საბრყვეთის, ბანკის მმართველისა და მაგარი სასმელების დუქნების ამბები 1903 წლის ტფილისში

722

წინა სტატია

ავტორიირმა სინაურიძემაყაშვილი

ზაფხულმა, ათიოდე დღეა, თქვენი ჭირი წაიღო, მაგრამ ტფილისში სიცხეები მაინც არ განელებულა, ის კია, ქალაქი ისევ ძველებურ სისხლსავსე ცხოვრებას დაუბრუნდა… ქალაქში ჭორიც ბევრია და მართალიც… მაგალითად, რომ ამბობდნენ, ტფილისის პოლიცმეისტერი კოვალიოვი დროებით სამსახურს თავს ანებებსო, ჭორი გამოდგა. მართალი კი ის გახლავთ, რომ კავკასიის მთავარმარებელი, თავადი გოლიცინი, დღეიდან თავის სასახლეში მთხოვნელებს უკვე იღებს. მთხოვნელი კი, იცოცხლე, ბევრია. ქალაქის გამგეობაც არ ზის გულხელდაკრეფილი. მას, ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, შესაძლოდ უცვნია, სამეფო დღესასწაულების დროს, ელექტრონით გააჩირაღდნოს ქალაქი და არა – ჭრაქებითა და მაშხალებით, როგორც აქამდე იყო. გამგეობას მოლაპარაკება აქვს სხვადასხვა კერძო პირებთან, რომლებიც ქალაქში ელექტრონით ინათებენ თავიანთ სადგურებს, რომ ელექტრონის მავთულები გააბან და ჩირაღდნების მოწყობილობა გამართონ… დიდი ხანია, ასე უნდა გაეკეთებინათ, რაღა დროს ჭრაქები და მაშხალებია, უკვე მე-20 საუკუნეაო…

იმ კომისიამ, რომელსაც ტრაქტირების გახსნის ნებართვის გაცემა აქვს მინიჭებული, შეიმუშავა მოხსენება იმის შესახებ, სად უნდა გაიხსნას მაგარი სასმელების დუქნები და სად – არა. კომისიის დასკვნით, ქალაქის იმ ნაწილებში, სადაც  მუშა ხალხი ცხოვრობს, მაგარი სასმელების დუქნების გახსნის ნება არავის არ უნდა მიეცეს…

ფინანსთა სამინისტრო ამ ბოლო დროს უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს. ახლა გადაუწყვეტია, კავკასიის ჩაის ბაჟი დაადოს… პოპოვის ფირმას კიდევ, რომელსაც ბათუმს ახლოს პლანტაცია აქვს, გადაუწყვეტია, აღარ გააშენოს ჩაის ბუჩქები.

ჩაის კრეფა ჩაქვში. ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

ჩვენი გაზეთები ამ ბოლო დროს უცნაური განცხადებებით აჭრელდა. გუშინ, მაგალითად, ,,ივერიამ” ასეთი განცხადება გამოაქვეყნა: ყველა ადვილად და პატიოსნურად იშოვნის თვეში 400 მანეთს. არც დიდი ცოდნაა საჭირო და არც ხარჯი. მხოლოდ ჩქარა გამოგვიგზავნეთ თქვენი ადრესი გერმანიაშიო და   მისამართიც არის მითითებული. საფრანგეთის კომპანიას კიდევ, თურმე, სპილენძის მადნის ყიდვა სურს, ვისაც გასაყიდი აქვს მოგვმართეთ პარიზში ადრესით, რომელსაც ,,ივერიის” რედაქციაში მიიღებთო… ამ განცხადებების გამოისობიოთ, ორი დღეა, „ივერიის“ რედაქციის კართან ხალხი არ წყდებაო…

ისე, ქალაქელებს ამ დღეებში სხვა საკითხიც აწუხებთ. დიდი სჯა-ბაასია იმის შესახებ, ვინ იქნება სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი… მეტოქენი იმდენ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს ამ ადგილის დასაკავებლად, მოსმენაც კი ყურს სწვავს…

თანამდებობის მოტრფიალენი ამბობენ, ნეტავ იმას, ვისაც საბრიყვეთში რაიმე თანამდებობას არგუნებს ბედი, მადლიანი ხალხია იქა, იციან თანამდებობის კაცის ყადრი და პატივისცემა. ოღონდაც, აქ რომ თანამდებობაზე მოხვდე, ან აფთარი უნდა იყო, ან მელა. ამ ორივე ცხოველის ხასიათი უნდა მოირგო კარგად. უნდა ეცადო, ან დაუზოგავი იყო, თავზე ხელაღებულობით შიშის ზარს სცემდე ხალხს და ყურმოჭრილ მონად გაიხადო. ან არადა, ისეთი გაიძვერა, მელაკუდა და მოთელილ ენის პტრონი იყო, რომ შენგან ტყავგამძვრალი ხალხი შენსავე მზეს ფიცულობდეს. პატიოსანი მოღვაწე, ხალხის ერთგული და სწორი გზის მაჩვენებელი საბრიყვეთში მუდამ დევნილი და შეურაცხყოფილიაო… აი, ასე გაურჩევიათ ტფილისელებს ქალაქისა და  ქვეყნის ამბები 1903 წლის 10 სექტემბერს – აქ არაფერია გამოგონილი! ყველაფერს თბილისის სურნელი დაჰკრავს.