დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ტურისტების ნაწილს ვირუსი შემოსვლის შემდეგ დაუდასტურდა.
„შემთხვევების მატება უკავშირდება თუ არა „დელტა“ შტამს, ამას ვერ გეტყვით. მეტ მობილობას, მეტი ადამიანის შემოსვლას უკავშირდება, მათ შორის, „დელტა“ შტამთან მიმართებაშიც. გუშინ კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა ჩვენთან. გარდა ამისა, დღეს საბჭოს ვაუწყე, რომ ტურისტებში 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში ინფექციის შემოტანის და შემდგომ მათი იზოლირების. გაზრდილი მობილობა ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია ინფექციის გავრცელების“, – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ 400-ზე მეტი შემთხვევაა ტურისტებში ბოლო ერთ თვეში დაფიქსირებული.
„ზოგს ადგილზე დაუდასტურდა, ზოგს შემოსვლის შემდეგ. შტამებზე ვერ გეტყვით“, – განაცხადა გამყრელიძემ.