ბოლნისის მერია: სოფელ ნახიდურში 600 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგო

213

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ნახიდურში, სოფლის შიდა ცენტრალურ გზაზე, ასფალტის დაგების დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სოფელში 600 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 272 988 ლარი შეადგინა.

„სოფელ ნახიდურში კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, 600 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. ჩვენი ამოცანაა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით კი სოფლებში, გზები სწრაფად მოვაწესრიგოთ. ამ მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ვფიქრობ, მოწესრიგებული გზები მუნიციპალიტეტის განვითარებაზე უდავოდ დადებითად აისახება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.