აუდიტის სამსახურმა ვანის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და შესაბამისი ანგარიში გამოაქვეყნა. ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მიერ 2015-2016 წლებში გაფორმებული 4 ხელშეკრულება ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიას ითვალისწინებდა, თუმცა, როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, “შესრულებული სამუშაოების ნაწილი დაზიანებულია და მოწყობილ ბეტონის საფარზე შეინიშნება განივი და გრძივი ბზარები”.
საქმე ეხება საავტომობილო გზებზე ბეტონის საფარის მოსაწყობად 2015-2016 წლებში ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაფორმებულ 4 ხელშეკრულებას, რომლის საერთო ღირებულებაც 220.9 ათასი ლარია. ხელშეკრულებების თანახმად, ბეტონის საფარი უნდა დაგებულიყო ციხესულორის თემში, კორძაძეების უბანში არსებულ საავტომობილო გზაზე, აგრეთვე, დიხაშხოს თემის ცენტრიდან დედათა მონასტრის მიმართულებით არსებულ გზაზე, შუამთის თემში ქედის ეკლესის გზასა და ყუმურის ცენტრალურ გზაზე.
აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 220.9 ათასი ლარის ღირებულების ბეტონის საფარი ნაწილობრივ უკვე დაზიანებულია.
„აუდიტის სამსახურის მიერ აღნიშნული საკითხით დაინტერესების შემდეგ ვანის გამგეობის წარომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწყობილი ბეტონის საფარი დაათვალიერეს და 2017 წლის 13 ოქტომბერს წერილობით მიმართეს შემსრულებლებს, უმოკლეს ვადაში აღმოეფხვრათ გამოვლენილი დაზიანებები ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
მიუხედავად აღნიშნულისა, წერილობითი მიმართვიდან 2 თვის ვადაში, მიმწოდებლებს არ დაუწყიათ არსებული დაზიანებების გამოსწორების სამუშაოები, ხოლო გამგეობას არ გაუტარებია დამატებითი სამართლებრივი ღონისძიებები“,-აღნიშნულია ანგარიშში.
აუდიტის სამსახურის ანგარიშში ასევე წერია, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იყო, შესყიდვის პროცესისთვის ორგანიზება გაეწია ისე, რომ თავიდან აეცილებინა უხარისხო, ან დაბალი ხარისხის ობიექტის შეძენა. ამასთან, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს უნდა მიემართათ შემსრულებლისთვის ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით, ხოლო მიმწოდებელი ვალდებული იყო, გამგეობის წერილობითი შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით გამოესწორებინა ხარვეზი.
“მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ სათანადოდ არ ხორციელდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობის მონიტორინგი. შესაბამისად, გამგეობა არ ფლობდა სრულყოფილ ინფორმაციას შესყიდული ბეტონის საფარის ექსპლოატაციის პროცესში წამროქმნილი ხარვეზების შესახებ. გამომდინარე იქედან, რომ მუნიციპალიტეტი არ ფლობდა ინფორმაციას 2015-2016 წლებში შესყიდული 220.9 ათასი ლარის ბეტონის გზების ნაწილობრივი დაზიანებების შესახებ, გამგეობამ ვერ გამოიყენა ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული გარანტირების მექანიზმი, არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად. ხელშეკრულებების თანახმად, საგარანტიო პერიოდში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს დაზიანებების აღმოფხვრა”, – წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, მუნიციპალიტეტმა უნდა დანერგოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები და განახორციელოს ისეთი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი რწმუნების მიღებას, რამდენად ხარისხიანად შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები.
ამასთან, გამგეობის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა რეგულარულად უნდა განახორციელონ შესყიდული სამშენებლო ობიექტების მდგომარეობის მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, გაატარონ სათანადო ღონისძიებები არსებული ნაკლოვანებების დროულად აღმოფხვრის მიზნით;
„გამგეობამ უნდა გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ აღნიშნული გარემოების გამოვლენა და მათზე რეაგირება, ასევე, უზრუნველყოს ბეტონის საფარზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრა“, – წერია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.