ვერის უბნის, ქალებისა და ორთაჭალელი შათირიშვილის ამბავი 1903 წლის ტფილისში…

4268

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ავტორი: ირმა სინაურიძემაყაშვილი

წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის გარდა, მთელს კუკიაში არც ერთი ეკლესია არ არის, სადაც ქართული წირვა-ლოცვა სრულდებოდეს… დილას ვანქის მოედანზე ამბობდნენ, ქართველებმა განიზრახეს, თვით ააშენონ ტაძარი, რათა გასაგებ ენაზე შესძლონ წირვა-ლოცვის მოსმენაო. ახლა ტაძრისთვის შესაფერ ადგილს ეძებენ.

ტაძარი კი მართლაც ასაშენებელი გვაქვს და ერთი კი არა, ბევრი… ისე გაგვიწყრა ღმერთი, ერთმანეთის ხომ აღარ გვესმის და აღარ, ბუნებაც დაგვეუმძრახა… თითქოს, ცუდი წელი არ არის, მოსავალიც საკმარისიაო, – ამბობენ, მაგრამ დრო არის ცუდი. ამისთანა დროს რა უნდა ჰქნას ხალხმა და როგორ გაუძლოს ამოდენა ხარჯებსა, რომელიც დღითი-დღე მატულობს, არავინ იცის. გარშემო მარტო ,,მოიტა”-ღა ისმის…. ჯანი გავარდეს ამ ხარჯებს, ვიცით, ვისაც მიაქვს და რისთვისაც, მაგრამ ეს ახალი ხარჯები რაღაა, რასაც კერძო კაცნი სწერენ ხალხსა მისდა დაუკითხავად, აქაოდა, საჭირო და აუცილებელიაო…

მოკლედ, ჯამაგირი აღარ ჯამაგირობს… იმიტომაც არის, გადამთიელები ითბობენ ხელს და ძვირფასს ნივთებს ჩალის ფასადა ჰყიდულობენ. აი, ახლაც, ტფილისში, ვიღაც ინგლისელია ჩამოსული და ყოველგვარ სურათს ჰყიდულობს, რომელზეც ებრაელი, ან მისი ყოფა-ცხოვრებაა დახატული. ნიკოლოზის ქუჩაზე, კერძო სახლში დაუჭერია ბინა…

ტფილისის ელექტროტრამვაი, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

საბურთალოს მიწისა და სახლების მფლობელებს ელექტრო ტრამვაის ხაზის გასაყვანად პროექტი წარუდგენიათ ქალაქის მთავრობისთვის. ამ ტრამვაიმ პავლე მაკაროვის მიწებზე უნდა გაიაროს. მის მემკვიდრეებს დასტური მიუციათ, ქალაქს სჭირდება და ალალი იყოსო… პირველი საპოლიციო ნაწილის პრისტავს ქალაქის თავისთვის მოუხსენებია, რომ ვერაზე  სახლის მფლობელები თავიანთ ნებაზე, ტფილისის მმართველობის თანხმობის გარეშე  აშენებენ სახლებზე ბანებს, ადგამენ სართულებს და იქ ჭრიან კარ-ფანჯარას, სადაც მოესურვებათ… ქალაქის ტექნიკი მისულა ადგილზე და უთქვამს, ყველა ეს უმსგავსობა მოინგრევა, რადგანაც ძლიერ ამახინჯებს ვერის უბანსაო…

ვერის აღმართი

სხვა რა, დღეს საღამოს სახაზინო თეატრში პირველი წარმოდგენაა – ჩაიკოვსკის ოპერას,  ,,ევგენი ონეგინს” აჩვენებენ. კასაზე აწერია – ყველა ბილეთი გაყიდულიაო!!!!!

ორთაჭალელი  გიორგი შათირიშვილი, პატარა დუქანი რომ აქვს ბაზაზხანაში, ისევ არჩენს სულით ავადმყოფებს და თანაც ისეთ სასწაულებს სჩადის, რუსმა დარბაისელმა მეცნიერებმა ვერ გაიგეს… ხოდა, ტფილისელ ქალებსაც ხომ მეტი არ უნდათ, სჭირდებათ თუ არ სჭირდებათ, აუტალახეს სახლის კარები. ისეთი ცნობისმოყვარე კნეინები, ქართველებს რომ გვყავს, არავის მოეძებნება. ორიოდე დღის წინ აკი „ივერიაშიც“ დაწერეს ქართველი ქალების მეტეოროლოგიური დახასიათება: ქალი ორი წლიდან ხუთამდე – ავდრიანია; ხუთიდან – ათამდე – ცვალებადი; ათიდან თექვსმეტამდე – მოწმენდილი; 16-დან 18-მდე – ქარიანი; 18-დან 21-მდე – თბილი; 21-დან 23-მდე – ცხელი; 23-დან 30-მდე – პეპლებიანი ; 30-დან 35-მდე – ქარიშხლიანი; 35-დან 40-მდე – ზომიერი; 40-დან 50-მდე – მშრალი; 50-დან 60 –მდე – ცივი; 70 წლიდან კი ყინულს ქვევით იწვისო…  ასე გაურჩევიათ ტფილისელებს  ქალაქის, ქალების და     ორთაჭალელი შათირიშვილის ამბები 1903 წელს… არც შურით, არც ლანძღვით, არც კილით…. შური, ლანძღვა, დავა და კილი ხომ უბადრუკ ადამიანთა თანამგზავრია.