“გურჯაანი – მეღვინეობის ქალაქი” კონსტრუქციების დიზაინზე კონკურსი გამოცხადდა

1404

მერიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში შემოსასვლელებთან და სამ წრიულთან გასათავსებლად, კონსტრუქციების დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის თქმით, კონსტრუქციის/ნაგებობის ესკიზზე გამოსახული უნდა იყოს წარწერა „გურჯაანი – მეღვინეობის ქალაქი“ და უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაციული, კულტურული, ისტორიული, აგრარული და ტურისტული დატვირთვა.

„დიზაინი ეხება, როგორც მუნიციპალიტეტში ექვს შემოსასვლელს, ასევე სამ წრიულს: ბაკურციხესა და გურჯაანში. წრიულებზე განთავსდება სამი სხვადასხვა კონსტრუქცია, ხოლო შემოსასვლელებზე ექვსივეგან ერთნაირი. კონკურსი 23 ივლისს გამოცხადდა და 13 აგვისტოს დასრულდება. კონკურსანტებს შეაფასებს ადგილობრივი კომისია. გარდა ამისა, მოწვეულები იქნებიან როგორც დიზაინის, ასევე მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებიც კომპეტენტურ რჩევებს მოგვცემენ. ეს არის საკმაოდ საპასუხისმგებლო კონკურსი.ამით მუნიციპალიტეტს ვუმკვიდრებთ ნიშას, რომელიც უფრო მკვეთრად და ნათლად იქნება დასანახი. იდეა ეკუთვნის მაჟორიტარ ტეპუტატს დავით სონღულაშვილს და მერია არის მხარდამჭერი”, – თქვა ცისკარაშვილმა.

ეკა ცისკარაშვილის თქმით, გამარჯვებულის გამოვლინების შემდეგ კონკურსი მეორე ეტაპზე გადავა.
„ნამუშევრების მიღება რომ დასრულდება, უკვე აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში, გამოვაცხადებთ გამარჯვებულს და გადავალთ მეორე ეტაპზე, რომელიც გულისხმობს კონსტრუქციაზე მკუშაობას”, დასძინა მან.

რაც შეეხება ავტოსადგურთან მდებარე შადრევანს, ეკა ცისკარაშვილის განმარტებით, მისი ბედი დიზაინზეა დამოკიდებული. სწორედ ამის მიხედვით შეიძლება მოხდეს დემონტაჟი ან რეაბილიტაცია.