ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, უწყება ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სახელმწიფო საწარმოების რეფორმას ავითარებს. ამის შესახებ მან გრძელვადიანი სტრატეგია – „ეკონომიკა 2030“-ის წარდგენისას ისაუბრა.
„აქაც გვაქვს კონკრეტული რაოდენობრივი ამოცანები; მაგალითად, 2025 წლიდან სახელმწიფო საწარმოების საერთო პორტფელი აბსოლუტურ მოგებაზე უნდა გადავიდეს და წამგებიანი საწარმო არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის: ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განაცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესი ამ ორგანიზაციების საფონდო ბირჟაზე პრივატიზებით უნდა დასრულდეს და სანამ რეფორმირების პროცესი არ დასრულდება, იქამდე მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების პრივატიზება ნაადრევია.
სახელმწიფო საწარმოების სექტორი ყოველწლიურად ზარალს განიცდის. 2019 წელს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულმა 68 ფირმამ საქმიანობა ჯამში 237 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. სახელმწიფო კომპანიების აქტივები ჯამურად 12.6 მლრდ ლარი, მათი ვალდებულებები კი 8.2 მლრდ ლარია.