სრულად აცრილ ტურისტებს საქართველოში შემოსვლის შემდეგ, შესაძლოა, PCR ტესტირების გავლა მოუწიოთ

479

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმისთვის რომ საქართველოში გაყალბებული აცრების დოკუმენტებით ტურისტების შემოსვლა და ვირუსის გავცელების საფრთხე შემცირდეს, შესაძლოა სრულად აცრილ ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, Pჩღ ტესტირების გავლა მოუწიოთ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს და საქართველო პირველი ქვეყანა არ იქნება.

„დაცვა უნდა იყოს ორმაგი, რაც გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელოვანია მოვითხოვოთ ტურისტებისგან საქართველოს ტერიტორიაზე მათი ტესტირება, რადგან ამ შემთხვევაში გაცილებით მეტი გარანტი გვაქვს იმაზე, რომ გაყალბებულ დოკუმენტაციასთან საქმე არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეებისთვის ტურისტების გადაადგილება უფრო უსაფრთხო იქნება.

ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ტესტირების ცენტრები ფართოდაა გაშლილი, აქედან გამოდინარე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ჩვენ ტურისტებსაც მოვუწოდოთ, რომ მათი ტესტირება მნიშვნელოვანია და სხვა უწყებების ჩართულობით მნიშვნელოვანი კონტროლი მოხდეს.

ჯანდაცვის სამინისტრო თვლის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტურისტი, რომელიც ორჯერადად არის აცრილი, ვაქცინაციის სრული კურსის მიუხედავად, დამატებით საქართველოშიც გაიტესტოს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს რეგულაცია, ეს პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიცაა. ეს უნდა იყოს რეგულაცია და არა რეკომენდაცია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.