რაჭა, გურია, ქვემო ქართლი – GIZ ტურიზმის განვითარებისთვის €190 000-იან გრანტს გამოყოფს

641

საქათველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია GIZ-თან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომლითაც ქვეყანა 190 ათასი ევროს გრანტს მიიღებს.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საგრანტო პროექტი რაჭის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების და მომსახურების შექმნას, განვითარებას და დივერსიფიკაციას მოიცავს. პროექტი ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, შესაბამისი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ კურსების ორგანიზებას და რეგიონული თემატური ფესტივალების, ასევე გასტრონომიული და გაცნობითი ტურების ორგანიზების მხარდაჭერას ითვალისწინებს. მისი მიზანი ეკო, აგრო, კულინარიული და ღვინის ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაა. პროექტი ერთწლიანია და ბიუჯეტი 190 000 ევროს შეადგენს.

უწყების ცნობით, რეგიონებში კერძო სექტორის მხარდასაჭერად და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს ხელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა და GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორმა ანა-ვალერი პიტერსმა მოაწერეს.

„ეს საგრანტო ხელშეკრულება კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ეკოტურიზმის განვითარებას. ეს გულისხმობს სამ რეგიონში: რაჭაში, გურიისა და ქვემო ქართლში ეკოტურისტული პროდუქტისა და სერვისის განვითარებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საკმაოდ კონკურენტუნარიანი, მდგრადი ტურისტული პროდუქტის განვითარებას“, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

“მოხარულები ვართ, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 190 ათასი ევროს ოდენობის გრანტს გადავცემთ, რათა ეკოტურიზმის სტრატეგია განახორციელოს და ქვეყანაში ეკოტურიზმი განავითაროს. ეს პროექტი ძალიან დიდ ნდობაზეა დამყარებული, იმ ერთობლივ სამუშაოზე, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ“, – აცხადებს ანა-ვალერი პიტერსი.