newpress – ქუთაისში არასამთავრობო სექტორმა რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის განცხადება განიხილა

491

იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან დაკომპლექტებულმა “საზოგადოებრივ ორგანიზაციათა რეგიონულმა ქსელის” წევრებმა დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე” იმსჯელეს.
შეხვედრაზე საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ  2014 წლის 10 მარტს გამოქვეყნებული განცხადება განიხილეს, რომლის თანახმადაც კომისია მოსახლეობას, თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე, თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობას სთავაზობს.
“10 მარტს გამოქვეყნებული ეს განაცხადი საკმაოდ დაშორებულია იმ კანონის ფორმას, რომელიც უკვე მიღებულია და დამტკიცებულია. ჩვენი მიზანია გავაცნოთ საზოგადოებას თუ როგორაა გაწერილი ეს საკითხები კანონის მიხედვით, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული საზოგადოება და მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას არ იღებდნე ცენტრალური მოთამაშე ფიგურები. ასევე, კანონის ძალაში შესვლამდე მოხდეს პრობლემების გამოვლენა, რათა ერთხელ და სამუდამოდ უკეთესი თვითმმართველობა მივიღოთ ვიდრე დღეს გვაქვს,” – აცხადებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი, ნოდარ ჯიქია.
თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დამატებით 7 ქალაქს გორს, თელავს, ზუგდიდს, ოზურგეთს, ახალციხეს, ამბროლაურსა და მცხეთას მიენიჭება.
“საზოგადოებრივ ორგანიზაციათა რეგიონული ქსელი” სამთავრობო კომისიას სთავზობს ჩავიდნენ ამ ქალაქებში და ადგილზე გაეცნონ სიტუაციას.
არასამთავრობოების განცხადებით, თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება. საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებულობის და ჩართულობის მიზნით, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ 17 მარტს, დედაქალაქში კონფერენცია მოეწყობა, სადაც საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, მონაწილეობას მაჟორიტარი დეპუტატებიც მიიღებენ.