საქართველოში პირველად ხანდაზმულთა საკითხებზე სპეციალური პორტალი შეიქმნა.
“უფროსი თაობის პორტალი“ – ამ სახელწოდებით სპეციალური ვებგვერდი იწყებს ფუნქციონირებას. taoba.org.ge მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ხანდაზმული მოსახლეობისთვის არის საინტერესო. ამასთან, სოციალურ ქსელ facebook-ში შექმნილია გვერდი „თაობა – ხანდაზმულთა სახლი“, სადაც ხელმისაწვდომი იქნება საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის საინტერესო მრავალფეროვანი ინფორმაცია, ტექსტური, აუდიო- და ვიდეო ფორმატით, ასევე, შესაძლებელი იქნება შეკითხვის დასმა და პასუხის მიღება.
პროექტის მეშვეობით ხანდაზმულები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჯანდაცვა და სოციალური სერვისები, სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, სხვადასხვა დაავადების პრევენცია და მართვა, ფიზიკური აქტივობა, კვება და თავის მოვლა, ასევე, იურიდიული უფლებები. სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მომხმარებლებს, სანდო და სასარგებლო ინფორმაციასთან ერთად, რჩევებსაც შესთავაზებენ, თუ როგორ უნდა გახდეს უფროსი ასაკის ადამიანების ცხოვრება მეტად პროდუქტიული და საინტერესო.
taoba.org.ge ღირებული რესურსი იქნება არა მხოლოდ ხანდაზმულებისთვის, არამედ მათზე მზრუნველი ოჯახის წევრებისთვისაც; ასევე, ყველა იმ მოქალაქისთვის, ვინც ჯანმრთელ სიბერეზე ფიქრს ადრეული ასაკიდან იწყებს. მრავალი საინტერესო რეკომენდაცია მოხმარებლებს საშუალებას მისცემს, არაერთი დაავადების თუ გართულების პრევენცია დროულად მოახდინონ.
საქართველოში პირველი, უფროსი თაობის მოქალაქეებზე გათვლილი ვებ-პორტალი „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ დაფინანსებით და Bread for the World-ის მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტის მიზანია დაინტერესებულმა პირებმა ბაზისური საინფორმაციო-საკონსულტაციო საჭიროებები ონლაინ დაიკმაყოფილონ. გარდა პირდაპირი სარგებლისა, ამგვარი შესაძლებლობა გაზრდის ხანდაზმულთა მედეგობას კოვიდ-19-სა და სხვა გლობალური საფრთხეების მიმართ.