საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დეკემბერში დასრულდება (ფოტო, ვიდეო)

467

საჩხერე-ონის დამაკავშირებელ ახალ გზაზე პირველი 5.7-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან droa.ge-ს აცნობეს, ამ ეტაპზე სარეკი-ქვემო ხევის მონაკვეთზე ფართოვდება გზა, ეწყობა მილებისა და გაბიონები, საგზაო სამუშაოების დასრულება კი მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

გზის ამ მონაკვეთის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს “მამისონი” ახორციელებს, ხოლო ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია IGH სწევს.

უწყების ინფორმაციითვე, უკვე დასრულებულია მეორე (კმ 5,5-კმ 10,5) და მესამე (კმ 10,5- კმ 50) მონაკვეთების პროექტირება. “ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, რომლის დასრულების შემდგომაც სამუშაოების დასაწყებად ტენდერი გამოცხადდება”, – აცხადებენ სამინისტროში.

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის სამივე მონაკვეთი “Institute IGH”-ის საქართველოს ფილიალმა დააპროექტა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ, მცირეძრავიანი თვითმფრინავის გამოყენებით, უახლესი, ლიდარის სისტემის სკანირებით განახორციელეს მთლიანი მარშრუტის ტოპოგეოდეზიური გადაღება, აგრეთვე, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების გამოვლენა-დაფიქსირების მიზნით ჩაატარეს კვლევა, მოამზადეს გეოლოგიური და ჰიდროლოგიური შესწავლის ანგარიშები და თანამედროვე პროგრამების გამოყენებით დააპროექტეს ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზა.

როგორც ცნობილია, ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზა გაივლის დასახლებულ პუნქტებს – სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ამბლორაული-ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას. ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო  ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული. უზუნთადან შქმერამდე გზა საუღელტეხილო (ზღვის დონიდან 1850 მეტრი) მონაკვეთს გაივლის.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დროს თითქმის 2 საათით შეამცირებს.