media.ge – სამი არასამთავრობო ორგანიზაცია 39 მედიასაშუალებას მონიტორინგს გაუწევს

451

სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია 2014 წლის ივნისში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს  მონიტორინგს გაუწევს 39 მედიასაშუალებას:  8 ტელეარხს, 12 რადიოსადგურს, 7 გაზეთს და 12 ონლაინგამოცემას.
კერძოდ, მიმდინარე წლის 15 აპრილიდან კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) დააკვირდება შემდეგ ტელევიზიებს: საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ და „აჭარის ტელევიზია“ , „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „კავკასია“, TV 3-ი და „ტაბულა“. „ინტერნიუსი საქართველო“ მონიტორინგს გაუწევს რადიოსადგურებს: საზოგადოებრივი მაუწყებლის „რადიო 1“ და „აჭარის რადიო“, „იმედი“, „ფორტუნა“, „რადიო თავისუფლები“, „პალიტრა“, „პირველ რადიო“, „მაესტრო“, „მწვანე ტალღა“, „ჰერეთი“ (ლაგოდეხი), „ათინათი“ (ზუგდიდი) და „ძველ ქალაქი“ (ქუთაისი). „სამოქალაქო განვითარების ინტიტუტი“ დააკვირდება   გაზეთებს: „რეზონანსი“, „ალია“, „კვირის პალიტრა“, „ახალი თაობა“,  „ახალი ვერსია“, „ასავალ დასავალი “ და „კვირის ქრონიკა “. იგივე ორგანიზაცია პროექტის განხორციელების დროს შეისწავლის ონლაინ გამოცემებს: palitratv.ge, droni.ge, presa.ge, news.ge, for.ge, netgazeti.ge, tabula.ge, pirveliradio.ge,reportiori.ge gurianews.ge, civil.ge, dfwatch.net, კონტენტს.  პროექტი ამჯერადაც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ 21 მარტს  გამართულ შეხვედრაზე, პროექტში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კვლევის მეთოდოლოგიაზე და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მათ მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგების შედეგებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ფილიპ დიმიტროვმა ხაზი გაუსვა მედიამონიტორინგის მნიშვნელობას. მისი თქმით, შესაძლებელია არსებული მედია გარემოს შეფასება.
„პრობლემები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა: რამდენად შესაძლებელია პრობლემების აღმოფხვრა. მედიამონოტორინგით კი შესაძლებელია პრობლემების დადგენა“, – თქვა დიმიტროვმა. მანვე დასძინა, რომ მედიამონიტორინგის საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს  ამომრჩევლებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დონე.
გაეროს განვითარების მუდმივმა წარმოამდგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა შეხვედრაში, განაცხადა, რომ მედიამონიტორინგი არის ერთგვარი ტესტი, რომლითაც შესაძლებელია შეფასდეს მედიის მუშაობის ხარისხი.
„ქორთიარდ მერიოტში“ შეკრებილი  საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მედიაში დღემდე არსებულ გამოწვევებზეც  ისაუბრეს.
CRRC-ის წარმომადგენელმა, ქეთი ჩუბინიშვილმა განაცხადა, რომ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაკვირვების ქვეშ მყოფი ტელეკომპანიების მიერ მომზადებულ გადაცემებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან  შედარებით ნაკლებად შეიმჩნეოდა მიკერძოებულობა. მაგრამ კვლავ პრობლემად რჩებოდა საარჩევნო პროგრამებთან დაკავშრებით ანალიტიკური მასალების მომზადება. ონლაინმედიას გასულ წელს „სამოქალაქო განვითარების ინსტიტი“ აკვირდებოდა. ორგანიზაციის  წარმომადგენელმა გიორგი ჯოლოგუამ შენიშნა, რომ გასულ წელს ონლაინ მედიაში შედარებით ნაკლები აქცენტი კეთდებოდა აგრესიულ გამონათქვამებზე, თუმცა ნაკლებად შუქდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამები. ამასთან,  ფაქტები, ძირითად შემთხვევაში, ცალმხრივად შუქდებოდა. „ინტერნიუსი – საქართველოს“ მონიტორის, ზაქარია თავბერიძის განცხადებით კი,  2012 -2013 საარჩევნო წლებში რადიოარხების ეთერში გასული პროგრამები არ იყო რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ მიკერძოებული და არ ხდებოდა სიძულვილის ენის ტირაჟირება. მონიტორინგის პერიოდში რადიოები ნაკლებ დროს უთმობდნენ საარჩევნო სუბიექტების პროგრამების გაშუქებას. „სამართლიანი არჩევნები“ გასულ წელს ბეჭდურ მედიას აკვირდებოდა. მონიტორნგისას გამოიკვეთა, რომ პრესაში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა კანდიდატების საარჩევნო პროგრამის გაშუქებას.

 

იხილეთ რესურსი