მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა 5-იდან 20 ლარამდე იზრდება

1608

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება. მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. ასეთი ცვლილება“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. ეს ცვლილებები პარლამენტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სახელით წარედგინა. ამასთან, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე მცირდება.

“მიუხედავად მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის დადგენილებით ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტისა, რომლის მიხედვით, მგზავრი ვალდებულია რეგულარულ მარშუტზე მგზავრობისათვის იქონიოს ბილეთი, შეინახოს იგი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე, რაც მგზავრს პრაქტიკულად ავალდებულებს მგზავრობის დასაწყისიდანვე იქონიოს სამგზავრო ბილეთი, საკითხი რეალურად დაურეგულირებელია. დედაქალაქში ევროსტანდარტების შესატყვისი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3-კატეგორიის ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესის დაწყებას მოჰყვა ახალი სისტემის დანერგვა – მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახა თანდათანობით გამოიღებს იმ შედეგეს, რომ აღმოიფხვრება გაჩერების სამგზავრო ბილეთებით დანაგვიანების პრაქტიკა და შეამცირებს ბილეთის ქაღალდზე გასაწევ ხარჯს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

წყარო: იმედინიუსი