აუდიტის სამსახურის დასკვნით, ვანში წისქვილი გააკეთეს, თუმცა იმის გამო, რომ ობიექტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა ვერ მოხდა, წისქვილი არ ფუნქციონირებს.
წისქვილი 2015-2016 წლებში სოფელ სალხინოში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში აშენდა, შენობაზე 6.2 ათასი ლარი დაიხარჯა, საჭირო მოწყობილობებზე კი 1.6 ათასი ლარი.
აუდიტის ჯგუფმა 2017 წლის ივლისში ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაო. შედეგად აღმოჩნდა, რომ წისქვილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და, შესაბამისად, არ ფუნქციონირებს.
აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოცემულია პასუხისმგებელი პირის განმარტებაც, რომლის თანახმად, ვერ მოხერხდა წისქვილის ელექტროგამანაწილებელ ქსელში აბონენტად რეგისტრირება. შედეგად, წისქვილს არ გააჩნია ფუნქციური დატვირთვა და მოსახლეობა შექმნილი მატერიალური სიკეთით ვერ სარგებლობს.
„ვანის მუნიციპალიტეტის მიერ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტების ნაწილი დაუსრულებელია და მოსახლეობა ამით ვერ სარგებლობს. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ უზრუნველყვეს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების სათანადო დაგეგმვა.
ვანის მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა დაგეგმოს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას. კონკრეტული პროექტის დაგეგმვის დროს მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს მის ხელთ არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსები და აქედან გამომდინარე, განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. ამასთანავე, მასალების შესყიდვისას, მუნიციპალიტეტმა დააწესოს კონტროლი შესყიდული მასალის გამოყენებაზე და შეიმუშაოს სტრატეგია დაგეგმილი პროექტის სათანადოდ შესასრულებლად, რაც ხელს შეუწყობს, თავიდან აიცილოს ისეთი პროექტების განხორციელება, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს. აღნიშნული უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი მატერიალური სიკეთის მოსახლეობისთვის დროულ და ხარისხიან მიწოდებას“, – წერია აუდიტის სამსახურის სარეკომენდაციო ნაწილში.