600 დევნილი ოჯახის სია, რომელთაც ზუგდიდში ბინები გადაეცემათ, დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა

188

600 დევნილი ოჯახის სია, რომელთაც ზუგდიდში ბინები გადაეცემათ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს გადასცემს.

„დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა. ამ ეტაპზე, ზუგდიდში დამატებით, დევნილთა საცხოვრებელი ორი ნგრევადი შენობა იხურება.

ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით 172 დევნილი ოჯახი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში, უპირობოდ, გადაეცემათ.

სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვილი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ზუგდიდში (თბილისის ქ.N1) 18, 19 და 20 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ შეგიძლიათ იხილოთ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე – https://idp.gov.ge/statement-66/“, – ნათქვამია ინფორმაციაში.