თამარ ჩუგოშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი მაქსიმალურად გახსნილი იყო

1397

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი პირველი დღიდანვე მაქსიმალურად გახსნილი იყო და მმართველი გუნდი დღესაც მზად არის პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა სტრასბურგში, ვენეციის კომისიის მდივანთან, თომას მარკერტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, ვენეციის კომისია საკმაოდ პოზიტიურად არის განწყობილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში.

“ჩვენ პირველი დღიდანვე პროცესი გვქონდა მაქსიმალურად გახსნილი. ყველანაირად ვეცადეთ, რომ პროცესი წარმართულიყო ყველას მონაწილეობით. არასამთავრობო ორგანიზაციები ბევრად უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ პროცესს. მათი მხრიდან სამუშაო ჩართულობა ბევრად უფრო მაღალი ხარისხის იყო და შესაბამისად, მათი რეკომენდაციების 80% გათვალისწინებულია განსახილველ დოკუმენტში. სამწუხაროდ, პოლიტიკური მოთამაშეები უფრო დესტრუქციულები იყვნენ ამ პროცესში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ისინი ბოლომდე იყვენენ პროცესში ჩართული და, რა თქმა უნდა, ვართ გახსნილი იმისთვის, რომ გაგრძელდეს საუბარი და თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებს შორის. თუ ოპოზიციის მხრიდან სურვილი იქნება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ქართველმა პარლამენტარებმა ვენეციის კომისიის მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის თაობაზე, თუ როგორ ჩაიარა ცვლილებების ორი მოსმენით განხილვამ პარლამენტში. მხარეებმა ისაუბრეს, ასევე, აღნიშნულ პროცესში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსენსუსის მნიშვნელობაზე.

“რაც შეეხება კონსენსუსს, ნათქვამი იყო, რომ პოლიტიკური ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე იქნა დოკუმენტი მიღებული, თუმცა, ვენეციის კომისია კონსენსუსის მიუღწევლობაში ყველა მხარის პასუხისმგებლობას ხედავს. ძალიან ნათლად და მკაფიოდ ითქვა, რომ ყველა მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა იმაში, რომ პოლიტიკური შეთანხმება მოხდეს მსგავს პროცესებში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, ხოლო მოგვიანებთ, ოქტომბერში, ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასება გახდება ცნობილი.

გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროპარლამენტს ღია წერილით მიმართეს და თქვეს, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი