მერაბ ქვარაია თვითმმართველი ქალაქების შემცირების საკითხზე

657

შესაძლოა ეს არის მოსაზრების დონეზე. სხვა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არსებობს, – განაცხადა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა და რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაიამ. საქმე ეხება მმართველი გუნდის მხრიდან გაჟღერებულ წინადადებას, რეფორმის ფარგლებში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დეპუტატის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა თვითმმართველობის განვითარების და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიმართულებით, და შესაბამისად გამოიკვეთება, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება რეგიონების და თვითმმართველობის გასაძლიერებლად.

„ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, რასაც თქვენ მეუბნებით, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. ეს ამ ეტაპზე შესაძლოა არის მოსაზრების დონეზე, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით“, – უთხრა დეპუტატმა „ლაივპრესს“ და დასძინა, რომ როგორც კი რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება რეფორმის შემდგომი ეტაპის თვალსაზრისით, ამის შესახებ აუცილებლად ეცნობება საზოგადოებას.

მერაბ ქვარაიას თქმით, აღნიშნული საკითხი იქნება განხილვის, მსჯელობის საგანი ფართო წრეებში, მათ შორის ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდება მასზე მუშაობა. ერთი რამ, რაც დღეს შეუძლია მაჟორიტარ დეპუტატს დაზუსტებით თქვას ის არის, რომ ყოველი შემდეგი ეტაპი მათი გუნდის მხრიდან გადადგმული, იქნება თვითმმართველობის გაძლიერებისთვის.

რა პოზიცია აქვს თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით, განმარტა:

„იცით, ასე ცალკე კონტექსტიდან ამოგლეჯილად ამ საკითხის განხილვა არ შეიძლება. გააჩნია რა მოცემულობაში იქნება ეს განხილული, რა სხვა თანმდევი ცვლილებების ფონზე იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული. რომელი ინსტიტუციების გაძლიერების და შესუსტების ხარჯზე. ამიტომ განყენებულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად ამ საკითხის განხილვა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და მართებულად“.

დეპუტატი ამბობს, რომ მმართველ გუნდში თვითმმართველობის რეფორმის გაღრმავების საკითხების განხილვა მიმდინარეობს და პროცესში ჩართულია რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი, მათ შორის თავადაც. თუ როდის უნდა შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებების პაკეტი, აღნიშნა:

„ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ, რომ რაიმე პაკეტი იყოს მზად. ეს არის წინა სამუშაო სამზადისი. ასე დავარქვათ. უახლოეს მომავალში ალბათ გარკვეული მოსაზრებები იქნება ჩამოყალიბებული. ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვეძლება სერიოზულად ვისაუბროთ იმ ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს კანონმდებლობაში, თვითმმართველობის განვითარების და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიმართულებით“.

ზუგდიდს 2006 წელს ჩამოერთვა ქალაქის სტატუსი და მხოლოდ 2014 წელს აღუდგა.

რაც შეეხება მაჟორიტარის ბიუროს გახსნას, რომელიც თებერვლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, მერაბ ქვარაიას თქმით, უახლოეს დღეებში დააანონსებენ კონკრეტულ თარიღს და ამის შესახებ მედიასთან ერთად სამოქალაქო სექტორსაც ეცნობება.

“თემის და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატებს ცალ-ცალკე ბიუროები გვექნება. გადავალთ ძალიან აქტიური მუშაობის რეჟიმში“, – აღნიშნა მან.

წყარო: LivePress