გურია ნიუსი – “ადამიანი ფეხზე რომ დადგება, მერე უნდა იმას შადრევანი, საუნა და “გულაობა”

844

დრო ძალიან ცოტაა, მაგრამ ამ დღეებში საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე და “ღია-საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენელი კოკა კიღურაძე ოზურგეთს მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობდნენ და მოსახლეობასთან ერთად ტერიტორიული მოწყობის შესახებ საათობით მსჯელობდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ოზურგეთის დაყოფა 6 მუნიციპალიტეტად ან ერთ მუნიციპალიტეტად, მაგრამ მოსახლეობის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ოპტიმიზაციით სოფლების გაძლიერება მოხდება და ყველას თავისი ბიუჯეტი ექნება, მაშინ ეს მათთვის მისაღებია. სოფელ თხინვალში კი ასეთი მოსაზრება მოვისმინეთ: “თხინვალის მიერთებას არ მივესალმებით მერიის მუნიციპალიტეტში, ჩვენთვის უფრო კარგია ცალკე ერთეულად ყოფნა და რაც შეიძლება მეტი პროექტების განხორციელება.”

სოფელ თხინვალში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზვიად ერაძემ თქვა, რომ კარგი იქნება თუ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება მსგავს განხილვებში.

“არ ვიცი, კანონში ეს როგორ ჩამოყალიბდება, მაგრამ კარგი იქნება სოფლებს თუ მიეცემა არჩევანის უფლება, ვისთან გაერთიანდეს,” _ გვითხრა ზვიად ერაძემ.

სოფელ თხინვალის უხუცესის, ნოდარ ბაბილოძის თქმით, არ არის კარგი ის ფაქტი, თუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ექვს ნაწილად დაიშლება.

სულ სხვა განწყობა იყო სოფელ ნატანებში. თუ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, მაშინ ნატანების მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბება მოხდება, რომლის დაქვემდებარებაში ქვემო ნატანები, ზემო ნატანები, დაბა ურეკი, წვერმაღალა, შრომა, ვაკელ, ზედუბანი, მოცენარი, ორმეთი და ხრიალეთი შევა.

ეკა მიმინოშვილი, სოფელი ნატანები: _ მე პირადად მივესალმები ტერიტორიულ დაყოფას თუ ასე დადგინდება, დარწმუნებული ვარ სოფლის მოსახლეობა გაიხარებს და უფრო მეტად აქტიურად ჩაერთვებიან თემის გაძლიერებაში.

როგნეტა ჩიტიძე, სოფელი ნატანები: _ ძალიან მოსაწონია, მაგრამ რამდენად შევძლებთ შრომას, ნატანებისა და ურეკის გაერთიანებას, ეს დასაფიქრებელია.

თამაზ ტუღუში, სოფელი ნატანები: _ თუ მოხდება დაყოფა, ხალხისთვის ეს უკეთესი იქნება, რადგან ბიუჯეტის განაწილებაში უფრო მეტად ჩაერთვებიან, ვიდრე ახლა ერთვებიან. ბიუჯეტსაც უფრო მეტად გააკონტროლობენ და უფრო აქტიურები იქნებიან.

აზრთა სხვაობა იყო სოფელ ლიხაურში. სოფელ ლიხაურის ცენტრში დაახლოებით 20 მამაკაცი ესწრებოდა შეხვედრას. ერთ-ერთი მათგანის თქმით, კარგი იქნებოდა შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები მისულიყვნენ და უფრო კონკრეტულად ესაუბრათ ტერიტორიების ოპტიმიზაციის შესახებ.

მიხეილ ჭელიძე, სოფელი ლიხაური: ჩვენ აქ გლეხი-კაცი ვართ და ყველას გვაქვს ჩვენი მიზნები. ჩვენს სოფელში თუ არ აღდგა ციტრუსი, თხილი, ჩაი და არ მოხდა ამის რეალიზაცია, ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაფერი გამოვა. ის შადრევანიც კარგია და გზის მშენებლობა, ესეც გვჭირდება, მაგრამ პირველ რიგში სოფლის მეურნეობის აღორძინება გვჭირდება, რომ სული მოითქვას ადამიანმა. რად გინდა, შადრევანი გააკეთო და მშიერი იჯდე?! რეალობასთან უნდა ვიყოთ ახლოს. ადამიანი რომ დადგება ფეხზე, მერე უნდა იმას შადრევანი, საუნა, ბოდიშს ვიხდი, ქალი და “გულაობა”, მკვდარს ხომ არ უნდა მაგი?! ჯერ საზრუნავი ის არის, რომ უნდა დავდგეთ ფეხზე.

ჯანიკო გორდელაძე, სოფელი ლიხაური: _ რასაც მოვუსმინე, დავფიქრდი და კარგი რამ არის, თუ მოხდება ტერიტორიების ოპტიმიზაცია. მაგალითად. სოფელს ჰყავს რწმუნებული, ახლა გულზე რომ მომივიდეს, ერთ ჭიქა წყალს ვერ გადაგავლებს თავზე, არანაირი ბიუჯეტი არ აქვს, არანაირი დახმარება არ შეუძლია. მოხდება თუ არა ეს ოპტიმიზაცია არ ვიცი, მაგრამ სოფელში ჩამოსული სტუმრებიდან კარგად გავიგე, თუ გახდება ლიხაურის მუნიციპალიტეტი მაშინ თავისი ბიუჯეტი ექნება და უფრო მეტი საქმის გაკეთება მოხდება.

დავით ლოსაბერიძის და კოკა კიღურაძის განმარტებით, ტერიტორიების ოპტიმიზაციის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებს ეყოლება მოსახლეობის მიერ არჩეული გამგებელი და საკრებულო, ექნებათ საკუთარი, გაზრდილი ბიუჯეტი, რომელიც განაწილდება მხოლოდ მასში შემავალი სოფლების საჭიროებებზე. თემების მოსახლეობას ექნება მეტი შესაძლებლობა გააკონტროლოს გამგებლისა და საკრებულოს საქმიანობა, უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა საკუთარ სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევაში. მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში აშენდება ახალი ადმინისტრაციული შენობები, მომსახურების ცენტრები(სოფლის სახლები) სადაც მოსახლეობა მიიღებს ყველა იმ მომსახურებას, რისთვისაც ადრე ოზურგეთში უწევდა სიარული; ადმინისტრაციული ცენტრების აშენება, სოფლის სახლების და სხვა ახალი სერვისების გაჩენა ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სოფლების ინტერნეტიზაციას, ახალი ტექნოლოგიების შესვლას, რომლის მომხმარებელი სოფლის მოსახლეობა გახდება. შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება და სოფლის ახალგაზრდობას გაუჩნდება მეტი პერსპექტივა.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ დღეებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილი საქართველოს მთავრობის მისამართით ერთობლივი მიმართვის გავრცელებას აპირებენ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება და მოხდება თუ არა ოზურგეთის ექვს ან ერთ მუნიციპალიტეტად დაყოფა, ეს მარტის დასასრულს გახდება ცნობილი.