქუთაისმაც აირჩია “ჯანდაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ამ სფეროში წლების მანძილზე გაწეული ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის”. მართალია, ლომინაძე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისიდან მხოლოდ 2020 წელს გახდა, მაგრამ ის, 2014 წლიდან, მმართველი პარტიის ერთ-ერთ შემომწირველად ფიქსირდება.

სხვათა შორის, ვანელებს მოუსწრიათ და 2013 წელს საპატიო მოქალაქის ტიტული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი პარლამენტის ყოფილი წევრის, ასევე, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის, გია გეწაძისთვისაც მიუნიჭებიათ. ეს ის პერიოდია, როცა ცენტრალურ ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” კი იყო მოსული, მაგრამ უმეტეს მუნიციპალიტეტში მმართველ პოზიციებზე ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობა” რჩებოდა. მანამდე 1 წლით ადრე, 2012 წელს, გია გეწაძეს “ნაცმოძრაობასთან” აფილირებული ორგანიზაციისთვის – “საქართველო არ იყიდება” 60 000 ლარი აქვს შეწირული.

იმავე, 2013 წელს, ქვეყნისათვის გაწეული ღვაწლისთვის, საჩხერის საპატიო მოქალაქედ ლევან ვასაძე აურჩევიათ, ხოლო დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქე “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი გამხდარა. ამ დროს ორივე მუნიციპალიტეტში უკვე “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული გამგებლები იყვნენ – საჩხერეში – ივანე გოშაძე, რომელიც, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევით, მანამდე ბიძინა ივანიშვილის ასოციაცია “ატუში” ოსტატის პოზიციას იკავებდა, ხოლო დედოფლისწყაროში – ირაკლი შიოლაშვილი, რომელიც მაშინდელი შს მინისტრისა და ამჟამინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის კადრი იყო.

“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთ ყოფილ დეპუტატს, გოგი ლიპარტელიანს კი, რომელმაც პოლიტიკური კარიერა 1999 წელს შევარდნაძის “მოქალაქეთა კავშირით” დაიწყო და 2016 წლამდე ოთხგზის პარლამენტარი (აქედან ორჯერ ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი) იყო, ლენტეხის საპატიო მოქალაქის წოდება შარშან – 2021 წელს მიანიჭეს. ამავე პარტიის კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი თემურ კოხოძე კი, რომელიც პარლამენტში ბაღდათის მაჟორიტარი იყო, ამავე მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქედ ცნობილი ბიზნესმენობისა და მეცენატობისთვის, 2016 წელს აურჩევიათ. კოხოძე 2012 წელს “ნაცმოძრაობის” შემომწირველიც ყოფილა და ამ პარტიისთვის 60 000 ლარით შესწევნია.

2013-2022 წლებში მხოლოდ ეს ხუთი პოლიტიკოსია, ვინც “ქართულ ოცნებას” არ წარმოადგენს, თუმცა, ამ ხუთიდან ორი მმართველი პარტიის ლიდერშიპთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა.

2019 წელს ადიგენში საპატიო მოქალაქეები პირველად აირჩიეს და პირველივე ჯერზე ეს ტიტული ანტონ ობოლაშვილსაც ერგო. როგორც მერიიდან მიღებული პასუხში ვკითხულობთ, “ბატონი ანტონი გახლავთ სოფელ უდის მკვიდრი. წლებია მოღვაწეობს ბიზნესში და ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას. წლების განმავლობაში იჩენს უდიდეს ყურადღებას თავისი რაიონის და სოფლის მიმართ. მშობლიური მუნიციპალიტეტიდან ყავს ასობით ადამიანი დასაქმებული და ასევე დიდი ქველმოქმედება აქვს გაწეული სოფელ უდის ეკლესია-მონასტრებისთვის. იგი უზომოდ არის შეყვარებული თავისი ხალხსა და რაიონზე და ის თავისი ქვეყნის მოსიყვარულე და პატრიოტია”. სწორედ ამის გამო მიანიჭეს საპატიო მოქალაქის წოდება ობოლაშვილს, რომელიც მალევე ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა “ქართული ოცნებიდან”, პარტიისთვის კი, იმავე, 2020-ის არჩევნებზე, 60 000 ლარი შეუწირავს.

“ქართული ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი – ანზორ ბოლქვაძე კი საკუთარი სამაჟორიტარო ოლქის სამივე მუნიციპალიტეტის – ხულოს, ქედისა და შუახევის საპატიო მოქალაქეა. მას ეს წოდება სამივე მუნიციპალიტეტში ერთ – 2019 წელს “მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ხანგრძლივი და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის” მიანიჭეს. ბოლქვაძე ოთხგზის პარლამენტარია – ის ორჯერ – 2008-2012 წლებისა და 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობას” წარმოადგენდა, ხოლო ორჯერ – 2016-2020 წლებისა და ახლა უკვე 2020-2024 წლების მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს. შემოწირულობებიც ამ ორი პარტიისთვის გაუკეთებია – 2012-ში 6 500 ლარით “ნაციონალურ მოძრაობას” შეწევნია, 2016-ში კი, 10 000 ლარით – “ქართულ ოცნებას”. თუმცა, ამ ორი პარტიის გარდა, ბოლქვაძემ პაატა ბურჭულაძის მიერ 2016 წელს დაფუძნებულ პარტიაში – “სახელმწიფო ხალხისთვის” ყოფნაც მოასწრო.

კიდევ ერთ მაჟორიტარ დეპუტატს, გოჩა ენუქიძეს კი ამბროლაურის საპატიო მოქალაქეობა 2015 წელს, როგორც ბიზნესმენსა და მეცენატს, მიანიჭეს. ენუქიძეც, ბოლქვაძის მსგავსად, ოთხგზის პარლამენტარია და ისიც ორჯერ “ნაცმოძრაობის”, ორჯერ კი “ქართული ოცნების” წევრი იყო საკანონმდებლო ორგანოში. 2015-ში ის პარლამენტში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა, თუმცა, ერთ წელში უკვე “ოცნების” მაჟორიტარი გახდა. შემოწირულობებიც ამ ორი პარტიის სასარგებლოდ იმისდამიხედვით იცვლებოდა, რომელ პარტიასაც წარმოადგენდა კონკრეტული არჩევნების წინ. მაგალითად, 2012-ში მან “ნაციონალურ მოძრაობას” 60 000 ლარი შესწირა, 2016, 2017, 2018 და 2020 წლებში კი უკვე ახალ “მშობლიურ” პარტიას – “ქართულ ოცნებას” და, ასევე, მის საპრეზიდენტო კანდიდატს 220 000 ლარით შეეწია.

2017 წლიდან ამბროლაურის საპატიო მოქალაქეა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძეც, რომელიც იმავე წელს თავის საპატიო მოქალაქედ ცაგერელებსაც აურჩევიათ, თუმცა, ცაგერელებმა მხოლოდ მარგველიძე არ იკმარეს და იმავე წელს საპატიო მოქალაქეობა სამგზის პარლამენტარ კარლო კოპალიანსაც მიანიჭეს. კოპალიანი ცაგერის მაჟორიტარი 2008-2012 წლებში რესპუბლიკური პარტიიდან იყო, თუმცა, შემდგომ, ჯერ 2012-2016 და შემდეგ – 2016-2020 წლების მოწვევის პარლამენტში, ის უკვე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიით მოხვდა. კოპალიანი 2014 წელს ამავე პარტიის შემომწირველიც ყოფილა – მან “ქართულ ოცნებას” 10 000 ლარი შესწირა.

კიდევ ერთ პარლამენტარს, ელგუჯა გოცირიძეს კი 2014 წელს ტყიბულის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. მართალია, 2014-ში გოცირიძე ჩაჩავასა და ღუდუშაურის სახელობის კლინიკების ხელმძღვანელი იყო, თუმცა, აქედან 2 წელში, 2016 წელს, ის ამავე მუნიციპალიტეტიდან “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი გახდა და დღეს უკვე ორი მოწვევის პარლამენტის წევრია. გოცირიძეც, სხვა არაერთი კოლეგის მსგავსად, მმართველი პარტიის შემომწირველია – მას “ოცნებისთვის” 2016 და 2020 წლებში 120 000 ლარი აქვს შეწირული. სხვათა შორის, იმავე წელს ტყიბულის საპატიო მოქალაქე მუნიციპალიტეტის იმჟამინდელი მაჟორიტარის “ქართული ოცნებიდან”, ელისო ჩაფიძის დედაც გამხდარა. სხვათა შორის, ჩაფიძეს 2012 წელს “თავისუფალი დემოკრატებისთვის” 8 900, ხოლო 2013 წელს “ქართული ოცნებისთვის” 10 000 ლარი შეუწირავს.

ერთწლიანი შუალედებით, ორი მუნიციპალიტეტის – 2016 წელს – ონისა და 2017 წელს – რუსთავის საპატიო მოქალაქეობა დაუმსახურებია შოთა რეხვიაშვილს, რომელიც იმხანად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო. 2018 წელს რეხვიაშვილი ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გახდა, ახლა კი ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეა. სხვათა შორის, რეხვიაშვილს 2013 წელს ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის” 1 955 შეუწირავს.

ეს მცირე კვლევა ნათლად წარმოაჩენს გარკვეული მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილების მიმღებ პირთა სუბიექტურ მიდგომებს საპატიო მოქალაქეთა შერჩევისას. მოქმედი პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირებისთვის ამ წოდების მინიჭება ვერც დადგენილებებით განსაზღვრულ პირობას – “მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის”, ანდა :ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის” – აკმაყოფილებს. შესაბამისად, პოლიტიკური სუბიექტივიზმის შესამცირებლად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა:

  1. მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ ის კრიტერიუმები, რითაც მოქალაქეებს “საპატიო მოქალაქის” წოდება უნდა მიანიჭონ;
  2. მაქსიმალურად შეიკავონ თავი მოქმედი პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირთა ამ სიაში შეყვანისგან;
  3. საზოგადოების ინტერესების მაქსიმალურად გასათვალისწინებლად, საკრებულოებმა შეამცირონ საინიციატივო ჯგუფებისთვის დაწესებული 1%-იანი ზღვარი, ხოლო მერებმა შესაბამისი კომისიები/საბჭოები მეტად დააკომპლექტონ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან.
P.S. – საინტერესო დეტალი

როგორც აღმოჩნდა, მუნიციპალიტეტებში პოპულარობით პოლიტიკოსებსაც და ადგილობრივ დამსახურებულ მოქალაქეებსაც სჯობნის მედიაპროექტ “ეტალონის” ავტორი და ხელმძღვანელი გოჩა ტყეშელაშვილი – ის ერთდროულად 9 მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეა. ტყეშელაშვილი, 2014 წლიდან დღემდე, საპატიო მოქალაქედ აირჩიეს ცაგერში, ხაშურში, ბორჯომში, ნინოწმინდაში, ჩხოროწყუში, ლაგოდეხში, ხულოში, თიანეთსა და გურჯაანში. მას მუნიციპალიტეტების მერები ამ ჯილდოს მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის საგანმანათლებლო პროექტებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობისთვის აძლევენ.