პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა

556

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გადადგა. ამის შესახებ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც კუჭავამ განაცხადა, ის რჩება პარტიის პოლიტსაბჭოში და უხელმძღვანელებს უმნიშვნელოვანეს პროექტს, თუმცა, რა პროექტია, ამის შესახებ დღეს არ თქმულა. კუჭავას ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტზე მომდევნო წელს გახდება ცნობილი.

ამავე ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი იქნება წარდგენილი, ხოლო პაპუაშვილის ადგილს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ამილახვარი დაიკავებს.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ორი წევრი – ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი დაემატა.