”ერთობა – ახალი საქართველო”: ჩვენ დღეს გვიპირისპირდება ერთი მხრივ, ივანიშვილის და მეორე მხრივ, რუსეთის რეგრესული ძალა

1296

ხელისუფლების ყველა ორგანო: პარლამენტი და მთავრობა, საკრებულოები და მერიები, ქცეულია ოლიგარქ ივანიშვილის ინტერესების მომსახურე ორგანოდ, – ამის შესახებ ”ერთობა – ახალი საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ბოლო დღეებში პარლამენტში, თბილისისა და ბათუმის საკრებულოებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად აჩვენეს ის კრიტიკული სიტუაცია, რომელშიც ჩვენი ქვეყანა უფრო და უფრო ეფლობა.

ხელისუფლების ყველა ორგანო: პარლამენტი და მთავრობა, საკრებულოები და მერიები, ქცეულია ოლიგარქ ივანიშვილის ინტერესების მომსახურე ორგანოდ. ამ განუკითხაობის ფონზე კი ივანიშვილი უტიფრად იტაცებს ყველაფერს რისი მიტაცებაც შეუძლია – ძალაუფლებიდან დაწყებული, ტერიტორიებით დამთავრებული.

საქართველოს ჰყავს ორი დიდი აგრესორი: რუსეთი და ივანიშვილი, ორივე ნაბიჯ-ნაბიჯ იტაცებს ქართულ მიწებს და ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, მის ინსტიტუციებს, მის ეკონომიკას.

საზოგადოების დაქსაქსულობა და დაპირისპირება ოპოზიციაში ხელს უწყობს ივანიშვილისა და რუსეთის გეგმებს: საქართველო იყოს წარუმატებელი და სუსტი ტერიტორია, გაღარიბებული და დაბეჩავებული ადამიანებით, რათა მარტივად ჩაიგდონ ხელში და დაამყარონ ტოტალური კონტროლი.

ჩვენი ოპონენტი არ არის არც “ქართული ოცნება” და არც კახი კალაძე, ისინი არ წარმოადგენენ პოლიტიკურ ფიგურებს, ისინი არიან ივანიშვილის უსახური მარიონეტები. ოლიგარქი მათი ხელით ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას, იტაცებს ჩვენ მიწებსა და ქონებას და ანადგურებს ქართულ ეკონომიკას.

ჩვენ დღეს გვიპირისპირდება ერთი მხრივ ივანიშვილისა და მეორე მხრივ – რუსეთის რეგრესული ძალა.

საზოგადოებამ, მათ შორის პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა მოძებნოს კონსოლიდირების მექანიზმები, გამოვნახოთ ძალები ამ რეგრესს დავუპირსპიროთ პროგრესი, ახალი იდეები, რათა ერთად შევქმნათ წარმატების ქართული მოდელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი