აბასთუმნის ობსერვატორიამ დამთვალიერებლების მიღება დაიწყო

483

საქართველოს ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ ვიზიტორთა მიღება აბასთუმანში, მთა ყანობილზე დაიწყო. პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, ღამის ვიზიტები და ტელესკოპით ცის დათვალიერება შეჩერებულია.

ვიზიტორების მიღება მოხდება ჯგუფებად, ასტროგიდების თანხლებით. ჯგუფის შემადგენლობა შეზღუდულია 5-დან 25-მდე ვიზიტორით.

ასტროტურები იწყება 11:00 საათიდან. ბოლო ჯგუფის მიღება მოხდება 20:00 საათზე. დამთვალიერებლებმა ობსერვატორიის ტერიტორია უნდა დატოვონ არაუგვიანეს 21:30-ისა.

„ასტროტური მოიცავს ობსერვატორიის 40 სმ-იანი რეფრაქტორის შენობაში განთავსებული სივრცეების ვიზიტს და შედგება სამი ნაწილისაგან: ობსერვატორიის მუზეუმი, 40 სმ-იანი რეფრაქტორის გუმბათი და მცირე სალექციო დარბაზი.

• მუზეუმში ასტროგიდი გაგაცნობთ ობსერვატორიის დაარსების და მისი განვითარების ისტორიას, ეწვევით ობერვატორიის დამაარსებლის, აკად. ევგენი ხარაძისა და პროფ. მიხეილ ვაშაკიძის კაბინეტებს. გაეცნობით ობსერვატორიის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს და მოვლენებს, ასევე, ინფორმაციას ათწლეულების განმავლობაში აქ მოღვაწე გამოჩენილი მეცნიერების შესახებ.

• 40 სმ-იანი რეფრაქტორის გუმბათში დაათვალიერებთ ობსერვატორიის ერთ-ერთ უძველეს პროფესიონალურ ტელესკოპს. ასტროგიდი გაგაცნობთ ასტრონომიული დაკვირვებების თავისებურებებს და ტექნოლოგიებს.

• მცირე სალექციო დარბაზში ასტროგიდი ვიზიტორთათვის ჩაატარებს პოპულარულ ლექცია-პრეზენტაციას თემაზე – „სამყაროს აგებულება და ევოლუცია“. ლექციის ბოლოს გაიმართება კითვა-პასუხების სესია“- წერია განცხადებაში.

ასტროტური ერთი საათი და 20 წუთი გრძელდება, მისი ღირებულებაა ზრდასრულებისთვის 10 ლარი, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის 5 ლარი, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის ვიზიტი უფასოა.