ჯონ სტიუარტ მილი – “თავისუფლების შესახებ”

26160

ჯონ სტიუარტ მილი (1806 – 1873) – “თავისუფლების შესახებ”

თავი I

შესავალი

ამ ნარკვევის თემა არ არის ეგრეთ წოდებული ნების თავისუფლება, რომელიც ასე მოუხერხებლად უპირისპირდება ცუდად მონათლულ ფილოსოფიური აუცილებლობის მოძღვრებას. მისი თემაა სამოქალაქო, ანუ საზოგადოებრივი თავისუფლება: იმ ძალაუფლების ბუნება და საზღვრები, რომელიც შეიძლება საზოგადოებამ კანონიერად განახორციელოს ინდივიდზე. ამ საკითხს იშვიათად სვამდნენ და თითქმის არასოდეს განუხილავთ ზოგადი სახით, მაგრამ ის ფარულად მონაწილეობს ჩვენი დროის პრაქტიკულ დაპირისპირებებში, ღრმა გავლენას ახდენს მათზე და სავარაუდოდ მალე იქნება აღიარებული მომავლის სასიცოცხლო საკითხად. ეს საკითხი სულაც არ არის ახალი, გარკვეული აზრით იგი უძველეს ეპოქებშიც აღელვებდა კაცობრიობას; მაგრამ პროგრესის იმ სტადიაში, რომელშიც ახლა შეაბიჯეს ადამიანთა გვარის უფრო ცივილიზებულმა ნაწილებმა, ის ახალ პირობებში წარმოგვიდგება და განსხვავებულ და უფრო ფუნდამენტურ განხილვას მოითხოვს.

თავისუფლებასა და ხელისუფლებას შორის ბრძოლა ჩვენთვის ცნობილი ისტორიის, სახელდობრ, საბერძნეთის, რომის და ინგლისის ისტორიების ყველაზე გამოკვეთილი ნიშანია. მაგრამ ძველ დროში ეს იყო ბრძოლა ქვეშევრდომებსა ან ქვეშევრდომთა გარკვეულ კლასებსა და მთავრობას შორის. თავისუფლებაში იგულისხმებოდა პოლიტიკურ მმართველთა ტირანიისგან დაცვა. მმართველთა პოზიცია (საბერძნეთში არსებული ზოგიერთი სახალხო მთავრობის გარდა) მოიაზრებოდა, როგორც მათ მიერ მართულ ხალხთან აუცილებლობით დაპირისპირებული. მთავრობა შედგებოდა ერთი მმართველი პირისგან, ან მმართველი ტომისგან თუ კასტისგან, რომლებიც ძალაუფლებას მემკვიდრეობით იღებდნენ ან ბრძოლით იპყრობდნენ და რომელთაც, არც ერთ შემთხვევაში, ძალაუფლება არ ეძლეოდათ მართულთა ნება-სურვილის მიხედვით; რა სიფრთხილის ზომებიც არ უნდა მიეღოთ მმართველთა დესპოტური ქმედების თავიდან ასაცილებლად, ადამიანები მათი ბატონობის წინააღმდეგ გამოსვლას ვერ ბედავდნენ და, შეიძლება, არც ინდომებდნენ. მათი ძალაუფლება მიიჩნეოდა აუცილებლობად და იმავე დროს უაღრესად სახიფათო იარაღად, რომლის თავიანთ ქვეშევრდომთა წინააღმდეგ გამოყენებას ისინი არანაკლებ ეცდებოდნენ, ვიდრე გარეშე მტერთა წინააღმდეგ. რათა საზოგადოების უფრო სუსტი წევრები ურიცხვი მტაცებლების ნდავლი არ გამხდარიყვნენ, საჭირო იყო არსებულიყო სხვებზე ღონიერი მტაცებელი, რომელსაც დანარჩენების მოთოკვა ევალებოდა. მაგრამ რადგან მტაცებელთა მეფეს ფარაზე ნადირობის არანაკლები მიდრეკილება ექნებოდა, ვიდრე წვრილფეხა მტაცებლებს, აუცილებელი იყო მისი ნისკარტისა და ბრჭყალებისგან თავდაცვისთვის მუდმივი სიფხიზლე. ამდენად პატრიოტების მიზანი იყო საზღვრები დაეწესებინათ ძალისთვის, რომლის საზოგადოების მიმართ გამოყენების ნებაც უნდა ჰქონოდა მმართველს; სწორედ ამ შეზღუდვას გულისხმობდნენ ისინი თავისუფლებაში. ამას ორი გზით ცდილობდნენ. პირველი: გარკვეული ხელშეუხებლობის, რომელსაც პოლიტიკურ თავისუფლებებს ან უფლებებს უწოდებენ, აღიარების მოპოვება – მათი ხელყოფა მმართველის მიერ თავისი მოვალეობის დარღვევად ჩაითვლებოდა და ასეთ შემთხვევაში გამართლებულად მიიჩნეოდა საგანგებო დაუმორჩილებლობა ან საყოველთაო ამბოხება. მეორე და საზოგადოდ უფრო გვიანდელი ხერხი იყო კონსტიტუციური შეზღუდვების შემოღება; მათი ძალით მმართველი ძალის ზოგიერთი შედარებით მნიშვნელოვანი ქმედებისთვის აუცილებელ პირობად ცხადდებოდა საზოგადოების ან მის წარმომადგენლად მიჩნეული რაიმე სახის ჯგუფის თანხმობა. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში მმართველი ძალა მეტ-ნაკლებად იძულებული იყო შეზღუდვის პირველ სახეს დამორჩილებოდა. მეორის შემთხვევაში ასე არ იყო; და მისი მიღწევა ან, თუ ის გარკვეული ხარისხით უკვე არსებობდა, მისი მეტი სისრულით მოპოვება იქცა თავისუფლებისმოყვარეთა ძირითად მიზნად ყველგან. იქამდე, სანამ ადამიანები სჯერდებოდნენ იმას, რომ ერთი მტერი მეორის საშუალებით დაემარცხებინათ და ბატონის მმართველობის ქვეშ ყოფილიყვნენ იმ პირობით, რომ მისი ტირანიისგან მეტ-ნაკლებად ეფექტურად იქნებოდნენ დაზღვეულები, მათი მისწრაფება ამაზე შორს არ ვრცელდებოდა.

მაგრამ ადამიანურ საქმეთა წინსვლის პროცესში დადგა დრო, როცა ადამიანებმა უარი თქვეს აზრზე, რომ ბუნების აუცილებლობაა მათი მმართველი მათგან დამოუკიდებელი, ინტერესით მათთან დაპირისპირებული ძალა იყოს. მათ ბევრად უკეთესად მიიჩნიეს, რომ სახელმწიფო მოხელეები მათი მოქირავნეები ან დელეგატები ყოფილიყვნენ, რომელთა დათხოვნაც მათი ნება იქნებოდა. ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ამ გზით ექნებოდათ მათ იმის სრული გარანტია, რომ მთავრობის ძალები არასდროს არ იქნებოდა გამოყენებული მათ საზიანოდ. არჩევითი და დროებითი მმართველობის ეს ახალი მოთხოვნა თანდათანობით იქცა სახალხო პარტიის ისეთი ძალისხმევის (სადაც ასეთი პარტია არსებობდა) საგანგებო მიზნად, რომ მან მნიშვნელოვნად გადააჭარბა მმართველთა ძალის შეზღუდვის მანამდელ მცდელობებს. იმისთვის ბრძოლის მსვლელობაში, რომ მმართველი ძალა ქცეულიყო მართულთა პერიოდულ არჩევანზე დამოკიდებული, ზოგიერთმა ადამიანმა დაიწყო ფიქრი, რომ მეტისმეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა თავად ძალაუფლების შეზღუდვას. ეს (შეიძლება ეფიქრათ) იყო საშუალება იმ მმართველთა წინააღმდეგ, რომელთა ინტერესებიც ჩვეულებრივ უპირისპირდებოდა ხალხის ინტერესებს. ახლა მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ მმართველები ხალხთან გაიგივებულიყვნენ და რომ მათი ინტერესი და ნება ხლხის ინტერესსა და ნებას დამთხვეოდა. ხალხს არ სჭირდებოდა საკუთარი ნებისგან დაცვა. არ არსებობდა საფრთხე, რომ ის საკუთარი თავის ტირანი გახდებოდა. დაე მმართველები რეალურად აგებდნენ პასუხს მის წინაშე, დაე სწრაფად შეიძლებოდეს მათი გადაყენება მის მიერ და მაშინ მას, ხალხს, შეეძლება მათ მიანდოს ძალაუფლება, რომლის გამოყენების წესსაც ის თავად განსაზღვრავს. მმართველთა ძალაუფლება იქნება უბრალოდ თავად ხალხის ძალაუფლება – კონცენტრირებული და გამოყენებისთვის მოხერხებული ფორმით. აზროვნების ან, ალბათ, უფრო გრძნობის ეს წესი საერთო იყო ევროპული ლიბერალიზმის ბოლო თაობაში, რომლის კონტინენტურ ნაწილშიც ის, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დომინირებს. ისინი, ვინც აღიარებენ მთავრობის დასაშვები ქმედებების რაიმე საზღვარს, ისეთი მთავრობის გარდა, რომელიც მათი აზრით სულ არ უნდა არსებობდეს, კონტინენტის პოლიტიკურ მოაზროვნეთა შორის ბრწყინვალე გამონაკლისების სახით გამოირჩევიან. გრძნობების მსგავსი ტონალობა შეიძლება დღეისათვის ჩვენს საკუთარ ქვეყანაშიც ყოფილიყო გაბატონებული, უცვლელად რომ შენარჩუნებულიყო გარემოებები, რომლებიც თავის დროზე ასაზრდოებდა მას.

მაგრამ პოლიტიკურ და ფილოსოფიურ თეორიებში ისევე, როგორც ადამიანებში, წარმატება წარმოაჩენს შეცდომებსა და სისუსტეებს, რომლებიც მარცხს შეიძლება შეუმჩნეველი დაეტოვებინა. წარმოდგენა, რომ ხალხს სულ არ სჭირდება საკუთარ თავზე თავისივე ძალაუფლების შეზღუდვა შეიძლება აქსიომად მოგვჩვენებოდა იმ დროს, როცა სახალხო მთავრობა მხოლოდ ოცნების საგანი იყო, ან რაღაც ისეთი, რაზეც წიგნებიდან ვიცით, რომ წარსულის რომელიღაც შორეულ პერიოდში არსებობდა. ამ წარმოდგენას გარდუვალად ძირს არ უთხრიდა არც ისეთი დროებითი გადახრები, საფრანგეთის რევოლუციას რომ ახასიათებდა; მათგან ყველაზე უარესი უზურპატორი უმცირესობის ნამოქმედარი იყო და, ნებისმიერ შემთხვევში, ეს იყო არა სახალხო ინსტიტუტების უწყვეტი მუშაობის, არამედ მონარქიისა და არისტოკრატიის დესპოტიზმის წინააღმდეგ უცაბედი და კონვულსიური აფეთქების შედეგი. მაგრამ დროთა ვითარებაში დემოკრატიულმა რესპუბლიკებმა დედამიწის ზედაპირზე სულ უფრო დიდი ადგილი დაიკავა და სახელმწიფოთა ერთობის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ნაწილი შეადგინა; ხოლო არჩევითი და პასუხისმგებლობის მატარებელი მთავრობები დაკვირვებისა და კრიტიკის საგანი აღმოჩნდა, რაც ყველა მნიშვნელოვან რეალობას ელის. ახლა უკვე ნათელი გახდა, რომ ისეთი ფრაზები, როგორებიცაა `თვითმმართველობა~ და `ხალხის ძალაუფლება საკუთარ თავზე~ არ გამოხატავს საქმის ნამდვილ ვითარებას. `ხალხი~, რომელიც ძალაუფლებას ახორციელებს, ყოველთვის იგივე ხალხი არ არის, ვისზეც ის ხორციელდება; ხოლო `თვითმმართველობა~, რაზეც საუბარია, არ არის თითოეულის მართვა თვითონ მის მიერ, არამედ – თითოეულის მართვა ყველა დანარჩენის მიერ. მეტიც, ხალხის ნება პრაქტიკულად ნიშნვს ხალხის ყველაზე მრავალრიცხოვანი ან ყველაზე აქტიური ნაწილის ნებას – უმრაველსობის ნებას ან მათ ნებას, ვინც წარმატებით აღწევს საკუთარი თავის უმრავლესობად წარმოდგენას; მაშასადამე, ხალხმა შეიძლება მოისურვოს საკუთარი რიგების რაღაც ნაწილის დაჩაგვრა და ამის წინააღმდეგ თავდაცვის საშუალებები ისევეა საჭირო, როგორც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნებისმიერი სხვა სახის წინააღმდეგ. ამიტომ ინდივიდებზე მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის მნიშვნელობა ოდნავაც არ მცირდება, თუ ძალაუფლების მპყრობელნი რეგულარულად აგებენ პასუხს საზოგადოების წინაშე – ანუ, მასში ყველაზე ძლიერი პარტიის წინაშე. ვითარების ამ ხედვის დამკვიდრებას არავითარი სიძნელე არ შეხვედრია, რამდენადაც ის ერთნაირად მისაღებია როგორც მოაზროვნე ადამიანთათვის, ისე ევროპული საზოგადოების იმ მნიშვნელოვანი კლასების მისწრაფებებისთვის, რომელთა რეალური ან ნაგულისხმევი ინტერესებისთვის დემოკრატია არასასურველია; ახლანდელ პოლიტიკურ განაზრებებში ხომ, როგორც წესი, `უმრავლესობის ტირნიას~ იმ ბოროტებათა რიგს მიაკუთვნებენ, რომელთაგანაც საზოგადოება დაცვას საჭიროებს.

სხვა ტირანიების მსგავსად, თავიდან უმრავლესობის ტირანია ძირითადად საშიშად მიიჩნეოდა იმ ქმედებათა გამო, რომელთაც სჯარო ხელისუფალნი ახორციელებენ; უბრალო ხალხი ჯერ კიდევ ასე ფიქრობს. მაგრამ დაფიქრებულმა ადამიანებმა დაინახეს, რომ როცა საზოგადოება – საზოგადოება კოლექტიურად – თავად არის მისი შემადგენელი ცალკეული ინდივიდების ტირანი, ტირანიის განხორციელების მისი საშუალებები არ არის შეზღუდული მოქმედებებით, რომელთა შესრულებაც მას თავის პოლიტიკურ ფუნქციონერთა ხელებით შეუძლია. საზოგდოებას შეუძლია თავისი საკუთარი განაწესების შესრულება და აკეთებს კიდეც ამას; და თუ ის სწორის ნაცვლად არასწორ განაწესს იძლევა, ან საერთოდ იძლევა განაწესს საკითხებზე, რომელბშიც არ უნდა ერეოდეს, ის პოლიტიკური ჩაგვრის მრავალ სხვა სახეზე უფრო შემზარავ სოციალურ ტირანიას ახორციელებს. ასეა, რადგან, თუმცა მისი ტირანია ჩვეულებრივ არ ემყარება სასჯელის უკიდურეს სახეებს, ის თავის დაღწევის ნაკლებ საშუალებას ტოვებს, რამდენადაც ცხოვრების დეტალებში ბევრად უფრო ღრმად იჭრება და თავად სულს იმონებს. მაშასადამე, საკმარისი არ არის სახელმწიფო მოხელეთა ტირანიისგან დაცვა: ასევე საჭიროა დაცვა გაბატონებული შეხედულებების ან გრძნობების ტირანიისგან. საჭიროა დაცვა საზოგადოების მიდრეკილებისგან, სამოქალაქო სასჯელისგან განსხვავებული საშუალებებით საკუთარი იდეები და ჩვევები ქცევის წესებად მოახვიოს თავს მათ, ვინც მას არ ეთანხმება, შეუბორკოს განვითარება და, თუ შესაძლებელია, ხელი შეუშალოს ჩამოყალიბებაში ისეთ ინდივიდუალობას, რომელიც არ არის ჰარმონიაში მის წესებთან, ყველა ხასიათს მის საკუთარ მოდელზე მორგება აიძულოს. არსებობს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობაში კოლექტიური შეხედულების ლეგიტიმური ჩარევის საზღვარი, ხოლო ამ საზღვრის მოძებნა და მისი დარღვევისგან დაცვა ისევე აუცილებელია ადამიანთა საქმეების სასიკეთო მდგომარეობისთვის, როგორც დაცვა პოლიტიკური დესპოტიზმისგან.

მართალია მოსალოდნელი არ არის, რომ ეს დებულება ზოგადი სახით ვინმემ სადავოდ გახადოს, პრაქტიკული საკითხი, თუ სად უნდა გავავლოთ საზღვარი – როგორ უნდა დამყარდეს შესაფერისი წონასწორობა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობასა და სოციალურ კონტროლს შორის – არის თემა, რომელთან დაკავშირებითაც თითქმის ყველაფერი ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ყველაფერი, რის გამოც ადამიანისთვის მისი არსებობა ღირებულია, დამოკიდებულია სხვა ადამიანთა იძულებაზე, შეზღუდონ თავიანთი ქმედებები. ამიტომ პირველ რიგში კანონმა, ხოლო ბევრ ისეთ საკითხში, რომელიც კანონის ქმედების შესაფერისი სფერო არ არის, საზოგადოებრივმა აზრმა უნდა მოგვცეს ქცევის ზოგიერთი წესი. ის, თუ როგორი უნდა იყოს ეს წესები, ადამიანთა ყოფის პრინციპული საკითხია; მაგრამ თუ რამდენიმე ყველაზე აშკარა შემთხვევას გამოვრიცხავთ, ეს ერთ-ერთია იმ საკითხთაგან, რომელთა გადაწყვეტაშიც ყველაზე ნაკლები პროგრესია გაკეთებული. ეს საკითხი ერთნაირად არ გადაუწყვეტიათ არც ერთ ორ ეპოქასა და ალბათ არც ერთ ორ ქვეყანაშიც; ერთი ეპოქის ან ერთი ქვეყნის გადაწყვეტა გაოცებას ჰგვრის სხვას. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ეპოქისა და ქვეყნის ადამიანები მასში რაიმე სიძნელის არსებობას ვერ გრძნობენ, თითქოს ეს ისეთი საკითხი იყოს, რომელზეც კაცობრიობა ყოველთვის თანხმობაში იყო. წესები, რომლებიც ძალაშია მათთვის, მათ თვითცხადად და თვითგამამართლებლად ეჩვენებათ. ეს მართლაც უნივერსალური ილუზია ერთ-ერთი მაგალითია ჩვეულების მაგიური გავლენისა, რომელიც არა მხოლოდ არის მეორე ბუნება, როგორც ანდაზა გვეუბნება, არამედ ასევე გამუდმებით ჰგონიათ პირველი. ჩვეულების ეფექტურობა ადამიანების მიერ ერთმანეთისთვის დადაგენილი ქცევის წესების მიმართ ყოველგვარი დაეჭვების აღკვეთაში კიდევ უფრო სრულია იმიტომ, რომ საზოგადოდ მის სასარგებლოდ საბუთების მოტანა აუცილებლად არ მიიჩნევა, იქნება ერთი ადამიანის მიერ სხვებისთვის თუ თითოეულის მიერ საკუთარი თავისთვის. ადამიანები შეჩვეულები არიან იფიქრონ, რომ ამ სახის საკითხებში მათი გრძნობები საბუთებზე უკეთესია და საბუთებს ზედმეტს ხდის; და ასე ფიქრისკენ მათ უბიძგებს ზოგიერთი, ვინც ფილოსოფოსობამდე ამაღლებას ცდილობს. პრაქტიკული პრინციპი, რომლითაც ადამიანები ქცევის რეგულირების შესახებ თავიანთ შეხედულებებში ხელმძღვანელობენ, არის თითოეულის ცნობიერებაში არსებული განცდა, რომ ყველას უნდა მოეთხოვებოდეს ისეთი ქცევა, მოსაწონი რომ იქნებოდა თავად მისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის. სინამდვილეში არავინ გმოუტყდება საკუთარ თავს იმაში, რომ შეფასების მისი სტანდარტი მისი საკუთარი მოწონებაა; მაგრამ შეხედულება ქცევის შესახებ რაიმე საკითხზე, რომელიც საბუთებით არ არის გამყარებული, მხოლოდ ერთი ადამიანის არჩევანად შეიძლება ჩაითვალოს; ხოლო თუ საბუთები, როცა მათ გვაძლევენ, უბრალოდ არის სხვა ადამიანების მსგავს არჩევანზე აპელაცია, ეს მაინც მხოლოდ ბევრი ადამიანის მოწონებაა ერთის ნაცვლად. მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვის საკუთარი არჩევანი, ასე მხარდაჭერილი სხვების მიერ, არის არა მხოლოდ სრულყოფილად დამაკმაყოფილებელი, არამედ ერთადერთი საბუთი, რომელიც მას ჩვეულებრივ აქვს მორალის, გემოვნების ან თავაზიანობის შესახებ თავისი რომელიმე წარმოდგენისთვის, თუკი ის აშკარად არ წერია მის რელიგიურ მრწამსში; მეტიც, ისაა მისი მთავარი ხელმძღვანელი თვით მრწამსის ინტერპრეტაციაშიც. ამრიგად, იმის შესახებ, თუ რა არის საქები ან საძრახი, ადამიანთა შეხედულებებზე ზემოქმედებს იმ მრავალფეროვან მიზეზთაგან ყველა, რომლებიც გავლენას ახდენს მათ სურვილებზე სხვების ქცევასთან დაკავშირებით და რომლებიც ისევე მრავალრიცხოვანია, როგორც მიზეზები, რომლებიც განსაზღვრავს მათ სურვილებს ნებისმიერ სხვა საგანთან მიმართებაში. ზოგჯერ ესაა მათი გონება, სხვა შემთხვევებში კი – მათი მიკერძოებები ან ცრურწმენები; ხშირად მათი სოციალური გრძნობები, არცთუ იშვითად მათი ასოციალური გრძნობები, მათი შური ან ეჭვიანობა, მათი ამპარტავნება ან ბოღმა; მაგრამ ყველაზე ხშირად მათი სურვილები ან შიშები საკუთარ თავთან დაკავშირებით – მათი კანონიერი თუ უკანონო პირადი დაინტერესება. სადაც კი არსებობს გავლენიანი კლასი, ქვეყნის ზნეობრიობის დიდი ნაწილი ამ კლასის ინტერესებიდან და კლასობრივი უპირატესობის მისი გრძნობებიდან მოედინება. სპარტელებისა და ჰილოტების, პლანტატორებისა და ზანგების, ბატონებისა და ქვეშევრდომების, წარჩინებულებისა და მდაბიოების, კაცებისა და ქალების ზნეობა ძირითადად ამ კლასობრივი ინტერესებისა და გრძნობების მიერ იყო შექმნილი; ასე წარმოშობილი გრძნობები თავის მხრივ უკუზემოქმედებს გავლენიანი კლასის წევრების ზნეობრივ გრძნობებზე, მათ ურთიერთობებზე ერთმანეთთან. იქ, სადაც, მეორე მხრივ, ადრე გავლენიანმა კლასმა თავისი გავლენა დაკარგა ან მისი გავლენა არაპოპულარული გახდა, გაბატონებული ზნეობრივი გრძნობები ხშირად ატარებს მისი უპირატესობის მიმართ აგრესიული უარყოფითი დამოკიდებულების კვალს. კანონის ან საზოგადოებრივი აზრის მიერ თავსმოხვეული ქცევის წესების (სულ ერთია, საქმე ეხება მოქმედებას თუ თავშეკავებას) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი პრინციპი იყო ადამიანთა მონური დამოკიდებულება მათი დროებითი ბატონების და მათი ღმერთების ნავარაუდევი დადებითი და უარყოფითი განწყობების მიმართ. მართალია ეს მონობა არსებითად ეგოისტურია, ის არ არის ფარისევლობა; ის სიძულვილის სრულყოფილად ნამდვილ გრძნობებს წარმოშობს; მან უბიძგა ადამიანებს ჯადოქრებისა და ერეტიკოსების დაწვისკენ. რა თქმა უნდა, ამდენი მდაბალი ფაქტორის გვერდით მორალური გრძნობების მიმართულების განსაზღვრაში წილი, მეტიც, დიდი წილი უდევთ საზოგადოების საერთო და აშკარა ინტერესებსაც; მაგრამ არა იმდენად როგორც საბუთებს ან როგორც თავისთავად ფაქტორებს, რამდენადაც მათზე დამყარებული სიმპატიებისა და ანტიპატიების მეშვეობით. ზნეობის ჩამოყალიბებაში თითქმის ისეთივე დიდი ძალით გვაგრძნობინებენ თავს სიმპატიები და ანტიპატიები, რომლებსაც მცირე რამ ან არაფერი აკავშირებდათ საზოგადოების ინტერესებთან.

ის, თუ რა მოსწონს და რა არ მოსწონს საზოგადოებას ან მისი რომელიმე ძლიერ ნაწილს, ამრიგად, არის ძირითადი, რაც პრაქტიკულად განსაზღვრავს რომელი წესები მიიღება ყველასთვის სავალდებულოდ კანონის ან საზოგადოებრივი აზრის მიერ სასჯელის მუქარით. საერთოდ, ყველა, ვინც თავისი აზროვნებითა და გრძნობებით საზოგადოების მოწინავე ნაწილს შეადგენდა, პრინციპულად ხელუხლებლად ტოვებდა ამ ვითარებას, როგორც არ უნდა დაპირისპირებოდა მის ზოგიერთ დეტალს. ისინი უფრო იმას იკვლევდნენ, რა უნდა მოსწონდეს ან არ მოსწონდეს საზოგადოებას, და არ სვამდნენ კითხვას იმაზე, უნდა იყოს თუ არა ინდივიდებისთვის კანონი ის, თუ რა მოსწონს და რა არ მოსწონს საზოგადოებას. ისინი ამჯობინებდნენ ეცადათ ადამიანთა გრძნობების შეცვლა კონკრეტულ საკითხებში, რომლებზეც თავად მათი აზრები ერეტიკული იყო, ვიდრე თავისუფლების დაცვა ერეტიკოსებთან ერთად ექციათ თავიანთ საერთო საქმედ ზოგადად. ერთადერთი შემთხვევა, რომელშიც აქა-იქ ერთი-ორმა ინდივიდმა შეძლო პრინციპის დონემდე ამაღლება და მისი თანმიმდევრული დაცვა, არის რელიგიური რწმენის საკითხი – შემთხვევა, რომელიც მრავალი თვალსაზრისით არის ყურადსაღები, მათ შორის, იმითაც, რომ იძლევა ყველაზე შთამბეჭდავ მაგალითს იმის ცდომადობისა, რასაც ზნეობრივ გრძნობას უწოდებენ; მართლაც, გულწრფელი ფანატიკოსისთვის odium theologicum* ხომ ზნეობრივი გრძნობის ერთ-ერთი ყველაზე არაორაზროვანი შემთხვევაა. მათ, ვინც პირველად დაამსხვრიეს იმის უღელი, რაც საკუთარ თავს უნივერსალურ ეკლესიას უწოდებდა, საზოგადოდ ისევე არ სურდათ რელიგიური შეხედულებების მრავალფეროვნების დაშვება, როგორც თავად ეკლესიას. მაგრამ მას შემდეგ, რაც კონფლიქტის სიმხურვალე ჩაცხრა, – ისე, რომ სრული გამარჯვება არც ერთ მხარეს არ მოუპოვებია, თითოეული ეკლესია და სექტა იძულებული იყო საკუთარი იმედები უკვე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებით შემოეფარგლა, – უმცირესობებმა დაინახეს, რომ უმრავლესობად ქცევის არავითარი შანსი არ ჰქონდათ და აღმოჩნდენენ აუცილებლობის წინაშე, რომ მათგან, ვისი მოქცევაც ვერ შეძლეს, განსხვავებულობის ნებართვა გამოეთხოვათ. შესაბამისად, ეს ბრძოლის ველი თითქმის ერთადერთია, სადაც საზოგადოების წინაშე ინდივიდის უფლებები ფართო პრინციპული საფუძვლებით მტკიცდებოდა და სადაც აშკარად დაუპირისპირდნენ საზოგადოების პრეტენზიას, ძალაუფლება გამოეყენებინა სხვაგვარად მოაზროვნეთა წინააღმდეგ. დიდი მწერლები, რომელთაც მსოფლიო ბოლომდე უმადლის რელიგიური თვისუფლების არსებობას, ძირითადად ამტკიცებდნენ, რომ სინდისის თავისუფლება ხელშეუხებელი უფლებაა, და აბსოლუტურად უარყოფდნენ, რომ ადამიანმა სხვების წინაშე პასუხი უნდა აგოს თავისი რელიგიური რწმენისთვის. მაგრამ მაინც იმდენად ბუნებრივია ადამიანთათვის შეუწყნარებლობა ყველაფერში, რაც მათ მართლა ადარდებთ, რომ რელიგიური თავისუფლება პრაქტიკულად თითქმის არსად არ განხორციელებულა იმ ადგილების გარდა, სადაც სასწორის ერთ მხარეზე თავისი წონა დაამატა რელიგიურმა ინდიფერენტულობამ, რომელსაც არ სურს, თეოლოგიურმა კინკლაობამ დაურღვიოს სიმშვიდე. თითქმის ყველა რელიგიური ადამიანის გონებაში, ყველაზე ტოლერანტულ ქვეყნებშიც კი, შეწყნარების მოვალეობა ფარული შეზღუდვებითაა აღიარებული. ვიღაც ეგუება განსხვავებულ აზრს ეკლესიის მართვის, მაგრამ არა დოგმის საკითხებში; სხვას შეუძლია ყველა შეიწყნაროს, პაპისტის ან უნიტარისტის გარდა; კიდევ სხვას – ყველა, ვისაც გამოცხადების რელიგიის სჯერა; მხოლოდ ცოტანი ავრცელებენ თავიანთ გულმოწყალებას ოდნავ კიდევ უფრო შორს, მაგრამ ჩერდებიან ღმერთისა და საიქიო ცხოვრების რწმენაზე. ყველგან, სადაც უმრავლესობის გრძნობები ჯერ კიდევ ნამდვილი და ინტენსიურია, მორჩილების თავის პრეტენზიას მან ცოტა თუ მოაკლო.

ინგლისში, ჩვენი ისტორიის განსაკუთრებული გარემოებების გამო, თუმცა საზოგადოებრივი აზრის უღელი ალბათ უფრო მძიმეა, კანონისა უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნების უმრავლესობაში; აქ საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ პირად ქცევაში პირდაპირ ჩარევას სერიოზული ეჭვით ეკიდებიან; ეს გამოწვეულია არა იმდენად ინდივიდის დამოუკიდებლობის სათანადო დაფასებით, რამდენადაც ჯერ კიდევ არსებული ჩვევით, მთავრობაში დავინახოთ საზოგადოების საწინააღმდეგო ინტერესის წარმომადგენელი. უმრავლესობას ჯერ კიდევ არ უსწავლია მთავრობის ძალაუფლების საკუთარ ძალაუფლებად, ან მისი შეხედულებების საკუთარ შეხედულებებად აღქმა. როცა ეს მოხდება, ალბათ ინდივიდუალური თავისუფლების ხელყოფა მთავრობის მხრიდან ისევე შესაძლებელი გახდება, როგორც უკვე არის საზოგადოებრივი აზრის მხრიდან. მაგრამ ჯერ-ჯერობით გრძნობების მნიშვნელოვანი მასა მზადყოფნაშია, რომ აღენთოს კანონის ნებისმიერი ცდის წინააღმდეგ, გააკონტროლოს ინდივიდები საკითხებში, რომლებშიც კანონის მიერ კონტროლს აქამდე მიჩვეულები არ იყვნენ; ეს დამოკიდებულება ძალიან მცირედ უწევს ანგარიშს იმას, ეკუთვნის თუ არა საკითხი სამართლებრივი კონტროლის კანონიერ სფეროს, იმდენად მცირედ, რომ მთლიანობაში უაღრესად სასიკეთო ამ დამოკიდებულების გამოვლენის კონკრეტული შემთხვევებიდან ალბათ თითქმის იმდენივეა უადგილო, რამდენიც საფუძვლიანი. ფაქტობრივად არ არსებობს არავითარი აღიარებული პრინციპი, რომლის მიხედვითაც ჩვეულებრივ შემოწმდება, გამართლებულია თუ გაუმართლებელი მთავრობის ჩარევა. ადამიანები ამას თავიანთი პირადი არჩევანის მიხედვით წყვეტენ. ზოგიერთი როგორც კი დაინახავს, რომ რაღაც კარგი უნდა გაკეთდეს ან ბოროტება გამოსწორდეს, ხალისით წააქეზებს მთავრობას ხელი მოჰკიდოს ამ საქმეს; ხოლო სხვები არჩევენ აიტანონ სოციალური ბოროტება თითქმის ნებისმიერი ზომით, ოღონდაც ადამიანის ინტერესების სფეროებიდან კიდევ ერთი არ შემატონ მთავრობის კონტროლის არეს. ადამიანები ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ ან მეორე მხარეს დგებიან თავიანთი გრძნობების ამ ზოგადი ორიენტაციის მიხედვით, ან იმის მიხედვით, თუ რა ხარისხით არიან დაინტერესებულები კონკრეტულ საკითხში, რომლის მთავრობის მიერ მოგვარებასაც სთავაზობენ, ან იმის მიხედვით, თუ რამდენად სჯერათ, რომ მთავრობა ამას ისე გააკეთებდა ან არ გააკეთებდა, როგორც მათ ურჩევნიათ; მაგრამ ძალიან იშვიათად იმის გამო, რომ თანმიმდევრულად იზიარებენ რაიმე შეხედულებას იმაზე, თუ რომელ საქმეებს შეეფერება მთავრობის მიერ მოგვარება. და მე მეჩვენება, რომ წესის ან პრინციპის არარსებობის გამო ამჟამად ერთი მხარე ისევე ხშირად არის ხოლმე მტყუანი, როგორც მეორე; მთავრობის ჩარევას დაახლოებით თანაბარი სიხშირით მოითხოვენ გაუმართებლად და ძრახავენ გაუმართლებლად.

ამ ნარკვევის მიზანია ერთი ძალიან მარტივი პრინციპის დაცვა, რომელიც უნდა იყოს ინდივიდის მიმართ საზოგადოების მიერ იძულებისა და კონტროლის გამოყენების საყოველთაო სახელმძღვანელო – იმისგან დამოუკიდებლად, ამისათვის გამოიყენება ფიზიკური ძალა სამართლებრივი სასჯელის ფორმით, თუ საზოგადოებრივი აზრის მორალური იძულება. ეს პრინციპი ასეთია: ერთადერთი მიზანი, რის მისაღწევადაც გამართლებულია საზოგადოების ინდივიდუალური თუ კოლექტიური ჩარევა მისი ნებისმიერი წევრის ქმედების თავისუფლებაში, არის თავდაცვა. და ერთადერთი მიზანი, რომელიც გაამართლებდა ძალის გამოყენებას ცივილიზებული საზოგადოების რომელიმე წევრზე მისი ნების საწინააღდეგოდ, არის სხვებისთვის ვნების მიყენების აღკვეთა. საკმარისი გამართლება არ არის ფიზიკური თუ მორალური სიკეთე თავად მისთვის. სამართლიანი ვერ იქნება ადამიანი აიძულონ რაიმე გააკეთოს ან რაიმესგან თავი შეიკავოს იმიტომ, რომ ეს მისთვის იქნება უკეთესი, რომ ეს მას უფრო გააბედნიერებს, რომ სხვების შეხედულების თანახმად ასე მოქცევა ბრძნული, ან სწორი იქნება. ეს ყველაფერი კარგი საფუძველია იმისთვის, რომ მას ვეკამათოთ ან მასთან ერთად ვიბჭოთ, ვცადოთ მისი დარწმუნება, ვთხოვოთ მას, მაგრამ არა იმისთვის, რომ ვაიძულოთ ის, ან ვნება მივაყენოთ მას მაშინ, თუ სხვაგვარად მოიქცევა. რათა ასეთი რამ გამართლებული იყოს, ნაჩვენები უნდა იყოს, რომ საქციელი, რომელიც გვსურს მას გადავაფიქრებინოთ, ბოროტებას მოუტანს ვინმე სხვას. ნებისმიერი ადამიანის ქცევის ერთადერთი ნაწილი, რომელიც ღიაა საზოგადოების ჩარევისთვის, არის ის ნაწილი, რომელიც სხვებს ეხება. ხოლო ქცევაში, რომელიც მხოლოდ მას ეხება, მისი დამოუკიდებლობა უპირობოდ აბსოლუტურია. ინდივიდი საკუთარი თავის, საკუთარი სხეულის და გონების სუვერენია.

ალბათ აუცილებელი არ არის იმის თქმა, რომ ეს მოძღვრება გულისხმობს მხოლოდ სიმწიფის ასაკში მყოფ ადამიანებს. ჩვენ არ ვეხებით ბავშვებს, ან ახალგაზრდებს იმ ასაკობრივ ზღვარს ქვემოთ, რომელიც კანონმა შეიძლება დააფიქსიროს მათი მამაკაცობის ან ქალობის ასაკად. მათ, ვინც ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაშია, რომ სხვების ზრუნვას საჭიროებს, ისევე უნდა იცავდნენ საკუთარი ქმედებებისგან, როგორც გარეშე ზიანისაგან. იმავე მიზეზით შეგვიძლია უგულებელვყოთ საზოგადოების ისეთი ჩამორჩენილი მდგომარეობა, რომელშიც მთელი რასა შეიძლება განვიხილოთ არასრულწლოვნად. სპონტანური წინსვლის გზის საწყის ეტაპებზე სიძნელეები ისე დიდია, რომ იშვიათად არსებობს არჩევანი მათი დაძლევის საშუალებებში; ამიტომ გაუმჯობესების სულისკვეთებით აღვსილი მმართველის მიერ ნებისმიერი საშუალების გამოყენება მიზნისთვის, რომელიც ალბათ მიუღწეველია სხვა გზით, გამართლებულია. დესპოტიზმი მართვის კანონიერი ფორმაა ბარბაროსთა შემთხვევაში, თუკი მიზანი გაუმჯობესებაა; აქ საშუალებებს ამართლებს მიზნის რეალურად განხორციელება. თავისუფლება, როგორც პრინციპი, არ გამოიყენება არც ერთი მდგომარეობის მიმართ იმ საფეხურის მიღწევამდე, რომელზეც ადამიანებს აქვთ თავისუფალი და თანასწორი დისკუსიით სრულყოფის უნარი.

ამ დრომდე სხვა არაფერი არსებობს მათთვის იმის გარდა, რომ ბრმად დაემორჩილონ ვინმე აკბარს ან კარლოს დიდს, თუ იმდენად მაინც გაუმართლებთ, რომ ასეთს იპოვიან. მაგრამ როგორც კი ადამიანები შეიძენენ იმის უნარს, რომ შესაძლებელი იყოს მათი უკეთესობისაკენ წარმართვა დარწმუნებით ან შეგონებით (ეტაპი, რომელსაც უკვე დიდი ხანია მიაღწია ყველა ერმა, რომელსაც აქ შევეხებით), იძულება, პირდაპირი თუ დაუმორჩილებლობისთვის დასჯის ფორმით, აღარ არის დასაშვები როგორც თავად მათთვის სიკეთის მოტანის საშუალება და გამართლებული შეიძლება იყოს მხოლოდ სხვების უსაფრთხოებისთვის.

საჭიროა შევნიშნო, რომ მე უარს ვამბობ ნებისმიერ უპირატესობაზე, რომელიც შეიძლება ჩემი არგუმენტისთვის მიენიჭებინა აბსტრაქტული სამართლიანობის, როგორც სარგებლიანობისგან დამოუკიდებლის, იდეას. მე სარგებლიანობას მივიჩნევ საბოლოო ინსტანციად ყველა ეთიკურ საკითხში; მაგრამ ეს უნდა იყოს სარგებლიანობა უფართოესი აზრით, რომელიც ემყარება ადამიანის, როგორც პროგრესირებადი არსების, მდგრად ინტერესებს. მე ვამტკიცებ, რომ ეს ინტერესები ამართლებს ინდივიდუალური სპონტანურობის გარეგან კონტროლზე დაქვემდებარებას თითოეული ინდივიდის მხოლოდ იმ ქმედებათა თვალსაზრისით, რომლებიც სხვა ადამიანთა ინტერესებს ეხება. სხვებისთვის საზიანო ქმედების ჩადენა არის primâ facie* შემთხვევა, როცა ჩამდენი უნდა დაისაჯოს კანონით ან, თუ სამართლებრივი სასჯელის გამოყენება უსაფრთხო არ არის, საზოგადოებრივი გაკიცხვით. არსებობს აგრეთვე სხვებისთვის სარგებლობის მომტანი ბევრი პოზიტიური ქმედება, რომლის შესრულებაც ადამიანს შეიძლება სამართლიანად აიძულონ. ასეთია სასამართლოს სხდომაზე ჩვენების მიცემა; კუთვნილი წილის შეტანა საზოგადოებრივ უსაფრთხოებაში ან ნებისმიერ სხვა საერთო საქმეში, რომელიც აუცილებელია იმ საზოგადოების ინტერესებისთვის, რომლის მფარველობითაც ის სარგებლობს; გარდა ამისა, ინდივიდუალური თანადგომის გარკვეულ ქმედებათა შესრულება, როგორიცაა თანამოძმის სიცოცხლის გადარჩენა ან დაუცველის მიმართ ბოროტად მოპყრობის აღსაკვეთად ჩარევა; ადამიანს სამართლიანად შეიძლება საზოგადოების წინაშე პასუხი ვაგებინოთ ისეთი რამეების არგაკეთებისთვის, რისი გაკეთებაც აშკარად არის მისი მოვალეობა. ადამიანმა სხვებს არა მხოლოდ თავისი ქმედებებით შეიძლება მოუტანოს ბოროტება, არამედ თავისი უმოქმედობითაც; და ორივე შემთხვევაში სამართლიანია მას პასუხი ვაგებინოთ მათთვის მიყენებული ზიანისთვის. თუმცა მეორე შემთხვევა იძულების გამოყენებაში ბევრად უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს, ვიდრე პირველი. თუ სხვებისთვის მიყენებული ბოროტებისთვის პასუხის გების მოთხოვნა წესია, ბოროტებისთვის ხელის არშეშლისთვის პასუხის გების მოთხოვნა, შედარებით რომ ვთქვათ, გამონაკლისია. მაგრამ ბევრი საკმაოდ მკაფიო და საკმაოდ პირქუში შემთხვევა არსებობს, რომელიც ამ გამონაკლისს ამართლებს. ყველა საქმეში, რომელიც ინდივიდის სხვებთან ურთიერთობებს ეხება, ის de jure ( იურიდიულად, სამართლებრივად, ფორმალურად) პასუხისმგებელია მათ წინაშე, ვის ინტერესებსაც ეხება საქმე, და თუ საჭიროა საზოგადოების, როგორც მათი მფარველის, წინაშეც. ხშირად კარგი საბუთები არსებობს მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისთვის, მაგრამ ეს საბუთები შემთხვევის განსაკუთრებული გარემოებებიდან უნდა წარმოდგებოდეს: ან იმიტომ, რომ შემთხვევის სპეციფიკის გამო მთლიანობაში უფრო მოსალოდნელია ადამიანი უკეთესად მოიქცეს როცა თავისუფალი არჩევანი აქვს, ვიდრე მაშინ, როცა ისეთი სახით აკონტროლებენ, როგორც ეს საზოგადოებას ძალუძს; ან იმიტომ, რომ კონტროლის განხორციელების ცდა სხვა, იმაზე უფრო დიდ ბოროტებებს გამოიწვევდა, ვიდრე ბოროტება, რომელსაც ხელი შეეშლებოდა. როცა ასეთი საბუთები გამორიცხავს ადამიანის პასუხისგების წინაშე დაყენებას, თავად მისმა სინდისმა უნდა დაიკავოს მსაჯულის გამოთავისუფლებული ადგილი და დაიცვას სხვების ის ინტერესები, რომელთაც არავითარი გარეშე დამცველი არ გააჩნიათ; და მით უფრო მკაცრად უნდა განსაჯოს მან საკუთარი თავი, რადგან შემთხვევა არ უშვებს, რომ მის თანამოძმეთა სამსჯავრომ აგებინოს მას პასუხი.

მაგრამ არსებობს მოქმედების სფერო, რომელიც საზოგადოებას, როგორც ინდივიდისგან განსხვავებულს, მხოლოდ არაპირდაპირ უნდა აინტერესებდეს, თუ საერთოდ უნდა აინტერესებდეს. ეს სფერო მოიცავს ადამიანის ცხოვრებისა და ქცევის მთელ იმ ნაწილს, რომელიც მხოლოდ მას ეხება, ან კიდევ, თუ სხვებსაც ეხება, ეს ხდება მხოლოდ მათი თავისუფალი, ნებაყოფლობითი და ინფორმირებული თანხმობისა და მონაწილეობის საფუძველზე. როცა ვამბობ `მხოლოდ მას ეხება~, ვგულისხმობ `ეხება პირდაპირ და პირველ რიგში~, რადგან რაც ეხება ერთ ადამიანს, შეიძლება მისი გავლით სხვებსაც შეეხოს; შედავებას, რომელიც ამ დამოკიდებულებას შეიძლება დაემყაროს, ქვემოთ განვიხილავთ. მაშასადამე, ეს არის ადამიანის თავისუფლების კანონიერი სფერო. პირველ რიგში, ეს მოიცავს ცნობიერების შინაგან სამყაროს და მოითხოვს სინდისის თვისუფლებას ყველაზე ფართო აზრით: აზროვნებისა და გრძნობების თავისუფლებას; ყველა, პრაქტიკულ თუ სპეკულატურ, სამეცნიერო, მორალურ, თუ თეოლოგიურ საკითხზე შეხედულებებისა და გრძნობების აბსოლუტურ თავისუფლებას. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ შეხედულებათა გამოხატვისა და გამოქვეყნების თავისუფლებას განსხვავებული პრინციპი მიეყენება, რადგან ის ინდივიდის ქცევის იმ ნაწილს მიეკუთვნება, რომელიც სხვა ადამიანებს ეხება; მაგრამ რამდენადაც ეს თავისუფლება თითქმის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად აზროვნების თავისუფლება, და მისი მნიშვნელობაც ძირითადად იმავე საფუძვლებს ემყარება, პრაქტიკულად შეუძლებელია მათი გამიჯნვა. მეორეც, ეს პრინციპი მოითხოვს გემოვნებისა და საქმიანობის თავისუფლებას, საკუთარი ცხოვრების გეგმის საკუთარი ხასიათის მიხედვით შედგენის თავისუფლებას, თავისუფლებას, გავაკეთოთ რაც გვინდა და ავიტანოთ მისი შესაძლო შედეგები ისე, რომ ხელი არ შეგვიშალონ ჩვენმა თანამოძმეებმა იმდენად, რამდენადაც ჩვენი ნამოქმედარი ვნებას არ აყენებს მათ, თუნდაც ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენი ქცევა სულელურია, გარყვნილია, ან არასწორია. მესამეც, თითოეული ინდივიდის ამ თავისუფლებიდან გამომდინარეობს მათი თავისუფლება (იმავე საზღვრებში) დაუკავშირდნენ ერთმანეთს, თავისუფლება, გაერთიანდნენ ნებისმიერი მიზნისთვის, რომელიც არ გულისხმობს სხვების ვნებას; იგულისხმება, რომ გაერთიანებული ადამიანები ზრდასრულები არიან და მათ არ აიძულებენ და არ ატყუებენ.

არც ერთი საზოგადოება, რომელშიც ამ თვისუფლებებს მთლიანობაში პატივს არ სცემენ, თავისუფალი არ არის, როგორიც არ უნდა იყოს მისი მმართველობის ფორმა; და არც ერთი არ არის ბოლომდე თავისუფალი, თუ მასში ისინი აბსოლუტური და შეუზღუდავი არ არის. ერთადერთი თავისუფლება, ამ სახელს მართლა რომ იმსახურებს, არის თავისუფლება, საკუთარი კეთილდღეობა ჩვენი საკუთარი გზებით ვეძიოთ იქამდე, სანამ არ ვეცდებით სხვებს წავართვათ თავიანთი კეთილდღეობა ან ხელი შევუშალოთ მისი მოპოვების ცდაში. თითოეული ინდივიდი საკუთარი სხეულებრივი, გონებრივი და სულიერი ჯანმრთელობის კანონიერი დამცველია. კაცობრიობა მეტს მოიგებს, თუ ადამიანები დაანებებენ ერთმანეთს ისე ცხოვრებას, როგორც თავად მათ ეჩვენებათ უკეთესად, ვიდრე იმით, რომ თითოეული ადამიანი აიძულონ იცხოვროს ისე, როგორც დანარჩენებს ეჩვენებათ უკეთესად.

თუმცა ეს მოძღვრება სულაც არ არის ახალი და ზოგიერთისთვის შეიძლება ტრუიზმის იერიც ჰქონდეს, არ არსებობს არც ერთი მოძღვრება, რომელიც უფრო პირდაპირ უპირისპირდება არსებული შეხედულებებისა და პრაქტიკის ზოგად ტენდენციას. საზოგადოება ზუსტად ისევე დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმის ცდაში, რომ ადამიანები აიძულოს დაემორჩილონ პიროვნული სრულყოფის შესახებ მის წარმოდგენებს, როგორც მათი იძულებისთვის დაემორჩილონ სოციალური სრულყოფის შესახებ მის წარმოდგენებს. უძველესი საზოგადოებები თავს უფლებამოსილად მიიჩნევდნენ, ხოლო უძველესი ფილოსოფოსები ამას თანაგრძნობით ეკიდებოდნენ, რომ ხელისუფლების საშუალებით განეხორციელებინათ პიროვნების ქცევის ყველა ნაწილის რეგულირება – იმ საფუძველზე, რომ სახელმწიფო სერიოზულად იყო დაინტერესებული თითოეული მისი მოქალაქის სხეულებრივი და გონებრივი დისციპლინით. აზროვნების ეს ყაიდა შეიძლება დასაშვები იყო მძლავრი მტრებით გარშემორტყმულ პატარა რესპუბლიკებში, რადგან მათ წინაშე მუდმივად იდგა გარედან თავდასხმით ან საშინაო არეულობით განადგურების საფრთხე, და ენერგიისა და თვით-დისციპლინის ხანმოკლე მოდუნებაც კი იმდენად იოლად შეიძლება ფატალური აღმოჩენილიყო, რომ თავს ვერ მისცემდნენ უფლებას, დალოდებოდნენ თავისუფლების სასიკეთო მყარი შედეგების დადგომას. თანამედროვე სამყაროში პოლიტიკური გაერთიანებების უფრო დიდი ზომა და, უპირველეს ყოვლისა, სასულიერო ხელისუფლების გამიჯნვა საერო ხელისუფლებისგან (რის გამოც ადამიანთა სინდისის წარმართვა იმათგან განსხვავებულ ხალხის ხელში აღმოჩნდა, ვინც მათ ამქვეყნიურ საქმეებს აკონტროლებს), ხელს უშლის კანონის ასე ფართო ჩარევას პირადი ცხოვრების დეტალებში; მაგრამ მორალური რეპრესიის მანქანები გაბატონებული შეხედულებისგან გადახვევის წინააღმდეგ უფრო მეტი დაჟინებითაც კი გამოიყენება პირად საქმეებში, ვიდრე სოციალურ საქმეებში. რელიგიას, რომელიც ყველაზე ძლიერია მორალური გრძნობის ჩამოყალიბებაში მონაწილე ელემენტებიდან, თითქმის ყოველთვის წარმართავდა ან იერარქიის ამბიცია, გაეკონტროლებინა ადამიანის ქცევის ყველა სფერო, ან კიდევ პურიტანიზმის სულისკვეთება. იმ თანამედროვე რეფორმატორთაგან ზოგიერთი, ვინც ყველაზე ძლიერად უპირისპირდებოდა წარსულის რელიგიას, არაფრით ჩამორჩება ეკლესიებს ან სექტებს სულიერი ბატონობის უფლების თავის პრეტენზიაში; სახელდობრ, ბატონი კონტი, რომლის სოციალური სისტემა, წარმოდგენილი მის Systeme de Politique Positive (`პოზიტიური პოლიტიკის სიტემა~, ოთხ ტომად, გამოიცა 1851-1854 წლებში.), ემსახურება ინდივიდზე საზოგადოების დესპოტიზმის დაფუძნებას (თუმცა უფრო მეტად მორალური, ვიდრე სამართლებრივი საშუალებებით), აჭარბებს ყველაფერს, რაც კი ანტიკურ ფილოსოფოსებს შორის ყველაზე სასტიკი დისციპლინარისტის პოლიტიკურ იდეალში მოიაზრებოდა.

ცალკეულ მოაზროვნეთა სპეციფიკური მოძღვრებების გარდა, მთლიანად მსოფლიოში არსებობს ინდივიდზე საზოგადოების ძალაუფლების, საზოგადოებრივი აზრის თუ თავად კანონმდებლობის ძალით, უმართებულოდ გაფართოების მზარდი მიდრეკილება; და ვინაიდან მსოფლიოში მიმდინარე ყველა ცვლილების ტენდენციაა საზოგადოების გაძლიერება და ინდივიდის შესუსტება, ეს შეტევა ინდივიდის უფლებებზე არ არის იმ სახის ბოროტება, რომელიც თავისთავად მიდის გაქრობისკენ, არამედ პირიქით, მოსალოდნელია მის უფრო და უფო შემზარავი ზრდა. ადამიანთა, როგორც მმართველთა თუ როგორც თანამოქალაქეთა, მიდრეკილებას, სხვებს ქცევის წესად დაუდგინონ საკუთარი შეხედულებები და პრეფერენციები, იმდენად ენერგიულად ასაზრდოებს ადამიანის ბუნებაში არსებული ზოგიერთი ყველაზე უკეთესი და ზოგიერთი ყველაზე უარესი გრძნობა, რომ მას თითქმის არასოდეს არ ზღუდავს არაფერი, ძალაუფლების არქონის გარდა. ხოლო რამდენადაც ძალაუფლება კი არ მცირდება, არამედ იზრდება, მსოფლიოს დღევანდელ მდგომარეობაში მოსალოდნელია, რომ ამ სახის ბოროტებაც გაიზრდება, თუ ვერ მოხერხდა მის წინააღმდეგ ზნეობრივი რწმენის ძლიერი ზღუდის აღმართვა.

ჩემი არგუმენტისთვის მოსახერხებელი იქნება პირდაპირ ზოგად თეზისზე გადასვლის ნაცვლად თავიდან მისი იმ ერთი განშტოებით შემოვიფარგლოთ, რომლისთვისაც აქ ჩამოყალიბებული პრინციპი თუ სრულად არა, გარკვეული ზომით მაინცაა აღიარებული ამჟამად გავრცელებულ შეხედულებებში. ეს განშტოებაა აზრის თავისუფლება; მისგან ლაპარაკისა და წერის მონათესავე თავისუფლებათა გამიჯნვა შეუძლებელია. თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი ზომით ეს თავისუფლებები ყველა იმ ქვეყნის პოლიტიკური ზნეობის ნაწილს შეადგენს, რომლებიც რელიგიურ შემწყნარებლობას და თავისუფალ ინსტიტუტებს აღიარებენ, მათი ფილოსოფიური ან პრაქტიკული საფუძვლები ალბათ არც ისე კარგად იცის ფართო საზოგადოებამ და თავად მოწინავე მოაზროვნეთაგანაც ბევრს არ აქვს ისე სრულად გაცნობიერებული, როგორც შეიძლება გვეგონოს. ამ საფუძვლების, როცა ისინი სწორადაა გაგებული, მნიშვნელობა გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე მნიშვნელობა საკითხის მხოლოდ ერთი განშტოებისთვის, და საკითხის ამ ნაწილის ზედმიწევნით განხილვა საუკეთესო შესავალი იქნება დანარჩენისთვის. ამდენად იმედი მაქვს, რომ ისინი, ვისთვისაც იქიდან, რასაც ახლა ვიტყვი, არაფერი ახალი არ იქნება, შეძლებენ მომიტევონ, რომ გავბედე კიდევ ერთი განხილვა წამოვიწყო საკითხისა, რომელიც უკვე მთელი სამი საუკუნის განმავლობაში ასე ხშირად განიხილებოდა.

თავი II
აზრისა და დისკუსიის თავისუფლების შესახებ

იმედია ის დრო წავიდა, როცა აუცილებელი იყო `ბეჭდვის თავისუფლების~, როგორც გარყვნილი ან ტირანული მმართველობისგან თავის დაზღვევის ერთ-ერთი საშუალების, დაცვა. შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკვე აღარ სჭირდება დასაბუთება იმას, რომ იმ კანონმდებლებს ან კანონის აღმასრულებლებს, რომელთა ინტერესებიც არ ემთხვევა ხალხის ინტერესებს, არ უნდა ჰქონდეთ უფლება, ხალხს თავს მოახვიონ რაღაც შეხედულებები და განსაზღვრონ, რომელი მოძღვრებების ან არგუმენტების გაცნობის საშუალება უნდა მიეცეთ მათ. გარდა ამისა, საკითხის ეს ასპექტი იმდენჯერ და იმდენად ბრწყინვალედ გამოკვეთეს ადრინდელმა ავტორებმა, რომ აქ საჭირო აღარ არის მისი განსაკუთრებული დაჟინება. თუმცა ინგლისის კანონი პრესის შესახებ დღესაც ისევე მონურია, როგორც ტიუდორების დროს, თითქმის არ არსებობს საფრთხე, რომ მას რეალურად გამოიყენებენ პოლიტიკური დისკუსიის წინააღმდეგ – თუ არა მორიგი დროებითი პანიკის დროს, როდესაც ამბოხების შიშს მინისტრები და მოსამართლეები წონასწორობიდან გამოჰყავს.(1) ზოგადად თუ ვიტყვით, კონსტიტუციურ სახელმწიფოებში არ უნდა იყოს მოსალოდნელი, რომ მთავრობა (მიუხედავად იმისა, ბოლომდე აგებს თუ არა ის პასუხს ხალხის წინაშე) ხშირად ეცდება აზრის გამოხატვის გაკონტროლებას და ამით საზოგადოების საყოველთაო უკმაყოფილებას არ გამოიწვევს. ამიტომ დავუშვათ, რომ მთავრობა სრულ ერთობაშია ხალხთან და არასოდეს იფიქრებს იძულების ძალა გამოიყენოს იმასთან თანხმობის გარეშე, რაც მას ხალხის ხმად მიაჩნია. მაგრამ მე უარვყოფ, რომ თუნდაც ხალხს აქვს ასეთი იძულების განხორციელების უფლება საკუთარი ან თავისი მთავრობის ხელით. იძულება თავისთავად უკანონოა. საუკეთესო მთავრობასაც კი არ აქვს ძალის გამოყენების მეტი უფლებამოსილება, ვიდრე ყველაზე უარესს. ამის გაკეთება არანაკლებ, და შეიძლება მეტადაც, მავნებელია საზოგადოებრივ აზრთან თანხმობით, ვიდრე მის საწინააღმდეგოდ. ერთი ადამიანის გარდა მთელი კაცობრიობა ერთი აზრის რომ ყოფილიყო, და მხოლოდ ამ ერთ ადამიანს ჰქონოდა საპირისპირო აზრი, უფრო გამართლებული არ იქნებოდა კაცობრიობის მიერ ამ ერთი ადამიანის გაჩუმება, ვიდრე ამ ერთი ადამიანის მიერ, თუკი მას ამის ძალა ექნებოდა, მთელი კაცობრიობის გაჩუმება. შეხედულება რომ ისეთი პირადი საკუთრება იყოს, რომელსაც მისი მფლობელის გარდა არავისთვის არავითარი ღირებულება არ გააჩნია, შეხედულების ქონაში ხელის შეშლა მხოლოდ პირადი დაზარალება რომ იყოს, რაღაც განსხვავება იქნებოდა ამ ვნების მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის და მრავალი ადამიანისთვის მიყენებას შორის. მაგრამ შეხედულების გამოთქმის ჩახშობის განსაკუთრებული ბოროტება ის არის, რომ ის ადამიანთა მთელ მოდგმას ძარცვავს – შთამომავლობასაც და ახლანდელ თაობასაც; კიდევ უფრო მეტად ძარცვავს მათ, ვინც ამ შეხედულებას არ ეთანხმება, ვიდრე მათ, ვინც მას იზიარებს. თუ შეხედულება სწორია, მათ ერთმევათ შეცდომის ჭეშმარიტებით შეცვლის შესაძლებლობა; ხოლო თუ მცდარია, ისინი თითქმის ისეთსავე დიდ სარგებელს კარგავენ: ესაა ჭეშმარიტების უფრო მკაფიოდ აღქმა და მისი უფრო ცხოველი შთაბეჭდილების მოპოვება, რასაც შეცდომასთან მისი შეჯახება გვაძლევს.

აუცილებელია ცალ-ცალკე განვიხილოთ ეს ორი ჰიპოთეზა, რომელთაგან თითოეულს არგუმენტების განსხვავებული შტოები შეესაბამება. ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით დარწმუნებულები, რომ შეხედულება, რომლის დათრგუნვასაც ვცდილობთ, მცდარი შეხედულებაა; და დარწმუნებულებიც რომ ვიყოთ, მისი დათრგუნვა მაინც ბოროტება იქნებოდა.

პირველი: შეხედულება, რომლის ჩახშობასაც ძალით ცდილობენ, შეიძლება ჭეშმარიტი იყოს. რა თქმა უნდა, ისინი, ვინც მის ჩახშობას ცდილობენ, მის ჭეშმარიტებას უარყოფენ; მაგრამ ისინი არ არიან უცდომელები. მათ არ აქვთ უფლებამოსილება, საკითხი მთელი კაცობრიობისთვის თავად გადაწყვიტონ და სხვას ყველას წაართვან განსჯის საშუალება. შეხედულების მოსმენაზე უარის თქმა იმიტომ, რომ ისინი დარწმუნებულები არიან მის მცდარობაში, ნიშნავს იმის დაშვებას, რომ მათი უტყუარობა იგივეა, რაც აბსოლუტური უტყუარობა. დისკუსიის ყოველგვარი ჩახშობა უცდომელობის დაშვებაა. მისი დაგმობა შეიძლება შემდეგ გავრცელებულ არგუმენტს დავამყაროთ, რომელსაც არაფერს აკლებს გავრცელებულობა.

ადამიანთა კეთილგონიერების სავალალოდ, ისინი თავიანთი ცდომადობის ფაქტს სულ არ ანიჭებენ ისეთსავე მნიშვნელობას თავიანთ პრაქტიკულ მსჯლობებში, როგორსაც ყოველთვის მიაწერენ მას თეორიაში; მართლაც, თუმცა ყველამ შესანიშნავად იცის, რომ შეიძლება შეცდეს, ცოტა თუ ფიქრობს, რომ აუცილებელია სიფრთხილის რაიმე ზომების მიღება საკუთარი ცდომადობის წინააღმდეგ, ან წინასწარ იმის დაშვება, რომ ნებისმიერი შეხედულება, რომელშიც ისინი ძალიან დარწმუნებულნი არიან, შეიძლება შეცდომის ერთ-ერთი მაგალითი იყოს – შეცდომისა, რომელიც, როგორც თვითონაც აღიარებენ, მათ შეიძლება დაუშვან. აბსოლუტური მმართველები ან ისინი, ვინც ნაჩვევია სხვებისგან უსაზღვრო პატივისცემას, ჩვეულებრივ ასეთ სრულ დარწმუნებულობას განიცდიან საკუთარ შეხედულებებში თითქმის ყველა საკითხზე. უფრო სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, ვის შეხედულებებსაც ზოგჯერ მათ გასაგონად ედავებიან და ვისთვისაც მთლად უცხო არ არის, რომ, როცა თავად ცდებიან, სხვებმა შეუსწორონ, საკუთარი შეხედულებებიდან მხოლოდ იმათ ენდობიან ასე უსაზღვროდ, რომელთაც იზიარებენ მათი გარშემომყოფნი ან ისინი, ვისაც ისინი ჩვეულებრივ პატივს სცემენ; ასეა, რადგან ჩვეულებრივ ადამიანი ფარული რწმენით ეყრდნობა ზოგადად `სამყაროს~ უცდომელობას იმის პროპორციულად, თუ რამდენად დიდია მისი მოთხოვნილება, დარწმუნებული იყოს საკუთარ მსჯელობაში. ხოლო `სამყარო~ თითოეული ინდივიდისთვის მის იმ ნაწილს ნიშნავს, რომელთანაც მას ურთიერთობა აქვს: მისი პარტია, მისი სექტა, მისი ეკლესია, მისი საზოგადოებრივი კლასი; ადამიანს, სხვებთან შედარებით, შეიძლება თითქმის ლიბერალი და ფართოდ მოაზროვნე ვუწოდოთ, თუკი მისთვის `სამყარო~ რაიმე ისეთ ვრცელს ნიშნავს, როგორიცაა საკუთარი ქვეყანა ან საკუთარი ეპოქა. ამ კოლექტიურ ავტორიტეტში რწმენა ადამიანს ოდნავაც არ ერყევა იმის გაცნობიერებით, რომ სხვა ეპოქები, სხვა ქვეყნები, სხვა სექტები, სხვა კლასები და სხვა პარტიები ზუსტად საპირისპიროს ფიქრობდნენ და ახლაც ფიქრობენ. ის თავის სამყაროს გადაულოცავს სხვა ადამიანების განსხვავებული სამყაროების წინაშე თავის სიმართლეზე პასუხისმგებლობას; მას არასოდეს აღელვებს ის, რომ უბრალო შემთხვევითობამ გადაწყვიტა, ამ მრავალრიცხოვანი სამყაროებიდან რომელს მიენდობოდა ის; და რომ იმავე მიზეზებით, რომელთა გამოც ის ლონდონელი მორწმუნეა, ის შეიძლება ბუდისტი ან კონფუცის მიმდევარი ყოფილიყო პეკინში. მაგრამ ის, რომ ეპოქები სულ არ არიან ინდივიდებზე მეტად უცდომელნი, თავისთავადაც იმდენად აშკარაა, რომ მას არგუმენტების ვერავითარი რაოდენობა ვერაფერს შემატებს; თითოეულ ეპოქაში გაზიარებული იყო მრავალი ისეთი შეხედულება, რომელიც მომდევნო ეპოქებში არა უბრალოდ მცდარად, არამედ აბსურდულად ჩაითვალა; და ისევე უეჭველია ის, რომ ახლა გავრცელებულ მრავალ შეხედულებას მომავალი ეპოქები უკუაგდებს, როგორც ის, რომ ადრე გავრცელებული მრავალი შეხედულება უკუგდებულია დღეს.

ამ არგუმენტის წინააღმდეგ მოსალოდნელ შედავებას ალბათ რაღაც ასეთი ფორმა ექნება: შეცდომის გავრცელების აკრძალვაში არ არის უფრო მეტი უცდომელობის დაშვება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქმედებაში, რომელსაც ოფიციალური ხელისუფლება საკუთარ მსჯელობასა და პასუხისმგებლობას აყრდნობს. ადამიანს მსჯელობის უნარი გამოსაყენებლად მიეცა. იმის გამო, რომ ის შეიძლება არასწორად გამოვიყენოთ, განა ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ საერთოდ არ ეგების მისი გამოყენება? იმის აკრძალვა, რაც მათი აზრით მავნებელია, არის არა უცდომელობის პრეტენზიის ქონა, არამედ აღსრულება მათზე დაკისრებული მოვალეობისა, რომ მათ, თუმცა შეიძლება ცდებოდნენ, საკუთარი კეთილსინდისიერი რწმენის მიხედვით იმოქმედონ. თუ ჩვენ არასოდეს ვიმოქმედებთ საკუთარი შეხედულებების მიხედვით იმიტომ, რომ ეს შეხედულებები შეიძლება მცდარი იყოს, მაშინ უნდა მივატოვოთ ჩვენს ინტერესებზე ზრუნვა და ყველა ჩვენი მოვალეობის შესრულება. კონტრარგუმენტი, რომელიც ყველა ქმედებას მიეყენება, შეიძლება მართებული არ იყოს რომელიმე კონკრეტული ქმედებისთვის. მთავრობების და ინდივიდების მოვალეობაა, რამდენადაც ძალუძთ ჭეშმარიტი შეხედულებები შეიმუშაონ; შეიმუშაონ ისინი გულდასმით და არასოდეს მოახვიონ თავს სხვებს, თუ სავსებით დარწმუნებულები არ არიან საკუთარ სიმართლეში. მაგრამ თუ ისინი დარწმუნებულები არიან (შეიძლება თქვას მან, ვინც ასე ბჭობს), კეთილსინდისიერება კი არა, მხდალობა იქნება საკუთარი შეხედულებების მიხედვით ქმედებისგან თავის შეკავება და ისეთი მოძღვრებების შეუფერხებლად გავრცელების დაშვება, რომლებიც მათ გულწრფელად მიაჩნიათ კაცობრიობის ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური კეთილდღეობისთვის სახიფათოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკლებ განათლებულ ეპოქებში სხვა ადამიანები დევნიდნენ ახლა ჭეშმარიტად მიჩნეულ შეხედულებებს. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ უნდა ვიფრთხილოთ, იგივე შეცდომა არ დავუშვათ; მაგრამ მთავრობები და ერები შეცდომებს უშვებდნენ ისეთ საქმეებშიც, რომლებზეც არავინ იტყვის, რომ მათში ძალაუფლების გამოყენება გაუმართლებელია: ისინი აწესებდნენ გაუმართლებელ გადასახადებს, აწარმოებდნენ უსამართლო ომებს. განა ამის გამო უარი უნდა ვთქვათ გადასახადების დაწესებაზე და ომში ჩაბმაზე ნებისმიერი სახის გამოწვევის მიუხედავად? ადამიანები და მთავრობები საკუთარი უნარების მაქსიმალური გამოყენებით უნდა მოქმედებდნენ. თუმცა ვერ გვექნება აბსოლუტური უტყუარობა, შეიძლება გვქონდეს ადამიანის ცხოვრების მიზნებისთვის საკმარისი დარწმუნებულობა. შეგვიძლია და უნდა დავუშვათ ჩვენი შეხედულების ჭეშმარიტება, რათა მისით ვიხელმძღვანელოთ საკუთარ ქმედებებში; და მეტს არაფერს ვუშვებთ, როცა ცუდ ადამიანებს ვუკრძალავთ საზოგადოების გარყვნას იმ შეხედულებების გავრცელებით, რომლებიც მცდარად და მავნედ მიგვაჩნია.

ჩემი პასუხია, რომ ამით უზომოდ მეტს ვუშვებთ. უდიდესი განსხვავებაა შემდეგ ორ რამეს შორის: შეხედულების ჭეშმარიტების დაშვება იმიტომ, რომ მისი უკუგდების ყველა ხელსაყრელი შესაძლებლობის მიუხედავად ის არ უარიყო; და მისი ჭეშმარიტების დაშვება იმისთვის, რომ აღვკვეთოთ მისი უარყოფის ცდები. სწორედ ჩვენს შეხედულებასთან დაპირისპირების და მისი უკუგდების სრული თავისუფლებაა ის პირობა, რომელიც გვამართლებს ქმედების მიზნებისთვის მისი ჭეშმარიტების დაშვებაში; არც ერთი სხვა პირობით არ შეიძლება ადამიანური უნარების მქონე არსება რაციონალურად იყოს დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში.

როცა ადამიანთა შეხედულებების ან ჩვეულებრივ ქმედებათა ისტორიას განვიხილავთ, რას უნდა მივაწეროთ ის, რომ არც ერთი და არც მეორე იმაზე უარესი არ არის, რაც არის რეალურად? უეჭველია, არა ადამიანის გონების თანდაყოლილ ძალას; ეს იმიტომ, რომ ნებისმიერი არათვითცხადი საკითხისთვის ოთხმოცდაცხრამეტ ადამიანზე, სავსებით რომ არ ძალუძს მასზე განსჯა, მოდის ერთი, რომელსაც ეს შეუძლია; და ამ მეასე ადამიანის უნარიც მხოლოდ შედარებითია; მართლაც, ყოველი წარსული თაობის გამორჩეულ ადამიანთა უმრავლესობა ბევრ ისეთ შეხედულებას იზიარებდა, რომელთა მცდარობაც ახლა ცნობილია, და ბევრ ისეთ რამეს აკეთებდა ან იწონებდა, რასაც დღეს არავინ გაამართლებდა. მაშ რატომ ხდება, რომ მთლიანად კაცობრიობაში რაციონალური შეხედულებები და რაციონალური ქმედება ჭარბობს? თუ მართლა ასეა – და ასეც უნდა იყოს, თუ ადამიანთა ყოფა ყოველთვის არ იყო და დღესაც არ რჩება თითქმის უიმედო მდგომარეობაში – ამას ადამიანის გონების (ყოველივე იმის წყაროს, რაც პატივისცემას იმსახურებს ადამიანში, როგორც ინტელექტუალურ ან მორალურ არსებაში) ერთ თვისებას უნდა ვუმადლოდეთ; სახელდობრ იმას, რომ მისი შეცდომები შესწორებადია. ადამიანს აქვს ბჭობითა და გამოცდილებით საკუთარი შეცდომების გამოსწორების უნარი. მხოლოდ გამოცდილება არ კმარა. აუცილებელია ბჭობა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა გავიგოთ გამოცდილება. არასწორი შეხედულებები და ქმედებები თანდათან უკან იხევს ფაქტისა და არგუმენტის წინაშე. მაგრამ იმისთვის, რომ ფაქტებს და არგუმენტებს გავლენა ჰქონდეთ გონებაზე, ისინი მის წინაშე უნდა წარსდგნენ. ძალიან ცოტა ფაქტს ძალუძს გვაუწყოს საკუთარი ამბავი, ის კომენტარები რომ არა, რომლებიც მის საზრისს გვიმჟღავნებს. ამრიგად ადამიანის მსჯელობის მთელ ძალასა და ღირებულებას, დამოკიდებულს იმ ერთ თვისებაზე, რომ შესაძლებელია მისი სწორ გზაზე დაყენება, როცა ის ცდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება ვენდოთ, როცა მისი სწორ გზაზე დაყენების საშუალებები მუდმივად ჩვენს ხელთაა. როგორ ხდება, რომ რომელიმე პიროვნების მსჯელობები მართლა იმსახურებს ნდობას? როგორ და იმით, რომ მისი გონება ყოველთვის ღია იყო მისი შეხედულებების და ქმედებების კრიტიკისათვის; იმით, რომ ის ყოველთვის ყურს უგდებდა ყველაფერს, რაც მის წინააღმდეგ შეიძლებოდა ეთქვათ; მაქსიმალურად სარგებლობდა იმით, რაშიც მოწინააღმდეგე მართალი იყო და თავის თავსა და, თუკი შემთხვევა მიეცემოდა, სხვებსაც უხსნიდა იმის მცდარობას, რაშიც ის ცდებოდა; იმით, რომ აცნობიერებდა, რომ ადამიანისთვის მთელი საკითხის ცოდნასთან ოდნავ მაინც მიახლოების ერთადერთი გზაა უსმინოს ყველაფერს, რაც მის შესახებ სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანებმა შეიძლება თქვან, და შეისწავლოს ყველა თვალსაზრისი, რომლითაც მას სხვადასხვა ყაიდის მოაზროვნეები შეიძლება მიუდგნენ. არასოდეს არც ერთ ბრძენ ადამიანს არ შეუძენია სიბრძნე სხვაგვარად; არც ადამიანის ინტელექტის ბუნებაში ძევს დაბრძენების რაიმე სხვა გზა. საკუთარი შეხედულების სხვების შეხედულებებთან შეჯერებით შესწორებისა და შევსების მყარ ჩვევას არათუ ეჭვი და მერყეობა არ შეაქვს მის პრაქტიკულ გამოყენებაში, არამედ ერთადერთი მტკიცე საფუძველია მის მიმართ ნდობის გამართლებისთვის. მართლაც, თუ ადამიანმა გაიგო ყველაფერი, რაც მის წინააღმდეგ შეიძლება ითქვას (აშკარად მაინც) და ყველა მოწინააღმდეგის საპირისპიროდ თავის პოზიციაზე რჩება – რადგან იცის, რომ თავს კი არ არიდებდა შედავებებსა და სიძნელეებს, არამედ თავად ეძებდა მათ; რომ არ დაუხშია არც ერთი წყარო, რომლისგანაც საკითხის რომელიმე მხარეს შეიძლება შუქი მოჰფენოდა – მას აქვს უფლება იფიქროს, რომ მისი შეხედულება სჯობს ნებისმიერი სხვა, რაგინდ ბევრი ადამიანის შეხედულებას, რომელთაც მსგავსი პროცესი არ გაუვლიათ.

მეტისმეტს არ მოვითხოვთ, თუ ვიტყვით, რომ ის, რასაც ადამიანთა შორის ყველაზე ბრძენნი, რომელთაც ყველაზე მეტი უფლება აქვთ საკუთარ მსჯელობას ენდონ, ასეთი ნდობის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ, უნდა შეასრულოს რამდენიმე ბრძენი და ბევრი მოსულელო ინდივიდის იმ ჭრელმა ნაკრებმა, საზოგადოება რომ ჰქვია. ეკლესიებს შორის ყველაზე არაშემწყნარებელი – რომის კათოლიკური ეკლესია – წმინდანის კანონიზაციის დროსაც კი იწვევს და მოთმინებით უსმენს `ეშმაკის ადვოკატს~. როგორც ჩანს, ადამიანთა შორის უწმინდესსაც კი ვერ მიეგება პატივი სიკვდილის შემდეგ, სანამ ცნობილი არ გახდება და არ აიწონ-დაიწონება ყველაფერი, რის თქმაც ეშმაკს ძალუძს მის წინააღმდეგ. კაცობრიობა თვით ნიუტონის ფილოსოფიის ჭეშმარიტებაშიც ვერ იქნებოდა ისე დარწმუნებული, როგორც დღეს არის, ნებადართული რომ არ ყოფილიყო მისი ეჭვქვეშ დაყენება. ჩვენს ყველაზე საიმედო რწმენებს არავითარი სხვა დამცავი და საყრდენი არ გააჩნია, გარდა მათი უსაფუძვლობის დასამტკიცებლად მთელი მსოფლიოს მუდმივი გამოწვევისა. თუ გამოწვევა არ მიიღეს, ან მიიღეს, მაგრამ მარცხი განიცადეს, ჩვენ მაინც ძალიან შორს ვართ უტყუარობისგან; მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელია ადამიანის გონების არსებულ მდგომარეობაში; ჩვენ არ უგულებელვყავით არაფერი, რასაც შეიძლება ჭეშმარიტებისთვის ჩვენამდე მოღწევის შანსი მიეცა; და თუ ასპარეზის კარს ღიას დავტოვებთ, შევგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ თუ უკეთესი ჭეშმარიტება არსებობს, მასაც მივაგნებთ, როცა ადამიანის გონებას მისი მიღების უნარი ექნება; მანამდე კი შეგვიძლია იმედიანად ვიყოთ, რომ ჭეშმარიტებასთან იმდენად ახლოს მივედით, რამდენადაც ეს ჩვენს დროშია შესაძლებელი. ეს არის იმდენი უტყუარობა, რამდენსაც ცდომადმა არსებამ შეიძლება მიაღწიოს, და ეს არის მისი მიღწევის ერთადერთი გზა.

გასაკვირია, რომ ადამიანები აღიარებენ თავისუფალ დისკუსიაში არგუმენტების ღირებულებას, მაგრამ ეწინააღმდგებიან მათ `უკიდურესობამდე მიყვანას~; ვერ ხედავენ, რომ თუ საბუთები უკიდურესი შემთხვევისთვის არ ვარგა, ისინი არც ერთი შემთხვევისთვის არ ივარგებს. გასაკვირია, რომ თავიანთი წარმოდგენით ისინი არ იღებენ უცდომელობის დაშვებას, როცა აღიარებენ, რომ ყველა თემაზე, რომელიც შეიძლება საეჭვო აღმოჩნდეს, უნდა არსებობდეს თავისუფალი დისკუსია, მაგრამ ფიქრობენ, რომ ზოგიერთი კონკრეტული პრინციპის ან მოძღვრების ეჭვქვეშ დაყენება უნდა აიკრძალოს იმიტომ, რომ ის ეგზომ უტყუარია – ანუ იმიტომ, რომ თვითონ არიან დარწმუნებულები მის უტყუარობაში. რაიმე დებულებისთვის უტყუარის წოდება მაშინ, როცა არსებობს ვიღაც, ვინც მის უტყუარობას უარყოფდა ამის ნება რომ დაერთოთ (მაგრამ ნებას არ რთავენ), იმის დაშვებაა, რომ უტყუარობის მსაჯულები ვართ თავად ჩვენ და ის, ვინც ჩვენ გვეთანხმება; თანაც ისეთი მსაჯულები, რომელთაც მეორე მხარის ხმა არ ესმით.

დღევანდელ დროში, რომელსაც `რწმენისგან განძარცვული, მაგრამ სკეპტიციზმით დაშინებული~ დრო უწოდეს და რომელშიც ადამიანები იმდენად საკუთარი შეხედულებების ჭეშმარიტებაში კი არ არიან დარწმუნებულები, რამდენადაც იმაში, რომ არ იციან როგორ მოიქცნენ მათ გარეშე, რაიმე შეხედულების საჯარო თავდასხმისგან დაცვის მოთხოვნები ემყარება არა იმდენად მის ჭეშმარიტებას, რამდენადაც საზოგადოებისთვის მის მნიშვნელობას. ამტკიცებენ, რომ არსებობს გარკვეული რწმენები, რომლებიც კეთილდღეობისთვის იმდენად სასარგებლოა და შეიძლება აუცილებელიც, რომ ამ რწმენების მხარდაჭერა ისევეა მთავრობათა მოვალეობა, როგორც საზოგადოების ნებისმიერი სხვა ინტერესის დაცვა. შემდეგ ამტკიცებენ, რომ ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში და მათ მოვალეობებთან ასეთ პირდაპირ თანხმობაში, შეიძლება უცდომელობაზე რაღაც ნაკლები ამართლებდეს და ავალდებულებდეს კიდეც მთავრობებს, რომ მათ იმოქმედონ საკუთარი შეხედულების მიხედვით, რომელსაც კაცობრიობის საერთო შეხედულებაც ეთანხმება. არანაკლებ ხშირად ამბობენ, და კიდევ უფრო ხშირად ფიქრობენ, რომ ცუდი ადამიანების გარდა არავინ ისურვებდა ამ კეთილისმყოფელი რწმენების შესუსტებას; და რომ ცუდი არაფერი შეიძლება იყოს ცუდი ადამიანების ალაგმვაში და იმის აკრძალვაში, რის გაკეთებასაც მხოლოდ ისინი მოინდომებდნენ. აზროვნების ეს ყაიდა დისკუსიის შეზღუდვების გამართლებას წარმოგვიდგენს არა მოძღვრებათა ჭეშმარიტების, არამედ მათი სარგებლიანობის საკითხად; ამ ყაიდის მოაზროვნენი კი თავს იმით ინუგეშებენ, რომ ასე გაექცევიან შეხედულებათა უცდომელ მსაჯულად ყოფნის პრეტენზიის პასუხისმგებლობას. მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, რომ ამით უცდომელობის დაშვება უბრალოდ ერთი წერტილიდან მეორეშია გადატანილი. შეხედულების სარგებლიანობა თავად არის შეხედულების საქმე: ის ისევე სადავოა, განხილვისთვის ისევე ღიაა და ისევე მოითხოვს განხილვას, როგორც თავად შეხედულება. შეხედულების მავნეობის გადასაწყვეტად საჭიროა შეხედულებათა იგივე უცდომელი მსაჯული, რომელიც შეხედულების მცდარობის გადაწყვეტას სჭირდება, თუკი დასაგმობ შეხედულებას არ ეძლევა თავის დაცვის სრული შესაძლებლობა. საქმეს არც იმის თქმა შველის, რომ ერეტიკოსს შეიძლება მიეცეს შეხედულების სარგებლიანობის ან უვნებლობის მტკიცების ნება, თუმცა ეკრძალება მისი ჭეშმარიტების დაცვა. შეხედულების ჭეშმარიტება მისი სარგებლიანობის ნაწილია. განა შესაძლებელია ვიცოდეთ, არის თუ არა სასურველი რაიმე დებულების რწმენა ისე, რომ არ გავითვალისწინოთ ჭეშმარიტია თუ არა ის? არა ცუდი, არამედ საუკეთესო ადამიანების აზრია, რომ არ შეიძლება რომელიმე რწმენა მართლა სასარგებლო იყოს, თუ ის ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება; განა შეძლებთ ასეთ ადამიანებს დაუშალოთ ამ საბუთის გამეორება, როცა მათ ბრალად წაუყენებენ რომელიღაც სასარგებლოდ მიჩნეული მოძღვრების უარყოფას, რომლის მცდარობაშიც ისინი დარწმუნებულნი არიან? მათ, ვინც საყოველთაოდ მიღებული შეხედულებების მხარეს არიან, არასოდეს ავიწყდებათ ამ საბუთიდან ყველა შესაძლო უპირატესობის მიღება; ვერ ნახავთ, რომ ისინი სარგებლიანობის საკითხს ისე განიხილავდნენ, თითქოს შეიძლებოდეს ჭეშმარიტების საკითხისგან მისი სრული განყენება: პირიქით, მათი მოძღვრების ცოდნის ან რწმენის აუცილებლობას უწინარეს ყოვლისა სწორედ იმით ასაბუთებენ, რომ ის `ჭეშმარიტებაა~. სარგებლიანობის საკითხის განხილვა ვერ იქნება სამართლიანი, როცა ასეთი სასიცოცხლო არგუმენტის გამოყენების უფლება ერთ მახრეს ეძლევა, მეორეს კი – არა. და ფაქტია, რომ როცა კანონი ან საზოგადოებრივი განწყობა არ უშვებს რაიმე შეხედულების ჭეშმარიტების ეჭვქვეშ დაყენებას, ისინი ზუსტად ასევე შეუწყნარებლად ეკიდებიან მისი სარგებლიანობის უარყოფას. მაქსიმუმი, რასაც ისინი დაუშვებენ, არის ის, რომ შეარბილონ მისი აბსოლუტური აუცილებლობის ან მისი უკუგდებით ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მტკიცებები.

იმის უფრო სრული ილუსტრაციისთვის, თუ რა ბოროტებაა შეხედულებათა მოსმენის აღკვეთა იმიტომ, რომ ისინი დავგმეთ ჩვენი საკუთარი შეფასების საფუძველზე, სასურველი იქნება კონკრეტული შემთხვევების განხილვა; მე არჩევანი შევაჩერე ჩემთვის ყველაზე ნაკლებად ხელსაყრელ შემთხვევებზე, რომლებშიც შეხედულების თავისუფლების წინააღმდეგ არგუმენტი უძლიერესად მიიჩნევა როგორც ჭეშმარიტების, ისე სარგებლიანობის თვალსაზრისით. დავუშვათ, რომ სადავოდ ხდიან ღმერთისა და იმქვეყნიური საუფლოს რწმენას, ან მორალის რომელიმე საყოველთაოდ აღიარებულ მოძღვრებას. ბრძოლის ასეთ ნიადაგზე წარმოება დიდ უპირატესობას აძლევს არაკეთილსინდისიერ მოწინააღმდეგეს, რადგან ის დარწმუნებით იტყვის (და იგივეს გაიფიქრებს თავისთვის ბევრი ისეთიც, ვისაც სულ არ სურს არაკეთილსინდისიერი იყოს): განა არ მიგაჩნიათ ეს მოძღვრებები საკმარისად უტყუარად იმისთვის, რომ ისინი კანონმა დაიცვას? განა ღმერთის რწმენა ისეთი შეხედულებაა, რომელში დარწმუნებულობაც, თქვენი აზრით, უცდომელობის დაშვებას ნიშნავს? მაგრამ ნება მომეცით შევნიშნო, რომ უცდომელობის დაშვებას მე ვუწოდებ არა მოძღვრებაში (რაც არ უნდა იყოს ის) დარწმუნებულობას, არამედ ძალისხმევას, ეს საკითხი სხვებისთვის გადავწყვიტოთ ისე, რომ მათ არ მივცეთ საშუალება მოისმინონ ყველაფერი, რაც მის წინააღმდეგ შეიძლება ითქვას. ასეთ პრეტენზიას მე არანაკლებ ვძრახავ და ვგმობ იმ შემთხვევაშიც, როცა მას ჩემთვის ყვლაზე ძვირფასი რწმენების დასაცავად აყენებენ. როგორ ძლიერაც არ უნდა იყოს ვინმე დარწმუნებული რაიმე შეხედულების არა მხოლოდ მცდარობაში, არამედ მის მავნე შედეგებშიც – არა მხოლოდ მავნე შედეგებში, არამედ (ჩემთვის სავსებით მიუღებელი გამოთქმა რომ გამოვიყენო) მის ამორალურობასა და უწმინდურებაში – თუკი ამ პირადი შეფასების გამო, რომელსაც მართალია ზურგს უმაგრებს მისი ქვეყნის ან მის თანამედროვეთა საყოველთაო აზრიც, ის ამ შეხედულებას თავის დასაცავად ლაპარაკის საშუალებას არ აძლევს, ის უცდომელობას უშვებს. და ეს დაშვება არათუ არ არის ნაკლებ სადავო ან ნაკლებ სახიფათო იმის გამო, რომ შეხედულებას ამორალურს ან უწმინდურს უწოდებენ, პირიქით, ის ყველა სხვა შემთხვევაზე უფრო საბედისწეროა. ეს არის ზუსტად ის შემთხვევები, რომლებშიც ერთი თაობის ადამიანები ისეთ შემზარავ შეცდომებს უშვებენ, მომავალ თაობებში გაოცებას და შეძრწუნებას რომ იწვევს. სწორედ ესენია ისტორიაში ის ღირსსახსოვარი ვითარებები, როცა კანონის ხელი საუკეთესო ადამიანებისა და ყველაზე დიდებული მოძღვრებების ამოსაძირკვად გამოიყენეს; და თუმცა მისი ადამიანების წინააღმდეგ გამოყენება სავალალოდ წარმატებული იყო ხოლმე, მოძღვრებათაგან ზოგიერთი გადარჩა იმისთვის, რომ (თითქოს დასაცინად) მათთვის მოეხმოთ მსგავსი ქმედებების გასამართლებლად იმათ წინააღმდეგ, ვინც მათ, ან მათ გავრცელებულ ინტერპრეტაციას არ ეთანხმება.

ალბათ ზედმეტი არასოდეს იქნება კაცობრიობისთვის იმის შეხსენება, რომ ოდესღაც არსებობდა ადამიანი, სახელად სოკრატე. მასა და მის თანამედროვე ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ აზრს შორის ღირსსახსოვარი შეჯახება მოხდა. დიდი პიროვნებებით მდიდარ ეპოქასა და ქვეყანაში დაბადებული ამ კაცის ხსოვნა მისი დროის ყველაზე სათნო ადამიანის სახელით შემოგვინახეს მათ, ვინც კარგად იცნობდა მასაც და მის დროსაც; ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც სათნოების ყველა მომდევნო მასწავლებლის მეთაურსა და პროტოტიპს, როგორც წყაროს პლატონის ამაღლებული შთაგონებებისა თუ არისტოტელეს აწონ-დაწონილი უტილიტარიზმისა – ადამიანებისა, რომლებიც ეთიკისა და ყველა სხვა სახის ფილოსოფიის ორი მამამთავარია, `i maëstri di color che sanno~ (სწავლულთა მასწავლებლები.). ეს ადამიანი, რომელიც მის შემდეგ დაბადებული ყველა გამოჩენილი მოაზროვნის მასწავლებლადაა აღიარებული და რომლის დიდებაც ორი ათას წელზე მეტი ხნის შემდეგაც აგრძელებს ზრდას და თითქმის გადასწონის მისი მშობლიური ქალაქის ყველა სხვა ცნობილ სახელს ერთად, სასამართლომ დამნაშავედ ცნო უღმერთობასა და ამორალურობაში და შემდეგ სიკვდლით დასაჯეს მისმა თანამოქალაქეებმა. უღმერთობისთვის, რადგან ის უარყოფდა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ღმერთებს; მართლაც, მისი ბრალმდებელი ამტკიცებდა (იხილეთ აპოლოგია), რომ მას სულ არავითარი ღმერთი არ სწამდა. ამორალურობისთვის, რადგან თავისი მოძღვრებებით და შეგონებებით `ახალგაზრდობას რყვნიდა~. ყველა საფუძველი გვაქვს დავიჯეროთ, რომ ტრიბუნალმა გულწრფელად მიიჩნია ის ამ ბრალდებებში დამნაშავედ და ადამიანს, რომელიც ალბათ ყველა სხვა ადამიანზე მეტად იმსახურებდა კაცობრიობისგან საუკეთესოს, სიკვდილი მიუსაჯა, როგორც ბოროტმოქმედს.

აქედან გადავიდეთ სამართლებრივი ბოროტების იმ ერთადერთ სხვა შემთხვევაზე, რომლის ხსენებაც სოკრატეს დასჯის შემდეგ სიმწვავის შემცირება არ იქნება: ათასრვაასზე მეტი წლის წინ გოლგოთაზე მომხდარი ამბავი. ადამიანი, რომელმაც მისი ცხოვრებისა და საუბრების მომსწრეთა მეხსიერებაში მორალური სიდიადის ისეთი კვალი დატოვა, რომ მომდევნო თვრამეტი საუკუნე მას პიროვნულად მიაგებს პატივს, როგორც ყოვლადძლიერს, სამარცხვინოდ მოკლეს და მოკლეს როგორც ვინ? როგორც ღვთისმგმობელი. ადამიანებმა არა თუ ვერ იცნეს თავიანთი კეთილისმყოფელი, შეცდომით ის იმის ზუსტ საპირისპიროდ მიიჩნიეს, ვინც იყო, და როგორც უღმერთობის მწვერვალს, ისე მოექცნენ; ამის გამო ახლა ისინი თავად ითვლებიან ასეთებად. გრძნობები, რომლებიც ახლა აქვთ ადამიანებს ამ სავალალო შემთხვევების, განსაკუთრებით მეორის, მიმართ, მათ უბედური მოქმედი პირების ძალიან უსამართლო განსჯისკენ უბიძგებს. ყველა მონაცემის თანახმად, ესენი არ იყვნენ ცუდი ადამიანები – არ იყვნენ უფრო ცუდები, ვიდრე ჩვეულებრივ არიან ხოლმე ადამიანები, პირიქით. ეს იყო თავიანთი დროისა და თავიანთი ხალხისთვის დამახასიათებელი რელიგიური, მორალური და პატრიოტული გრძნობებით სრულად, ან რამდენადმე გადაჭარბებით აღვსილი ხალხი: ზუსტად ისეთი ადამიანები, რომელთაც ყველა დროში, ჩვენი დროის ჩათვლით, ყველა შანსი აქვთ, მთელი ცხოვრება შეუბღალავი სახელით, პატივით გარემოსილებმა გაატარონ. უმაღლესმა ქურუმმა ტანისამოსი შემოიხია იმ სიტყვების გაგონებაზე, მის ქვეყანაში მიღებული ყველა იდეის მიხედვით უშავბნელეს დანაშაულს რომ წარმოადგენდა, და ძალიან სავარაუდოდ ის ზუსტად ისევე გულწრფელი იყო თავის შეძრწუნებასა და აღშფოთებაში, როგორც გულწრფელია ჩვენი თნამედროვე პატივცემული და ღვთისმოშიში ადამიანების უმრავლესობა თავიანთ რელიგიურ და მორალურ გრძნობებში. უმრავლესობა იმათგან, ვისაც ახლა მისი საქციელი აძრწუნებს, ზუსტად მასავით მოიქცეოდა, მის დროში რომ ეცხოვრა და ებრაელად გაჩენილიყო. ორთოდოქს ქრისტიანებს, რომელთაც ცდუნება სძლევთ იფიქრონ, რომ მათზე უარესი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ვინც ჩაქოლვით კლავდა პირველ წამებულებს, უნდა ახსოვდეთ, რომ ამ მდევნელთაგან ერთ-ერთი წმინდა პავლე იყო.

დავამატოთ კიდევ ერთი, ყველაზე გასაოცარი, მაგალითი, თუ შეცდომის შთამბეჭდავობას მისი ჩამდენის სიბრძნითა და სათნოებით გავზომავთ. თუკი ოდესმე ძალაუფლების მქონე რომელიმე ადამიანს საფუძველი ჰქონია საკუთარი თავი თავის თანამედროვეთა შორის საუკეთესო და ყველაზე განათლებულ ადამიანად მიეჩნია, ეს იმპერატორი მარკუს ავრელიუსი იყო. მთელი ცივილიზებული სამყაროს ამ აბსოლუტურმა მონარქმა მთლი სიცოცხლის მანძილზე შეინარჩუნა არა მხოლოდ უზადო სამართლიანობა, არამედ უდიდესი გულჩვილობაც, რაც ნაკლებ მოსალოდნელი იყო მისი სტოიკური აღზრდისგან. ის ორიოდე წარუმატებლობაც, მას რომ მიეწერება, მისი მიმტევებლობით იყო გამოწვეული; ხოლო მისი ნააზრევი, ანტიკური აზროვნების ეთიკური შემოქმედების მწვერვალი, ქრისტეს ყველაზე დამახასიათებელი მოძღვრებებისგან ძნელად შესამჩნევად განსხვავდება, თუკი საერთოდ განსხვავდება. ეს კაცი, მის შემდეგ გამეფებულ თითქმის ყველა მართლა ქრისტიან სუვერენზე უკეთესი ქრისტიანი სიტყვის ყველა მნიშვნელობით დოგმატურის გარდა, ქრისტიანობას დევნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჰუმანურობის ყველა მანამდელი მიღწევის მწვერვალზე იდგა თავისი გახსნილი, შეუზღუდავი ინტელექტითა და ისეთი ხასიათით, რომ საკუთარი ძალისხმევით შეძლო თავის ეთიკურ შრომებში ქრისტიანული იდეალის ხორცშესხმა, მან მაინც ვერ დაინახა, რომ ქარისტიანობა სიკეთე იქნებოდა და არა ბოროტება სამყაროსთვის, რომლის წინაშე მოვალეობის გრძნობითაც ასე ღრმად იყო ის გამსჭვალული. მან იცოდა, რომ არსებული საზოგადოება სავალალო მდგომარეობაში იყო. მაგრამ ის ხედავდა, ან ეგონა რომ ხედავდა, რომ როგორიც არ უნდა ყოფილიყო ეს საზოგადოება, მას აერთიანებდა და უარესისგან იცავდა აღიარებული ღვთაებების რწმენა და თაყვანისცემა. როგორც კაცობრიობის მმართველი, ის თავის მოვალეობად მიიჩნევდა, არ დაეშვა საზოგადოების დაქუცმაცება; ის ვერ ხედავდა, როგორ იყო შესაძლებელი საზოგადოებაში არსებული კავშირების მოშლის შემთხვევაში სხვა კავშირების ჩამოყალიბება, რომლებიც ისევ გააერთიანებდა მას. ახალი რელიგია აშკარად ისახავდა მიზნად არსებული კავშირების გაუქმებას: და რადგან ის ამ რელიგიის მიღებას არ თვლიდა თავის მოვალეობად, მოვალეობად მისი განადგურება ეჩვენებოდა. და რამდენადაც ქრისტიანული თეოლოგია მას არ მიაჩნდა ჭეშმარიტად და ღვთაებრივი საწყისის მქონედ; რამდენადაც ჯვარცმული ღმერთის ეს უცნაური ამბავი მისთვის სარწმუნო არ იყო; და რამდენადაც მან ვერ განჭვრიტა, რომ სისტემას, რომელიც ბოლომდე ამ, მისთვის სავსებით დაუჯერებელ საფუძველს ემყარებოდა, ის განმაახლებელი ძალა ექნებოდა, რაც მას ფაქტობრივად აღმოაჩნდა ყვლა ბრძოლის შემდეგ, ფილოსოფოსთა და მმართველთა შორის ამ ყველაზე სათნო და სანდომიანმა ადამიანმა მოვალეობის გულწრფელი გრძნობით გასცა ქრისტიანობის დევნის ბრძანება. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფაქტია მთელ ისტორიაში. მწარეა იმაზე ფიქრი, რამდენად სხვაგვარი რამ შეიძლება ყოფილიყო მსოფლიოში ქრისტიანობა, ქარისტიანული მრწამსი კონსტანტინეს ნაცვლად მარკუს ავრელიუსის მმართველობისას რომ მიეღოთ იმპერიის რელიგიად. მაგრამ მის მიმართ არანაკლები უსამართლობა და ჭეშმარიტების არანაკლები გაყალბება იქნებოდა იმის უარყოფა, რომ, როცა ქრისტიანობის გავრცელებას დევნიდა, მარკუს ავრელიუსს ჰქონდა ყველა ის საბუთი, რომელიც ანტიქრისტიანული მოძღვრების დევნის გასამართლებლად შეიძლება წამოაყენონ. არც ერთი ქრისტიანის რწმენა, რომ ათეიზმი მცდარია და იწვევს საზოგადოების რღვევას, არ არის უფრო მტკიცე, ვიდრე მარკუს ავრელიუსის იგივე რწმენა იყო ქრისტიანობაზე – ადამიანისა, რომელზეც შეიძლება ვიფიქროთ, რომ მის დროს მცხოვრებ ყველა ადამიანზე უკეთ შეეძლო ქრისტიანობის შეფასება. თუ ის, ვინც შეხედულებათა გავრცელებისთვის დასჯას იწონებს, თავს არ იტყუებს, რომ მარკუს ავრელიუსზე უფრო ბრძენი და უკეთესი ადამიანია, უფრო ღრმადაა განსწავლული თავისი დროის სიბრძნეში, თავისი ინტელექტით უფრო მეტად უსწრებს წინ თავის დროს, უფრო გულწრფელად ეძიებს ჭეშმარიტებას ან უფრო მეტად ერთგულია მისი, როცა იპოვის, დაე თავი შეიკავოს საკუთარი თავის და უმრავლესობის ერთობლივი უცდომელობის იმ დაშვებისგან, რომელიც დიდმა ანტონიუსმა გააკეთა ასეთი საუბედურო შედეგით.

რადგან ხვდებიან, რომ შეუძლებელია არარელიგიურ შეხედულებათა დასათრგუნად სასჯელის გამოყენების დაცვა ისეთი არგუმენტებით, რომლებიც მარკუს ავრელიუსსაც არ გაამართლებდა, რელიგიური თავისუფლების მტრები, თუ მაგრად შეუტევენ, ზოგჯერ უარს არ ამბობენ ამ შედეგზე და დოქტორ ჯონსონთან ერთად ამბობენ, რომ ქრისტიანობის მდევნელები მართლები იყვნენ; რომ დევნა განსაცდელია, რომელსაც ჭეშმარიტებამ უნდა გაუძლოს და ყოველთვის წარმატებით უძლებს, რადგან სამართლებრივი სასჯელი საბოლოო ჯამში უძლურია ჭეშმარიტების წინაშე, თუმცა ზოგჯერ სასიკეთოდ ქმედითია მავნე შეცდომების წინააღმდეგ. რელიგიური შეუწყნარებლობის სასარგებლოდ ამ სახის არგუმენტი საკმაოდ ღირსშესანიშნავია და შენიშვნის გარეშე არ უნდა დავტოვოთ.

თეორიას, რომელიც ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტების დევნა შეიძლება გამართლებული იყოს, რადგან ის ვერ მიაყენებს მას რაიმე ვნებას, ვერ დავდებთ ბრალად, რომ მიზანდასახულად ემტერება ახალი ჭეშმარიტებების მიღებას; მაგრამ შეუძლებელია მოვიწონოთ დაუნანებლობა, რომლითაც ის ეპყრობა ადამიანებს, ვისგანაც კაცობრიობა დავალებულია ამ ჭეშმარიტებებით. ქვეყნიერებისთვის რაღაც ისეთის, აქამდე უცნობის აღმოჩენა, რაც ღრმად აწუხებს მას, მისთვის იმის ჩვენება, რომ რაღაც სასიცოცხლო, ამქვეყნიური ან სულიერი მნიშვნელობის მქონე საკითხზე ცდებოდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი სამსახურია, ვიდრე ნებისმიერი სხვა, რაც ადამიანმა თავის თნამოძმეთ შეიძლება გაუწიოს; მათ კი, ვინც დოქტორ ჯონსონს ეთანხმება, მიაჩნიათ, რომ ზოგ შემთხვევაში (როგორც ადრეული ქრისტიანებისა და რეფორმატორების შემთხვევებში) ეს იყო უძვირფასესი საჩუქრი, რაც შეიძლება ვინმეს კაცობრიობისთვის ეძღვნა. და ამ თეორიის მიხედვით, ნორმალური და გამართლებადი ვითარებაა და არა სავალალო შეცდომა და უბედურება, რაც კაცობრიობამ ძაძებით შემოსილმა უნდა იგლოვოს, ის, რომ ასეთი ბრწყინვალე სარგებლობის მომტანთ წამებით გაუსწორდნენ და მადლობა გადაუხადონ იმით, რომ უსაზიზღრეს ბოროტმოქმედებსავით მოეპყრონ. ამ მოძღვრების მიხედვით, ახალი ჭეშმარიტების მქადაგებელი ისევე, როგორც ლოკრელების კანონმდებლობით ახალი კანონის შემომთავაზებელი, ყულფში თავგაყოფილი უნდა იდგეს და ყულფს იმ წუთში უნდა მოუჭირონ, თუ მისი საბუთების მოსმენის შემდეგ საჯარო კრება მაშინვე და იქვე არ მიიღებს მის წინადადებას. ვერ ვიფიქრებთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც კეთილისმყოფელთა მიმართ ასეთ მოპყრობას იცავენ, დიდ ღირებულებას ანიჭებენ მათ მოტანილ სარგებელს; და მჯერა, რომ ამ თვალსაზრისს ძირითადად ისეთი ადამიანები იზიარებენ, ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება ახალი ჭეშმარიტებები სასურველი იყო ოდესღაც, მაგრამ დღესდღეობით ჩვენ უკვე საკმაოდ გვქონდა ისინი.

მაგრამ მტკიცება, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის გამარჯვებას იზეიმებს დევნის მიუხედავად, სინამდვილეში ერთ-ერთია იმ სასიამოვნო ტყუილებიდან, რომელთაც ადამიანები იმეორებენ და იმეორებენ მანამ, სანამ ისინი ბანალობებად არ იქცევიან, და რომელთაც გამოცდილება არღვევს. ისტორია სავსეა იმის მაგალითებით, როდესაც ჭეშმარიტებას დაამარცხებს დევნა. შეიძლება ის სამუდამოდ არ დაითრგუნოს, მაგრამ უკუგდებული რჩება საუკუნეების განმავლობაში. შევეხოთ მხოლოდ რელიგიურ შეხედულებებს: რეფორმაცია ოცჯერ მაინც დაიწყო და დამარცხდა ლუთერამდე. არნოლდ ბრეშელი დამარცხდა. ფრა დოლჩინო დამარცხდა. სავონაროლა დამარცხდა.

ალბიგოელები დამარცხდნენ. ვალდენსები დამარცხდნენ. ლოლარდები დამარცხდნენ. ჰუსიტები დამარცხდნენ. თვით ლუთერის ეპოქის შემდგაც კი ყველგან, სადაც დევნა არ შემწყდარა, ის წარმატებული აღმოჩნდა. პროტესტანტიზმი ამოიძირკვა ესპანეთში, იტალიაში, ფლანდრიაში, ავსტრიის იმპერიაში; და უფრო სავარაუდოა, რომ ასევე ამოიძირკვებოდა ინგლისში, დედოფალ მერის რომ ეცოცხლა ან დედოფალი ელისაბედი დაღუპულიყო. დევნა ყოველთვის წარმატებული იყო გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერეტიკოსები ერთობ ძლიერები იყვნენ იმისთვის, რომ ეფექტურად ედევნათ. არც ერთ გონიერ ადამიანს ეჭვი არ შეიძლება შეეპაროს იმაში, რომ შეიძლებოდა ქრისტიანობა ამოძირკვულიყო რომის იმპერიაში. ის გავრცელდა და გაბატონდა იმიტომ, რომ მისი დევნა მხოლოდ დროდადრო ხდებოდა, მხოლოდ მოკლე ხნით გრძელდებოდა და მას ენაცვლებოდა თითქმის დაუბრკოლებელი პროპაგანდის ხანგრძლივი ინტერვალები. ფუჭი სენტიმენტალობის ნიმუშია აზრი, რომ ჭეშმარიტებას, უბრალოდ როგორც ჭეშმარიტებას, აქვს რაღაც შინაგანი ძალა, რომელიც შეცდომას არ გააჩნია – დილეგისა და ეშაფოტის ძლევის ძალა. ადამიანები შეცდომისთვის არანაკლებ ხშირად იდებენ თავს, ვიდრე ჭეშმარიტებისთვის, და სამართლებრივი ან თუნდაც სოციალური სასჯელის საკმაო გამოყენება საზოგადოდ წარმატებული იქნება ნებისმიერი მათგანის გავრცელების აღსაკვეთად. ნამდვილი უპირატესობა, რომელიც ჭეშმარიტებას აქვს, ისაა, რომ თუ შეხედულება ჭეშმარიტია, ის შეიძლება ჩაახშონ ერთხელ, ორჯერ, ან მრავალჯერ, მაგრამ საუკუნეთა მსვლელობაში როგორც წესი მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ხელახლა აღმოაჩენენ მას, სანამ მისი ერთ-ერთი ხელახლა გამოჩენა არ დაემთხვევა ისეთ დროს, რომ ხელსაყრელი გარემოებების გამო დევნას გადაურჩება მანამდე, ვიდრე იმდენად არ მოიკიდებს ფეხს, რომ მისი დათრგუნვის ყველა მომდევნო ცდას გაუძლოს.

იტყვიან, რომ ახლა სიკვდილით აღარ ვსჯით ახალ შეხედულებათა შემომტანთ: ჩვენ არ ვგავართ ჩვენს მამებს, რომლებიც წინასწარმეტყველებს ხოცავდნენ, ჩვენ მათ აკლდამებსაც კი ვუგებთ. დიახ, ჩვენ აღარ ვკლავთ ერეტიკოსებს; და სასჯელის ზომა, რომელსაც ალბათ თანამედროვე მგრძნობელობა თუნდაც ყველაზე ამაზრზენი შეხედულებებისთვის დაუშვებდა, არ არის საკმარისი მათ ამოსაძირკვად. მაგრამ მოდით ნუ დავიიმედებთ თავს იმით, რომ ჩვენ უკვე თავისუფლები ვართ თუნდაც სამართლებრივი დევნის სირცხვილისგან. კანონით ჯერ კიდევ არსებობს შეხედულებისთვის ან, სულ მცირე, მისი გამოხატვისთვის სასჯელი; და მისი აღსრულება, თუნდაც ჩვენს დროში, ისე უპრეცედენტო არ არის, რომ სავსებით წარმოუდგენელი იყოს ერთ მშვენიერ დღეს მისი სრული ძალით აღორძინების შესაძლებლობა. 1875 წლის ზაფხულში ქორნუოლის საგრაფოს სასამართლო სხდომაზე ერთ უბედურ ადამიანს,2 რომელიც, როგორც ამბობდნენ, ყველა ცხოვრებისეულ ურთიერთობაში უნაკლოდ იქცეოდა, ოცდაერთი თვით პატიმრობა მიესაჯა იმის გამო, რომ წარმოთქვა და ალაყაფის კარზე დაწერა ქრისტიანობისთვის შეურაცხმყოფელი რამდენიმე სიტყვა. იმ შემთხვევიდან ერთი თვეც არ იყო გასული, როცა ოულდ ბეილიში ორ ადამიანს, ორ სხვადასხვა შემთხვევაში,3 უარი უთხრეს ნაფიც მსაჯულობაზე, ხოლო ერთ მათგანს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს მოსამართლემ და ერთ-ერთმა მრჩეველმა, იმის გამო, რომ მათ გულწრფელად განაცხადეს, რომ არ ჰქონდათ თეოლოგიური მრწამსი; ხოლო მესამეს, უცხოელს,4 იმავე მიზეზის გამო, უარი უთხრეს ქურდის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. კომპენსაციაზე უარის თქმის საფუძველი იყო სამართლებრივი მოძღვრება, რომ სასამართლოს დარბაზში ჩვენების მიცემა არ შეუძლია არც ერთ ადამიანს, რომელიც არ აღიარებს ღმერთისა (ნებისმიერი ღმერთი საკმარისია) და იმქვეყნიური ცხოვრების რწმენას; ეს იგივეა, რაც ასეთი ადამიანების კანონგარეშედ გამოცხადება, მათი გამორიცხვა სასამართლოს მფარველობისგან; შესაძლებელია არა მხოლოდ მათი დაუსჯელად გაძარცვა ან შეურაცხყოფა, თუ მათ ან მათი მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანებს გარდა მოწმე არავინაა, არამედ შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ადამიანის დაუსჯელად გაძარცვაც და შეურაცხყოფაც, თუ ამ ფაქტის დადასტურება მათ ჩვენებაზეა დამოკიდებული. ეს მოძღვრება ემყარება დაშვებას, რომ თუ ადამიანს იმქვეყნიური ცხოვრებისა არ სწამს, მის ფიცს არავითარი ფასი არ აქვს; ეს დებულება მეტყველებს, რომ მათ, ვინც მას ეთანხმება, ვინც მას ეთანხმება, ისტორია სრულიად არ იციან (რადგან ისტორიულად ჭეშმარიტია, რომ ყველა ეპოქაში ურწმუნოთა დიდი ნაწილი გმორჩეულად პატიოსანი და ღირსეული ადამიანი იყო); და მას არ გაიზიარებს არავინ, ვისაც ოდნავ მაინც აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რამდენია მისი სათნოებისა თუ დამსახურებების გამო ქვეყნად უდიდესი რეპუტაციის მქონე ადამიანი, რომელზეც მისმა ახლობლებმა მაინც კარგად იციან, რომ ურწმუნოა. ამის გარდა, ეს წესი თვითგამანადგურებელია და საკუთარ თავს უთხრის საფუძველს. იმ საბაბით, რომ ათეისტები მატყუარები უნდა იყვნენ, ის დასაშვებს ხდის ყველა იმ ათეისტის ჩვენებას, რომელიც მოინდომებს ტყულის თქმას, და უკუაგდებს მხოლოდ მათსას, რომელთაც ტყუილის თქმას ურჩევნიათ თვალი გაუსწორონ დამცირებას, საძულველი მრწამსის საჯაროდ აღიარება რომ მოუტანს მათ. წესი, რომლის აბსურდულობაც ასე თვითცხადია იქ, სადაც საქმე მის დეკლარირებულ მიზანს ეხება, შეიძლება ძალაში რჩებოდეს მხოლოდ როგორც სიძულვილის სიმბოლო, დევნის გადმონაშთი; დევნაც ასეთია, რადგან მისი თავისებურება ისაა, რომ ვისიმე დევნის გადაწყვეტა აშკარას ხდის, რომ ის არ იმსახურებს ამას. საეჭვოა, რომ ეს წესი და მასში ნაგულისხმები თეორია ნაკლებ შეურაცხმყოფელი იყოს მორწმუნეებისთვის, ვიდრე ურწმუნოთათვის. ვინაიდან თუ ის, ვისაც იმქვეყნიური ცხოვრების არ სწამს, აუცილებლად იტყუება, გამოდის, რომ მას, ვისაც სწამს, ტყუილის თქმისგან მხოლოდ ჯოჯოხეთის შიში აკავებს (თუკი მართლა აკავებს). ამ წესის ავტორებსა და მხარდამჭერებს აღარ ვატკენთ გულს იმის დაშვებით, რომ ქრისტიანული სათნოების მათ მიერ ჩამოყალიბებული გაგება მათი საკუთარი ცნობიერებიდანაა გამოყვანილი.

ყველაფერი ეს დევნის მართლაც მხოლოდ ნაფლეთები და ნარჩენებია და შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისინი მეტყველებენ არა იმდენად დევნის სურვილზე, რამდენადაც ინგლისელ მოაზროვნეთა ძალიან გავრცელებულ სენზე, ყოვლად გაუგებარი სიამოვნება მიიღონ ცუდი პრინციპის მტკიცებით, თუმცა თავად აღარ არიან იმდენად ცუდები, რომ მოინდომონ მისი რეალურად განხორციელება პრაქტიკაში. მაგრამ საუბედუროდ საზოგადოების აზოვნების მდგომარეობა არ გვაძლევს გარანტიას, რომ თუ დაახლობით ერთი თაობის განმავლობაში არ ხდებოდა სამართლებრივი დევნის ყველაზე უარესი ფორმების გამოყენება, ეს მომავალშიც გაგრძლდება. ჩვენს ეპოქაში რუტინის მშვიდ ზედაპირს ისევე ხშირად აშფოთებს წარსულ ბოროტებათა აღდგენის, როგორც ახალ სიკეთეთა შემოტანის მცდელობები. ამჟამად რომ კვეხნით ლაპარაკობენ რელიგიის აღორძინებაზე, ეს ყოველთვის არის, სულ მცირე იმდენადვე, ცრურწმენების აღორძინება ვიწრო და განუვითარებელ გონებებში; სადაც ხალხის გრძნობებში არსებობს შეუწყნარებლობის ძლიერი და მდგრადი პოტენცია, ეს კი ყოველთვის ბუდობდა ჩვენი ქვეყნის საშუალო ფენებში, ძალიან მცირედიც იკმარებს იმისთვის, რომ მათ დაიწყონ იმათი აქტიურად დევნა, ვინც ყოველთვის ესახებოდათ დევნის შესაფერის ობიექტებად.5 მართლაც, სწორედ ეს – ადამიანთა შეხედულებები და გრძნობები იმათ მიმართ, ვინც არ იზიარებს რწმენებს, მათ რომ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ – არის ის, რის გამოც ეს ქვეყანა არ არის სულიერი თავისუფლების ადგილი. უკვე დიდი ხანია, რაც სამართლებრივი სასჯელის მთავარი ბოროტება ის არის, რომ ის სოციალურ დაღს აძლიერებს. სწორედ ეს დაღია ნამდვილად ეფექტური, იმდენად ეფექტური, რომ საზოგადოების მიერ განკიცხულ შეხედულებათა აღიარება გაცილებით უფრო ნაკლებაა გავრცელებული ინგლისში, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, სადაც მათი აღიარება ადამიანს სამართლებლივი დასჯის საფრთხეს უქმნის. იმ ადამიანთა გარდა, ვინც თავისი ფინანსური მდგომარეობის წყალობით დამოუკიდებელია სხვების კეთილი ნებისგან, ყველა სხვა ადამიანის შემთხვევაში ამ საკითხთან საზოგადოების დამოკიდებულება ისევე ეფექტურია, როგორც კანონი; ადამიანები ისევე შეიძლება დაისაჯონ ლუკმა-პურის გამომუშავების საშუალებების წართმევით, როგორც დაპატიმრებით. მას, ვისაც ლუკმა-პური უკვე გარანტირებული აქვს და არავითარი შეღავათები არ სჭირდება ძალაუფლების მქონე ადამიანების, ხალხის მასების ან საზოგადოების მხრიდან, არავითარი საფრთხე არ ემუქრება ნებისმიერი შეხედულების საქვეყნო აღიარების გამო იმის გარდა, რომ მასზე აუგად იფიქრებენ და აუგს იტყვიან; ხოლო ამის გადსატანად არ უნდა იყოს აუცილებელი ძალიან გმირული ბუნება. ასეთ ადამიანთა სახელით ad misericordiam (გულმავიწყობისაკენ) მოწოდება უადგილოა. თუმცა მათ, ვინც ჩვენგან განსხვავებულად ფიქრობს, ახლა უკვე აღარ ვატეხთ თავზე იმდენ ბოროტებას, როგორც ადრე გჩვევოდა, შეიძლება მათ მიმართ ჩვენი მოპყრობით საკუთარ თავებს ვაყენებთ არანაკლებ ბოროტებას, ვიდრე ოდესმე. სოკრატე სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ სოკრატეს ფილოსოფია მზესავით ამაღლდა ზეცაში და თავისი ნათლით შემოსა მთელი ინტელექტუალური საუფლო. ქრისტიანებს ლომებს უგდებდნენ ხახაში, მაგრამ ქრისტიანული ეკლესია მძლავრი და ფართოტოტებიანი ხესავით გაიზარდა, რომელმაც უფრო ძველ და ნაკლებად სიცოცხლისუნარიან ნარგავებს სიმაღლეში გაასწრო და თავის ჩრდილში მოაშთო ისინი. ჩვენი მხოლოდ სოციალური შეუწყნარებლობა არავის კლავს, არავითარ შეხედულებებს არ ამოძირკვავს, მაგრამ ადამიანებს მათი დაფარვისკენ ან მათი გავრცელებისთვის ყოველგვარი აქტიური ქმედებისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს. ჩვენში თითოეული ათწლეულის ან თაობის განმავლობაში ერეტიკული შეხედულებები არც წინ მიიწევენ და არც უკან იხევენ შესამჩნევად; ისინი არასოდეს აგიზგიზდებიან ხანძარივით, არამედ ნელ წვას აგრძელებენ იმ მოაზროვნე და განსწავლული ადამიანების ვირო წრეებში, რომელთა შორისაც იშვნენ, ისე, რომ არასოდეს ანათებენ საყოველთაო საკაცობრიო საქმეებს ჭეშმარიტებით ან მაცდური სინათლით. და ასე ხდება იმ მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც ძალიან აკმაყოფილებს ზოგიერთს, რადგან ყველა გაბატონებული შეხედულება გარეგნულად შეუშფოთებელი რჩება ვინმეს დაჯარიმების ან დაპატიმრების უსიამოვნო პროცესის გარეშეც, და თან არც აზროვნების სენით შეპყრობილ ხვაგვარად მოაზროვნეებს არ ეკრძალებათ უპირობოდ თავიანთი გონების გავარჯიშება. ეს მოხერხებული გეგმაა იმისთვის, რომ ინტელექტუალურ სამყაროში მშვიდობა სუფევდეს და თან ყველაფერი ზუსტად ისე დარჩეს, როგორც უკვე არის. მაგრამ ამგვარი ინტელექტუალური მშვიდობიანობისთვის გადახდილი საფასურია ადამიანის გონების მთელი მორალური გაბედულების მსხვერპლად გაღება. ვითარება, რომლის დროსაც ყველაზე აქტიური და მაძიებელი ინტელექტუალების დიდი ნაწილი ამჯობინებს გულში შეინახოს თავისი რწმენის ზოგადი პრინციპები და საფუძვლები, ხოლო საჯარო გამოსვლებში ცდილობს საკუთარი დასკვნები მაქსიმალურად მოარგოს მისთვის შინაგანად მიუღებელ წანამძღვრებს, ვერ გამობრძმედს იმ ღია, უშიშარ ხასიათებსა და ლოგიკურად თანმიმდევრულ ინტელექტებს, რომლებიც ოდესღაც ამშვენებდნენ მოაზროვნე სამყაროს. ასეთ ვითარებაში სხვა ტიპის ადამიანების გამოჩენაა მოსალოდნელი: მათი, ვინც უბრალოდ ეთანხმება ბანალობებს, ან კიდევ მათი, ვინც ჭეშმარიტების მედროვე მსახურია და ვისი არგუმენტებიც ყველა დიდ საკითხზე თავად მათთვის არ არის დამარწმუნებელი და მხოლოდ მსმნელთათვისაა გმიზნული. თუ ვინმე თავს აღწევს ამ ალტერნატივებს, ამას იმით აკეთებს, რომ საკუთარ აზრებსა და ინტერესებს ზღუდავს საკითხებით, რომლებზე მსჯელობაც პრინციპების სფეროში შეჭრის გარეშე შეიძლება, ანუ წვრილმანი პრაქტიკული საკითხებით, რომლებიც თავისთავადაც მოგვარდებოდა, ადამიანთა გონება რომ გაძლიერებულიყო და გაფართოებულიყო, და რომელთა მოგვარებაც ვერასოდეს იქნება ეფექტური ამის გარეშე, კერძოდ მაშინ, როცა უარია ნათქვამი იმაზე, რაც ადამიანთა გონებას გააძლიერებდა და გააფართოებდა – თავისუფალ და გაბედულ სპეკულაციაზე ამაღლებული საკითხების შესახებ.

მან, ვის თვალშიც ერეტიკოსების ეს თავშეკავება ბოროტება არ არის, პირველ რიგში ის უნდა გაითვალისწინოს, რომ ამის შედეგია ერეტიკულ შეხედულებათა სამართლიანი და ზედმიწევნითი განხილვის სამუდამო გამორიცხვა; და რომ ამით არ აღმოიფხვრება ის ერეტიკული შეხედულება, რომელიც ასეთ განხილვას ვერ გაუძლებდა, თუმცა შეიძლება მართლა შეეშალოს ხელი მის გავრცელებას. მაგრამ ერეტიკოსთა აზროვნება არ არის ის, რაც ყველაზე მეტად გადაგვარდება ყველა ისეთი კვლევის აკრძალვით, რომელიც ოთოდოქსულ დასკვნებს არ იძლევა. ამას უდიდესი ვნება მოაქვს მათთვის, ვინც ერეტიკოსი არ არის და ვისი მთელი გონებრივი განვითარებაც დასახიჩრებულია, ხოლო გონება დათრგუნულია ერესის შიშით. ვინ დათვალოს, რამდენს კარგავს სამყარო იმ იმედისმომცემ, მაგრამ მშიშარა ხასიათებთან შერწყმულ ინტელექტთა სახით, რომლებსაც არ ჰყოფნით გაბედულება რომელიმე მოურიდებელი, ძლიერი, დამოუკიდებელი მიმართულებით იაზროვნონ, იმის შიშით, რომ მივლენ რაღაცასთან, რაც შეიძლება არარელიგიურად ან ამორალურად იქნეს მიჩნული? ასეთთა შორის შიგადაშიგ შეიძლება შევხვდეთ ღრმა კეთილსინდისიერებისა და ფაქიზი და დახვეწილი გონების მქონე ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ინტელექტით (რომლის ხმის ჩახშობასაც ვერ ახერხებენ) ჩხირკედელაობაში ატარებენ ცხოვრებას და საზრიანობის თავიანთ რესურსებს იმის ცდაში ფლანგავენ, რომ საკუთარი სინდისისა და გონების მოწოდებები ორთოდოქსიასთან შეარიგონ, რაშიც ისინი ალბათ მაინც ვერ აღწევენ საბოლოოდ წარმატებას. დიდი მოაზროვნე ვერ იქნება ვერავინ, ვინც არ აღიარებს, რომ მისი, როგორც მოაზროვნის, უპირველესი მოვალეობაა მისდიოს საკუთარ გონებას, რა დასკვნებთანაც არ უნდა მიიყვანოს მან. ჭეშმრიტება მეტს მოიგებს მათი შეცდომებითაც კი, ვინც სათანადო კვლევისა და მომზადების საფუძველზე დამოუკიდებლად ფიქრობს, ვიდრე მათი ჭეშმარიტი შეხედულებებით, ვინც ამ შეხედულებებს მხოლოდ იმიტომ იზიარებს, რომ ფიქრით თავის შეწუხება არ უნდა. ის არ არის ერთადერთი ან მთავარი, რომ დიდი მოაზროვნის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია აზროვნების თავისუფლება. პირიქით, აზროვნების თავისუფლება ძალიან საჭიროა და აუცილებელიც კი, რათა საშუალო ადამიანმა შეძლოს იმ გონებრივი მდგომარეობის მიღწევა, რომლის უნარიც მას აქვს. გონებრივი მონობის საყოველთაო ატმოსფეროში უარსებიათ და ისევ შეიძლება იარსებონ დიდმა ინდივიდუალურმა მოაზროვნეებმა. მაგრამ ასეთ ატმოსფეროში არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება ინტელექტუალურად აქტიური ხალხი. თუ რომელიმე ხალხი ოდესმე დროებით მიუახლოვდა ასეთ ხასიათს, ეს იმის წყალობით მოხდა, რომ ჰეტეროდოქსული განაზრებების შიში დროებით გადავლილი იყო. იქ, სადაც არსებობს ფარული შეთანხმება, რომ კამათი არ უნდა შეეხოს პრინციპებს; იქ, სადაც დასრულებულადაა მიჩნეული იმ უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვა, რომლებიც ადამიანებს შეიძლება აღელვებდეთ, არ უნდა მოველოდეთ, რომ შევხვდებით გონებრივი აქტივობის ზოგადად ისეთ მაღალ მაჩვენებელს, რომლის გამოც ასე გამოირჩევა ზოგიერთი ისტორიული პერიოდი. არასოდეს, როცა თავს არიდებდნენ დაპირისპირებას ენთუზიაზმის გასაღვიძებლად საკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან საკითხებზე, არ მომხდარა ხალხის გონების ძირფესვიანად აღგზნება და არ გაჩენილა იმპულსი, რომელიც ყველაზე ჩვეულებრივი ინტელექტის მქონე ადამიანებსაც კი აამაღლებდა რაღაც ისეთამდე, რაც მოაზროვნე არსების ღირსებას შეადგენს. ამის მაგალითია რეფორმაციის უშუალოდ მომდევნო პერიოდში ევროპაში არსებული მდგომარეობა; სხვა, თუმცა კონტინენტითა და უფრო განვითარებული კლასით შემოფარგლული მაგალითია მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის სააზროვნო მოძრაობა; მესამე, კიდევ უფრო ხანმოკლე ილუსტრაციას წარმოადგენს ინტელექტუალური მღელვარება გოეთესა და ფიხტეს პერიოდის გერმანიაში. ეს პერიოდები ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან იმ კონკრეტული შეხედულებებით, რომლებიც მათ დროს განვითარდა; მაგრამ ისინი ერთმანეთს ჰგავდნენ იმით, რომ სამივეში დამსხვრეულ იქნა ავტორიტეტის უღელი. თითოეულ ამ პერიოდში უკვე დამხობილია ძველი სააზროვნო დესპოტიზმი, მაგრამ მის ადგილზე ჯერ არ არის მოსული არც ერთი ახალი. ამ სამ პერიოდში გაჩენილმა იმპულსმა აქცია ევროპა იმად, რაც ის ახლაა. ადამიანის გონებასა ან ინსტიტუტებში მომხდარ ყოველ ცალკეულ წინ გადადგმულ ნაბიჯს გამოკვეთილი სათავე მოეძებნება რომელიმე მათგანში. უკვე რამდენიმე ხანია, რაც მოვლენები მტყველებს იმაზე, რომ ეს სამივე იმპულსი ბოლომდეა ამოწურული; და განახლების დადგომის იმედი ვერ გვექნება მანამ, სანამ ისევ არ დავამტკიცებთ ჩვენს გონებრივ თავისუფლებას.

ახლა არგუმენტის მეორე ნაწილზე გადავიდეთ. უგულებელვყოთ წინასწარი დაშვება, რომ ნებისმიერი საყოველთაოდ მიღებული შეხედულება შეიძლება მცდარი იყოს, დავუშვათ რომ ის ჭეშმარიტია და გამოვიკვლიოთ, რამდენად ღირებული იქნება მისი გაზიარება, როცა მისი ჭეშმარიტება არ ექვემდებარება თავისუფალ და ღია განსჯას. როგორც არ უნდა ეწინააღმდგებოდეს მყარი შეხედულების მქონე ადამიანი იმის აღიარებას, რომ შესაძლებელია მისი ეს შეხედულება მცდარი აღმოჩნდეს, ის უნდა შეაშფოთოს იმაზე დაფიქრებამ, რომ, რაოდენ ჭეშმარიტიც არ უნდა იყოს ეს შეხედულება, თუ არ ხდება მისი განხილვა სრულად, ხშირად და შიშის გარეშე, ის გაზიარებული იქნება არა როგორც ცოცხლი ჭეშმარიტება, არამედ როგორც მკვდარი დოგმა.

არსებობენ ადამიანები (საბედნიეროდ ისინი აღარც ისე ბევრნი არიან, როგორც ადრე), რომლებიც საკმარისად თვლიან, რომ ადამიანი ეჭვის გარეშე იღებდეს იმას, რაც ჭეშმარიტად მიაჩნია, თუნდაც საერთოდ არაფერი იცოდეს ამ შეხედულების საფუძვლებზე და არ შეეძლოს მისი დამაჯერებლად დაცვა ყველაზე ზედაპირული შედავებებისგანაც კი. ასეთი ადამიანები, თუ ისინი ერთხელ შეძლებენ თავიანთი მრწამსის მიღებას ავტორიტეტისგან სწავლის გზით, ბუნებრივად ფიქრობენ, რომ მასში ეჭვის შეტანის დაშვებას არავითარი სიკეთე არ მოაქვს და გარკვეულად მავნებელია. როცა ასეთ ადამიანთა გავლენა ძლიერია, ისინი თითქმის შეუძლებლად აქცევენ საყოველთაოდ მიღებულ შეხედულებაზე ბრძნულად და დაფიქრებულად უარის თქმას, თუმცა ის მაინც შეიძლება უკუიგდოს ნაჩქარევად და უმეცრულად; ეს იმიტომ, რომ დისკუსიის სავსებით აღკვეთა იშვიათად არის შესაძლებელი და მას შემდეგ, რაც ის ერთხელ შემოიპარება, რწმენა, რომელიც დამაჯერებელ საბუთებს არ ემყარება, როგორც წესი, უკან იხევს არგუმენტის უმცირესი ჩანასახის წინაშეც. მაგრამ თუ ამ შესაძლებლობას გვერდზე გადავდებთ და დავუშვებთ, რომ გონებაში გვაქვს ჭეშმარიტი შეხედულება, მაგრამ გვაქვს როგორც არგუმენტებისგან დამოუკიდებელი და მათთვის შეუვალი რწმენა, ეს არ არის ის წესი, რომლითაც ჭეშმარიტება უნდა აღიაროს რაციონალურმა არსებამ. ეს არ არის ჭეშმარიტების ცოდნა. ასე მიღებული ჭეშმარიტება მხოლოდ მორიგი ცრურწმენაა, რომელიც შემთხვევით დაუკავშირდა სიტყვებს, რომლებშიც ჭეშმარიტება ცხადდება.

თუ ადამიანთა გონება და მსჯელობის უნარი უნდა განვითარდეს, რის საჭიროებასაც პროტესტანტები არ უარყოფენ მაინც, რა შეიძლება იყოს ამ უნარების გავარჯიშებისთვის უფრო შესაფერისი, ვიდრე საკითხები, რომლებიც ადამიანს იმდენად აწუხებს, რომ აუცილებლად მიაჩნია ჰქონდეს მათ შესახებ შეხედულებები? თუ გონების განვითარება ერთ რაიმეში მეტად ხდება, ვიდრე სხვაში, ეს უდავოდ არის საკუთარი შეხედულებების საფუძვლების შესწავლა. რაც არ უნდა სწამდეთ ადამიანებს საკითხებზე, რომლებზე სწორი რწმენების ქონასაც უპირველესი მნიშვნელობა აქვს, მათ, სულ მცირე, გავრცელებული და მარტივი შედავებების წინააღმდეგ მაინც უნდა შეეძლოთ სკუთარი რწმენების დაცვა. მაგრამ ვინმემ შეიძლება თქვას: `კეთილი, ასწავლონ მათ თავიანთი შეხედულებების საფუძვლები. აქედან არ გამოდის, რომ რადგან მათ არასოდეს გაუგონიათ თავიანთი შეხედულებების საპირისპირო აზრი, მათ ისინი უბრალოდ თუთიყუშებივით უნდა გაიმეორონ. ადამიანები, რომლებიც გეომეტრიას სწავლობენ, უბრალოდ კი არ იმახსოვრებენ თეორემებს, არამედ მათ დასაბუთებებსაც იგებენ და სწავლობენ; აბსურდული იქნებოდა გვეთქვა, რომ მათ არ იციან გეომეტრიული ჭეშმარიტებების საფუძვლები, რადგან მათ არასოდეს გაუგონიათ ვინმეს მიერ მათი უარყოფისა და უკუგდების ცდა.~ უდავოდ ასეა, მაგრამ ასეთი სწავლება საკმარისია მათემატიკის მსგავსი საგნებისთვის, სადაც საერთოდ არაფერია სათქმელი საკითხის არასწორ მხარეზე. მათემატიკური ჭეშმარიტებების საბუთების თავისებურებაა ის, რომ ყველა არგუმენტი ერთ მხარეზეა. არ არსებობს არავითარი შედავებები და არავითარი პასუხები შედავებებზე. მაგრამ ყველგან, სადაც შესაძლებელია შეხედულებათა სხვადასხვაობა, ჭეშმარიტება დამოკიდებულია საპირისპირო საბუთების ორ ჯგუფს შორის არსებულ წონასწორობაზე. ბუნების ფილოსოფიაშიც კი ყოველთვის შესაძლებელია ერთი და იმავე ფაქტების რაღაც სხვა ახსნა; რაღაც გეოცენტრული თეორია ჰელიოცენტრულის ნაცვლად, რაღაც ფლოგისტონი ჟანგბადის ნაცვლად; და საჭიროა იმის ჩვენება, რატომ არ შეიძლება ეს მეორე თეორია იყოს ჭეშმარიტი. სანამ ეს არ იქნება ნაჩვენები და სანამ არ გვეცოდინება, როგორ ხდება ამის ჩვენება, ჩვენ არ გვესმის ჩვენი შეხედულების საფუძვლები. მაგრამ როცა გადავდივართ უსასრულოდ უფრო რთულ საკითხებზე – მორალზე, რელიგიაზე, პოლიტიკაზე, სოციალურ ურთიერთობებზე, ცხოვრებისეულ საქმეებზე – ყოველი სადავო შეხედულების სასარგებლო არგუმენტების სამი მეოთხედი ემსახურება იმ მონაცემთა გაქარწყლებას, რომლებიც თითქოს რაღაც მისგან განსხვავებული შეხედულების სასარგებლოდ მეტყველებს. უდიდესმა ორატორმა, რომელსაც ანტიკურობაში მხოლოდ ერთი სჯობნიდა, დაგვიტოვა ჩანაწერი, რომ ის ყოველთვის სწავლობდა თავისი მოწინააღმდეგის პოზიციას თავის საკუთარზე არანაკლებ საფუძვლიანად და შეიძლება მეტი გულმოდგინებითაც. რასაც ციცერონი სასამართლოში გამარჯვების საშუალებად იყენებდა, ყველამ უნდა გაიმეოროს ნებისმიერი საკითხის შესწავლისას, რათა ჭეშმარიტებამდე მივიდეს. ვინც საქმის მხოლოდ საკუთარი მხარე იცის, მასზე ცოტა რამ იცის. შეიძლება მისი საბუთები კარგია და შეიძლება ჯერ არავის მოუხერხებია მათი უკუგდება. მაგრამ თუ მას ასევე საწინააღმდეგო მხარის საბუთების უკუგდებაც არ შეუძლია, თუ მან ისიც კი არ იცის, რას წარმოადგენს ეს საბუთები, მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე შეხედულებას. მისთვის რაციონალური პოზიცია იქნებოდა მსჯელობისგან თავის შეკავება; და თუ ის ამას არ სჯერდება, ის ან ავტორიტეტს მისდევს, ან კიდევ, ადამიანთა უმრავლესობის მსგავსად, იმ მხარეზე დგება, რომლისკენაც მეტ მიდრეკილებას გრძნობს. საკმარისი არც ისაა, რომ ადამიანმა მოწინააღმდეგეთა არგუმენტები საკუთარი მასწავლებლებისგან მოისმინოს – მათი ფორმულირებით და იმასთან ერთად, რასაც ისინი ამბობენ მათ უარსაყოფად. ეს არ არის არგუმენტების სამართლიანად შეფასების ან მათი საკუთარ გონებასთან ნამდვილ ურთიერთქმედებაში შეყვანის გზა. ადამიანს უნდა შეეძლოს მათი მოსმენა მათგან, ვისაც მართლა სჯერა ისინი, ვინც გულწრფელად იცავს მათ და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს მათთვის. ადამიანმა ისინი უნდა იცოდეს მათი ყველაზე დამაჯერებელი და დამარწმუნებელი ფორმით; ბოლომდე უნდა გრძნობდეს იმ სიძნელის ძალას, რომელთან შეჯახებაც მოუწევს და რომლის დაძლევაც უნდა შეეძლოს ჭეშმარიტ თვალსაზრისს. ამის გარეშე ის ვერასოდეს ნამდვილად ვერ დაეუფლება ჭეშმარიტების იმ ნაწილს, რომელიც ამ სიძნელის პასუხი და გადაჭრაა. ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი იმათში, ვისაც განათლებულ ადამიანებს უწოდებენ, ამ მდგომარეობაშია; ასეა იმათშიც, ვისაც თავისუფლად შეუძლია საკუთარი შეხედულებებისთვის არგუმენტების მოტანა. მათი დანასკვი შეიძლება ჭეშმარიტი იყოს, მაგრამ ის შეიძლება მცდარიც იყოს იმის მიხედვით, რაც მათთვის არის ცნობილი: მათ არასოდეს ჩაუყენებიათ საკუთარი თავი იმათ სააზროვნო სიტუაციაში, ვინც მათგან განსხვავებულად ფიქრობს, და არასოდეს უფიქრიათ იმაზე, რა შეიძლება ჰქონდეთ სათქმელი ასეთ ადამიანებს; და ამის გამო მათ არ იციან, სიტყვის რომელიმე საკუთარი მნიშვნელობით, მოძღვრება, რომელსაც თავად აღიარებენ. მათ არ იციან მისი ის ნაწილები, რომლებიც დანარჩენს ხსნის და ამართლებს; არ იციან მოსაზრებები, რომლებიც უჩვენებს, რომ ფაქტი, რომელიც ერთი შეხედვით კონფლიქტშია სხვასთან, შეთანხმებადია მასთან, ან უჩვენებს, რომ ერთი შეხედვით ძლიერი ორი საბუთიდან ერთს უნდა მიენიჭოს უპირატესობა და არა მეორეს. ჭეშმარიტების მთელი ეს ნაწილი, რომელიც გადამწყვეტია და განსაზღვრავს სრული ინფორმაციის მქონე გონების მსჯელობას, მათთვის უცხოა. მისი ნამდვილი ცოდნა არასოდეს აქვს არავის მათ გარდა, ვინც თანაბრად და მიუკერძოებლად უსმინა ორივე მხარეს და სცადა ორივე მხარის საბუთები უძლიერესი მხრიდან დაენახა. ეს წესი იმდენად არსებითია მორალური და ადამიანური საკითხების ნამდვილი გაგებისთვის, რომ თუ არ არსებობენ ოპონენტები რომელიმე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებისთვის, აუცილებელია მათი წარმოსახვა და მათი აღჭურა უძლიერესი არგუმენტებით, როგორიც კი ყველაზე მოხერხებულმა ეშმაკის ადვოკატმა შეიძლება მოიგონოს.

ამ მოსაზრებათა ძალის შესასუსტებლად თავისუფალი დისკუსიის მტერმა შეიძლება თქვას: ზოგადად ადამიანებისთვის სულ არ არის აუცილებელი, იცოდნენ და ესმოდეთ ყველაფერი, რასაც მათი შეხედულებების საწინააღმდეგოდ ან სასარგებლოდ ფილოსოფოსები ან თეოლოგები იტყვიან. რომ ჩვეულებრივი ადამიანისთვის არ არის საჭირო შეეძლოს გონებამახვილი ოპონენტის ყველა არასწორი დებულებისა და შეცდომის გამოვლენა. რომ საკმარისია ყოველთვის არსებობდეს ვიღაც, ვინც შეძლებს მათთვის პასუხის გაცემას, რათა არაფერი, რამაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს უსწავლელი ადამიანები, არ დარჩეს უარყოფის გარეშე. ხოლო უბრალო გონებებს, რომელთაც მათში ჩანერგილი ჭეშმარიტებების აშკარა საფუძვლები ასწავლეს, შეუძლიათ დანარჩენისთვის ავტორიტეტის იმედზე იყვნენ; და რაკი იციან, რომ მათ არც ცოდნა აქვთ და არც ნიჭი ყველა იმ სიძნელის გადასაჭრელად, რომელიც შეიძლება წამოიჭრას, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ აქამდე წამოჭრილ ყველა სიძნელეს უკვე გასცეს ან ძალუძთ გასცენ პასუხი მათ, ვინც სპეციალურადაა გაწვრთნილი ამ ამოცანისთვის.

დავუთმოთ ამ თვალსაზრისს მაქსიმუმი, რაც კი მის სასარგებლოდ შეიძლება ამტკიცონ მათ, ვინც ყველაზე ნაკლებით კმაყოფილდება იმის მოთხოვნაში, თუ ჭეშმარიტების რა ხარისხის გაგება უნდა ახლდეს მის რწმენას. ამ შემთხვევაშიც კი თავისუფალი დისკუსიის სასარგებლო არგუმენტი არასგზით არ სუსტდება, რადგან ეს მოძღვრებაც კი აღიარებს, რომ ადამიანები რაციონალურად უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ყველა შედავებას გაეცა დამაკმაყოფილებელი პასუხი. მაგრამ როგორ შეიძლება მათ პასუხი გაეცეს, თუ ის, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს, ნათქვამი არ არის? ან როგორ შეიძლება ვიცოდეთ, რომ პასუხი დამაკმაყოფილებელია, თუ მოწინააღმდეგეთ არ ჰქონდათ შესაძლებლობა ეჩვენებინათ, რომ ის დამაკმაყოფილებელი არ არის? საზოგადოება თუ არა, ფილოსოფოსები და თეოლოგები, რომელთაც სიძნელეები უნდა გადაჭრან, მაინც უნდა იცნობდნენ ამ სიძნელეებს მათ ყველაზე თავსატეხ ფორმაში; ეს კი შეუძლებელი იქნება, თუ არ ხდება მათი თავისუფალი ჩამოყალიბება და მაქსიმალურად ხელსაყრელი სახით წარმოდგენა. კათოლიკურ ეკლესიას საკუთარი გზა აქვს ამ დამაბნეველი პრობლემის მოსაგვარებლად. ის მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისგან მათ, ვისაც შეიძლება უფლება მიეცეს საბუთების საფუძველზე აღიაროს მისი მოძღვრებები, და მათ, ვინც ისინი რწმენით უნდა მიიღოს. სინამდვილეში არც ერთსა და არც მეორეს არ ეძლევა არჩევანი, თუ რას აღიარებს; მაგრამ სამღვდლოებისთვის, მისი ბოლომდე სანდო ნაწილისთვის მაინც, დასაშვებიცაა და რეკომენდებულიც ოპონენტების არგუმენტების გაცნობა მათზე პასუხის გაცემის მიზნით; ამდენად მათ შეუძლიათ ერეტიკული წიგნების კითხვა; ხოლო საეროებს ამის უფლება არ აქვთ განსაკუთრებული ნებართვის გარეშე, რომლის მოპოვებაც ძნელია. ამ წესით აღიარებულია, რომ მასწავლებელთათვის სასარგებლოა მტრის პოზიციის ცოდნა, მაგრამ ნაპოვნია ამასთან თანხმობაში დანარჩენი ქვეყნიერებისთვის იგივეს უარყოფის ხერხი. ამით ელიტას ეძლევა მეტი გონებრივი კულტურა, თუმცა არა მეტი გონებრივი თავისუფლება, ვიდრე დაშვებულია მასისთვის. ეს გამოგონება წარმატებით უზრუნველყოფს იმ სახის გონებრივ უპირატესობას, რომელსაც მისი მიზნები მოითხოვს; მართლაც, თუმცა თავისუფლებას მოკლებულ კულტურას არასოდეს შეუქმნია ფართო და ლიბერალური გონება, მან შეიძლება შვას ჭკვიანი nisi prius ადვოკატი. მაგრამ ქვეყნებს, რომელთა სარწმუნოებაც პროტესტანტიზმია, ეს გამოსავალი არ გააჩნიათ, რადგან პროტესტანტები, თეორიულად მაინც, ამტკიცებენ, რომ რელიგიური არჩევანის პასუხისმგებლობა თითოეულმა ადამიანმა პირადად უნდა ატაროს და მას ვერ გადააბარებს მოძღვრებს. ამის გარდა, დღევანდელ სამყაროში პრაქტიკულად შეუძლებელია უსწავლელები არ მივაკაროთ ნაწერებს, რომელთაც განათლებულები კითხულობენ. იმისთვის, რომ კაცობრიობის მოძღვართ იცოდნენ ყველაფერი, რაც მათ უნდა იცოდნენ, ყველაფრის წერა და გამოქვყნება ყოველგვარი შეზღუდვებისგან თავისუფალი უნდა იყოს.

მაგრამ თუ მაშინ, როცა აღიარებული შეხედულებები ჭეშმარიტია, თავისუფალი დისკუსიის არარსებობის მანკიერი ზემოქმედება შემოიფარგლება იმით, რომ ადამიანებს ამ შეხედულებათა საფუძვლების ცოდნის გარეშე ტოვებს, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს, მიუხდავად იმისა, რომ ინტელექტუალური ბოროტებაა, არ არის ზნეობრივი ბოროტება და გავლენას არ ახდენს შეხედულებათა ღირებულებაზე ხასიათზე მათი გავლენის თვალსაზრისით. მაგრამ ფაქტია, რომ დისკუსიის არარსებობისას დავიწყებას ეძლევა არა მხოლოდ შეხედულების საფუძვლები, არამედ ძალიან ხშირად თავად შეხედულების შინაარსიც. სიტყვები, მას რომ გამოხატავს, აღარ აღგვიძრავს იდეებს, ან აღგვიძრავს იმის მხოლოდ მცირე ნაწილს, რის გადმოსაცემადაც ისინი თავიდან გამოიყენებოდა. მკაფიო გაგებისა და ცხოველი რწმენის ნაცვლად მხოლოდ რამდენიმე დაზეპირებული ფრაზა რჩება; ან, თუ შენარჩუნებულია მნიშვნელობის რაიმე ნაწილი, ესაა მხოლოდ ნაჭუჭი და ქერქი, ხოლო მისი უფრო ფაქიზი არსი დაკარგულია. ადამიანთა ისტორიის იმ უდიდესი თავის გულმოდგინე შესწავლა და გააზრება, რომელსაც ეს ფაქტი იკავებს და ავსებს, არასგზით არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს.

თითქმის ყველა ეთიკური მოძღვრების და რელიგიური მრწამსის გამოცდილება ამის ილუსტრაციაა. მათი შემქნელებისა და შემქნელთა უშუალო მოსწავლეებისთვის ისინი გაჯერებულია შინაარსითა და სიცოცხლით. მათი მნიშვნელობის განცდა არ მცირდება, მეტიც, შეიძლება უფრო მეტი შეგნებითაც კი ვლინდება მანამ, სანამ გრძელდება ბრძოლა იმისთვის, რომ მოძღვრებამ ან მრწამსმა უპირატესობა მოიპოვოს მეტოქეებზე. საბოლოოდ ის ან გაბატონდება და საყოველთაო შეხედულებად იქცევა, ან წინსვლას შეწყვეტს: ინარჩუნებს უკვე მოპოვებულ გავლენას, მაგრამ მეტად აღარ ვრცელდება. როცა ამ შედეგებიდან რომელიმე დგება, დაპირისპირება სუსტდება და თანდათან ქრება. მოძღვრება იმკვიდრებს თავის ადგილს – და თუ გაბატონებულ შეხედულებად არა, ერთ-ერთ დასაშვებ სექტად ან შეხედულების ნაირსახეობად მაინც იქცევა. მათ, ვინც მას აღიარებს, ჩვეულებრივ, ის შეგნებული გაზიარების გარეშე, მემკვიდრეობით აქვთ მიღებული. ასეთი მოძღვრებების აღმსარებლები იშვიათად ფიქრობენ რომელიმე სხვაზე გადასვლას, რაც ახლა მხოლოდ გამონაკლისის სახით ხდება. იმის ნაცვლად, რომ, როგორც თავიდან, მუდამ ფხიზლად იყვნენ ან სამყაროსგან საკუთარი თავის დასაცავად, ან სამყაროს საკუთარ აზრზე გადმოსაბირებლად, ისინი ეგუებიან მდგომარეობას, აღარც თავიანთი მრწამსის საწინააღმდეგო არგუმენტებს უსმენენ, როცა ეს შესაძლებელია და აღარც სხვაგვარად მოაზროვნეებს (თუ ასეთები არსებობენ) აწუხებენ მისი მხარდამჭერი არგუმენტებით. ჩვეულებრივ ამ დროიდან იწყება მოძღვრების სასიცოცხლო ძალის დაცემა. ხშირად გვესმის ყველა მრწამისის მოძღვართა გოდება იმაზე, თუ როგორ ჭირს ნომინალურად აღიარებული ჭეშმარიტების ცხოველმყოფელი გაგების შენარჩუნება მორწმუნეთა გონებაში ისე, რომ მან გრძნობები გამსჭვალოს და ქცევის ნამდვილ ბატონად იქცეს. ასეთ სიძნელეზე არავინ ჩივის მანამ, სანამ მრწამსი ჯერ კიდევ იბრძვის არსებობისთვის: ასეთ დროს უფრო სუსტი მებრძოლებიც კი აცნობიერებენ და გრძნობენ იმას, თუ რისთვის იბრძვიან და რაშია განსხვავება ამ და სხვა მოძღვრებებს შორს; ყოველი მრწამისის არსებობის ამ მონაკვეთში არცთუ ცოტა ისეთი ადამიანი მოიძებნება, ვინც ყოველ მხრივ აცნობიერებს მის ფუნდამენტურ პრინციპებს, ვისაც აწონ-დაწონილი და გააზრებული აქვს ამ პრინციპების ყველა მნიშვნელოვანი შედეგი და განცდილი აქვს ხასიათზე ის სრული ზეგავლენა, რომელიც ამ მრწამსის აღიარებამ უნდა გამოიწვიოს მისით ბოლომდე გამსჭვალულ გონებაში. მაგრამ მას შემდეგ, რაც ის მემკვიდრეობით მრწამსად იქცა და მას პასიურად იღებენ და არა აქტიურად – როცა გონება აღარ არის იძულებული კითხვებისთვის, რომელთაც მის წინაშე მისი რწმენა წამოჭრის, იმავე ხარისხით გამოიყენოს თავისი სასიცოცხლო ძალები, როგორც თავიდან – სულ უფრო მატულობს ტენდენცია, სქემების გარდა მთელი დანარჩენი მრწამსი დავიწყებას მიეცეს ან მისი მიღება დუნე და ზარმაცი თანხმობით მოხდეს, თითქოს მისი ბრმა რწმენით მიღება მისი ცნობიერი ათვისების ან პირადი გამოცდილებით შემოწმების აუცილებლობას გვაცილებდეს თავიდან; და ასე გრძელდება, სანამ თითქმის საერთოდ არ გაწყდება კავშირი მრწამსსა და ადამიანის შინაგან ცხოვრებას შორის. მაშინ, ხოლო ჩვენს ეპოქაში უმეტესწილად ასეა, ვხედავთ, რომ მრწამსი თითქოს გარედან აკრავს გონებას, აქვავებს მას და შეუვალს ხდის ყველა იმ გავლენისთვის, ჩვენი ბუნების ამაღლებულ მხარეებზე რომაა მიმართული. ის თავის ძალას იმაში კი არ ავლენს, რომ საღი და ცოცხალი დარწმუნების გზით დამკვიდრდეს; არაფერს აკეთებს გონებისა და გულისათვის იმის გარდა, რომ თავზე ადგას მათ დარაჯივით, რათა მათში არც ერთმა სხვა მრწამსმა არ დაისადგუროს.

იმის მაგალითი, თუ რა ზომით შეიძლება, რომ მოძღვრება, რომელსაც შინაგანად შესწევს გონებაზე უღრმესი შთაბეჭდილების მოხდენის ძალა, გონებაში მკვდარ რწმენად დარჩეს ისე, რომ არასოდეს განხორციელდეს წარმოსახვაში, გრძნობებში, ან გაგებაში, არის მორწმუნეთა უმრავლესობის მიერ ქრისტიანობის მოძღვრებების გაზიარების წესი. აქ ქრისტიანობაში ვგულისხმობს იმას, რასაც ქრისტიანობად მიიჩნევს ყველა ეკლესია და სექტა: ახალ აღთქმაში მოცემულ მაქსიმებსა და მცნებებს. მათ წმიდათაწმიდად აღიარებს და კანონებად იღებს ქრისტიანობის ყველა აღმსარებელი. მაგრამ, ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ათასი ქრისტიანიდან ერთიც არ წარმართავს და არ ამოწმებს საკუთარ საქციელს ამ კანონების მიხედვით. სტანდარტი, რომელსაც ის იყენებს, არის მის ერის, მისი კლასის, ან მისი რელიგიური ერთობის ადათი. ამდენად მას აქვს: ერთი მხრივ, ეთიკური მაქსიმების ჯგუფი, რომლებიც, მისი რწმენით, უცდომელმა სიბრძნემ დაუწესა მას წარმმართველად; მეორე მხრივ კი, ყოველდღიური აზრებისა და ჩვევების ერთობლიობა, რომელიც ამ მაქსიმებიდან ზოგიერთთან საკმაოდ კარგადაა შეთანხმებული, სხვებთან ნაკლებად, ხოლო ზოგთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია და, მთლიანობაში, ქრისტიანულ მრწამსსა და ამქვეყნიური ცხოვრების ინტერესებსა და მისწრაფებებს შორის კომპრომისს წარმოადგენს. ამ სტანდარტების პირველ ჯგუფს ის პატივს მიაგებს, ხოლო მეორეს – ნამდვილ ერთგულებას უწვს. ყველა ქრისტიანს სჯერა, რომ ნეტარ არიან ღატაკნი, სუსტნი, და ბედის მიერ დაჩაგრულნი; რომ აქლემი უფრო იოლად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი ადამიანი შეაღწევს ზეციურ საუფლოში; რომ არ უნდა განიკითხონ, რათა თავად არ იქნენ განკითხულნი; რომ არ უნდა დაიფიცონ; რომ მოყვასი ისევე უნდა უყვარდეთ, როგორც საკუთარი თავი; რომ თავიანთი მოსასხამიც უნდა მისცენ იმას, ვინც მათთვის პერანგის წართმევას ეცდება; რომ არ უნდა იფიქრონ ხვალინდელ დღეზე; რომ სრულყოფილები რომ ყოფილიყვნენ, მთელი თავიანთი ქონება უნდა გაეყიდათ და რასაც აიღებდნენ ღარიბებისთვის დაერიგებინათ. ისინი არ თვალთმაქცობენ, როცა ამბობენ, რომ მათ ეს ყველაფერი სჯერათ. სჯერათ ისევე, როგორც ადამიანებს სჯერათ ის, რისი ხოტბაც ესმით ყოველთვის და რაზეც არასოდეს არ კამათობენ. მაგრამ ქცევის განმგებელი ცხოველმყოფელი რწმენის აზრით მათ ამ მცნებების მხოლოდ იმ ზომით სჯერათ, რა ზომითაც გავრცელებულია მათ მიხედვით მოქმედება. ეს მცნებები, მათი უზადო მთლიანობით, გამოსადეგია მოწინააღმდეგეთა ჩასაქოლად; და ფიქრობენ, რომ ისინი უნდა წამოაყენონ (ყველა შესაძლო შემთხვევაში) საბუთად ადამიანთა იმ ქმედებების გასამართლებლად, რომლებიც მოსაწონად მიაჩნიათ. მაგრამ ნებისმიერი, ვინც მათ შეახსენებდა, რომ ეს მაქსიმები მოითხოვს უსასრულოდ ბევრ ისეთ რამეს, რისი გაკეთებაც მათ არც არასოდეს უფიქრიათ, მხოლოდ იმას მოიმკიდა, რომ მიაკუთვნებდნენ იმ ძალიან არაპოპულარულ ტიპებს, თავი სხვებზე უკეთესად რომ მოაქვთ. ამ მაქსიმებს არავითარი გავლენა არ აქვთ ჩვეულებრივ მორწმუნეებზე – არ წარმოადგენენ ძალას მათ გონებაში. ისინი ჩვევადქცეულ პატივისცემას განიცდიან მათი გამომხატველი ბგერების მიმართ, მაგრამ არავითარ გრძნობას, რომელიც სიტყვებით მინიშნებულ საგნებზეც ვრცელდება და მათ გონებას აიძულებს მიიღოს ისინი, თვითონ მათ კი – ამ წესების მიხედვით მოიქცნენ. როცა საქმე ქცევას ეხება, ისინი ირგვლივ ეძებენ ბატონ A-ს ან B-ს, რომელიც დამოძღვრავს მათ, რამდენად შორს უნდა წავიდნენ ისინი ქრისტეს მორჩილებაში.

შეგვიძლია სავსებით დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ადრინდელ ქრისტიანებში სულ სხვაგვარი იყო ვითარება. ასე რომ არ ყოფილიყო, ქრისტიანობა საძულველი ებრაელების გაუგებარი სექტიდან ვერასდროს ვერ იქცეოდა რომის იმპერიის რელიგიად. თუკი მათი მტრები ამბობდნენ: `შეხედეთ, როგორ უყვართ ამ ქრისტიანებს ერთმანეთი~ (შენიშვნა, რომელსაც დღეს ალბათ არავინ გააკეთებს), მათ უთუოდ უნდა ჰქონოდათ თავიანთი მრწამსის ბევრად უფრო ცხოველი გრძნობა, ვიდრე მას შემდეგ ოდესმე ჰქონიათ ქრისტიანებს. ალბათ უმთავრესად ამ მიზეზის გამოა, რომ ქრისტიანობა ახლა ასე მცირედ აფართოებს თავისი სამფლობელოს და თვრამეტი საუკუნის შემდეგაც თითქმის ისევ ევროპელებითა და ევროპელთა შთამომავლებითაა შეზღუდული. თვით იმ ძლიერ რელიგიურ ადამიანთა გონებაშიც კი, ვინც მართლა სერიოზულად უდგება საკუთარი მრწამსის მოძღვრებებს და უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბევრ მათგანს, ვიდრე ამას ჩვეულებრივად აკეთებენ ადამიანები, როგორც წესი, შედარებით აქტიურია მრწამსის ის ნაწილი, რომელიც შექმნა კალვინმა, ნოქსმა, ან რომელიმე ისეთმა პიროვნებამ, ხასიათით ძალიან ახლოს რომ იყო მათთან. მათ გონებებში მრწამსის ამ ნაწილთან პასიურად თანაარსებობს ქრისტეს გამონათქვამები და თითქმის არავითარი შედეგი არ მოაქვს იმის გარდა, რაც შეიძლება ასე საამო და ალერსიანი სიტყვების უბრალოდ სმენამ გამოიწვიოს. უეჭველია, ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ ინარჩუნებს რომელიმე სექტისთვის სპეციფიკური მოძღვრებები თავიანთ ცხოველმყოფელობას მეტად, ვიდრე ის, რაც საერთოა ყველა აღიარებული სექტისთვის, და რატომ ახმარენ მასწავლებლები მეტ ძალისხმევას მათი მნიშვნელობის ცხოველად შენარჩუნებას; მაგრამ ერთი მიზეზი უდავოდ ის არის, რომ სპეციფიკური მოძღვრებები უფრო ხშირად დგება ხოლმე ეჭვქვეშ და უფრო ხშირად საჭიროებს დაცვას აშკარა მოწინააღმდეგეთაგან. მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც მაშინვე იძინებენ თავიანთ საგუშაგოზე, როგორც კი მტერი თვალს მიეფარება.

ზოგადად თუ ვიტყვით, იგივე ჭეშმარიტია ყველა ტრადიციული მოძღვრებისთვის – იქნება ეს მოძღვრება წესიერებასა და ცხოვრების ხელოვნებაზე, თუ ზნეობასა და რელიგიაზე. ყველა ენა და ლიტერატურა სავსეა ზოგადი დაკვირვებებით ცხოვრებაზე: იმაზეც, თუ რა არის ის და იმაზეც, როგორ უნდა წარვმართოთ ის; დაკვირვებებით, რომლებიც ყველამ იცის, რომელთაც ყველა მორჩილად იმეორებს ან ისმენს, რომლებიც ტრუიზმებადაა მიღებული, მაგრამ რომელთა შინაარსსაც ადამიანთა უმრავლესობა პირველად მხოლოდ მაშინ იგებს ნამდვილად, როცა გამოცდილება – როგორც წესი, მტკივნეული გამოცდილება – მათ რეალობად აქცევს. რა ხშირია, როდესაც რაიმე გაუთვალისწინებელი უბედურებით ან იმედგაცრუებით გამოწვეული ტკივილის დროს ადამიანს ახსენდება რაიმე ანდაზა ან გავრცელებული გამონათქვამი, რომელიც მთელი ცხოვრება იცოდა და რომლის მნიშვნელობის ცოდნაც კატასტროფისგან დაიხსნიდა, ოდესმე მანამდეც რომ ეგრძნო ის ისე ცხადად, როგორც ახლა. მართალია, ამას დისკუსიის არარსებობის გარდა სხვა მიზეზებიც აქვს: ბევრი ისეთი ჭეშმარიტება არსებობს, რომელთა სრული შინაარსის გაცნობიერება შეუძლებელია, სანამ პირადი გამოცდილება არ მიგვიყვანს მასთან.

მაგრამ ასეთ ჭეშმარიტებათა შემთხვევაშიც კი, ადამიანი მათი მნიშვნელობის ბევრად უფრო დიდ ნაწილს გაიგებდა, ხოლო რაც გაიგო, ბევრად უფრო ღრმად აღიბეჭდებოდა მის გონებაში, ის რომ შეჩვეული ყოფილიყო მისი სასარგებლო და საწინააღმდეგო არგუმენტების მოსმენას მათგან, ვისთვისაც ის გასაგებია. ადამიანების საბედისწერო მიდრეკილება, შეწყვიტონ რაიმეზე ფიქრი, როგორც კი ის ეჭვქვეშ აღარ დგას, იწვევს მათი შეცდომების ნახევარს. ერთმა თანამედროვე ავტორმა კარგად შენიშნა `უეჭველი შეხედულების ღრმა თვლემაზე~.

რას ამბობთ! (შეიძლება იკითხოს ვინმემ) განა ერთსულოვნების არარსებობა აუცილებელი პირობაა ჭეშმარიტი ცოდნისთვის? განა აუცილებელია, რომ კაცობრიობის ნაწილი შეცდომაში დარჩეს, რათა ვინმემ შეძლოს ჭემარიტების გაგება? განა რწმენა კარგავს თავის სინამდვილეს და ცხოველმყოფელობას, როგორც კი მას საყოველთაოდ მიიღებენ? და განა დებულება ბოლომდე გაგებული და განცდილი არ არის, თუ მის მიმართ რაღაც ეჭვი არ რჩება? განა ჭეშმარიტება ქრება მაშინვე, როგორც კი კაცობრიობა ერთსულოვნად მიიღებს მას? აქამდე ფიქრობდნენ, რომ აზროვნების სრულყოფის უმაღლესი მიზანი და საუკეთესო შედეგია კაცობრიობის სულ უფრო მეტად გაერთიანება ყველა მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების აღიარებაში; და განა აზროვნება მხოლოდ მანამ არსებობს, სანამ მას თავისი მიზნისთვის არ მიუღწევია? განა მონაპოვარს ანადგურებს თავად გამარჯვების სისრულე?

მე მსგავსს არფერს ვამტკიცებ. კაცობრიობის წინსვლასთან ერთად გამუდმებით იზრდება იმ მოძღვრებათა რაოდენობა, რომლებიც აღარ არის დავის ან ეჭვის საგანი; და შეიძლება კაცობრიობის კეთილდღეობა თითქმის სრულად გაიზომოს იმ ჭეშმარიტებათა რაოდენობით და წონით, რომელთაც უტყუარობის მწვერვალს მიაღწიეს. ერთი კითხვის შემდეგ მეორის დასმის გზით სერიოზული დაპირისპირების შეწყვეტა შეხედულებათა კონსოლიდაციის ერთ-ერთი აუცილებელი შემთხვევაა; ასეთი კონსოლიდაცია იმდენადვე მისასალმებელია ჭეშარიტი შეხედულებების შემთხვევაში, რამდენადაც საშიში და დამღუპველია, როცა შეხედულებები მცდარია. თუმცა შეხედულებათა მრავალფეროვნების საზღვრების ასე თანდათანობით დავიწროვება აუცილებელია სიტყვის ორივე მნიშვნელობით – როგორც გარდაუვალი და როგორც აუცილებლად საჭირო ერთდროულად, მაგრამ ეს არ გვავალდებულებს დავასკვნათ, რომ ყველა მისი შედეგი სასარგებლო უნდა იყოს. ჭეშმარიტების გააზრებული და ცოცხალი წვდომის ისეთი მნიშვნელოვანი საშუალების დაკარგვა, როგორსაც ოპონენტებისთვის მისი ახსნის ან მათ წინაშე მისი დაცვის აუცილებლობა გვაძლევს, თუმცა ვერ გადასწონის მისი უნივერსალურად აღიარების უპირატესობას, არც ასეთი აღიარების უმნიშვნელო ნაკლოვანება არ არის. როცა უკვე აღარ გვექნებოდა ხელთ ეს საშუალება, უნდა გამოვტყდე, მომინდებოდა მენახა, როგორ შეეცდებოდნენ კაცობრიობის მასწავლებლები მისთვის შემცვლელის მოძებნას; რას მოიფიქრებდნენ იმისთვის, რომ საკითხის სიძნელეები ისევე ცხადად გაეცნობიერებინათ მოსწავლეებისთვის, როგორც ამას იზამდა საწინააღმდეგო აზრის დამცველი, რომელიც მათ საკუთარ აზრზე მოქცევას ესწრაფვის.

მაგრამ ამ მიზნისთვის ახალი საშუალებების ძებნის ნაცვლად მასწავლებლებმა ისიც დაკარგეს, მანამდე რაც ჰქონდათ. სოკრატული დიალექტიკა, რომლის დიდებული ნიმუშებია პლატონის დიალოგები, სწორედ ამ სახის საშუალება იყო. ეს დიალოგები არის დიდი ფილსოფიური და ცხოვრებისეული საკითხების არსებითად ნეგატიური განხილვა და სრულყოფილი ოსტატობით ახორციელებს მიზანს: ყველა, ვინც უბრალოდ იღებს დამკვიდრებული შეხედულების ბანალობებს, დაარწმუნოს იმაში, რომ მას არ ესმის საკითხი – რომ ის ჯერ არავითარ განსაზღვრულ მნიშვნელობას არ უკავშირებს მის მიერ აღიარებულ მოძღვრებებს; ეს იმისთვის, რომ ადამიანმა, საკუთარი უმეცრების გაცნობიერების შემდეგ, შეძლოს სტაბილური რწმენის მოპოვების გზაზე დადგომა – რწმენისა, რომელიც ემყარება როგორც მოძღვრებათა შინაარსის, ისე მათი საბუთების ნათელ გაგებას. შუა საუკუნეების სქოლასტიკურ დისპუტებს დაახლოებით მსგავსი მიზანი ჰქონდა. ისინი ჩაფიქრებული იყო იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოწაფეს გაეგო საკუთარი და (აუცილებელი კორელაციით) მისი საპირისპირო შეხედულება, შეეძინა პირველის საფუძვლების გამყარებისა და მეორის საფუძვლების შერყევის უნარი. თუმცა ამ უკანასკნელ პაექრობებს ერთი განუკურნავი ნაკლი ჰქონდა: მათში მოხმობილი წანამძღვრები ავტორიტეტისგან იყო მიღებული და არა – გონებისგან; როგორც გონების ვარჯიში, ისინი ყველა თვალსაზრისით ნაკლებ სრულფასოვანი იყო იმ მძლავრ დიალექტიკასთან შედარებით, რომელიც `Socratici viri~ (სოკრატულ კაცთა) ინტელექტს აყალიბებდა. მაგრამ თანამედროვე აზროვნება ბევრად მეტადაა დავალებული ორივესგან, ვიდრე მას საზოგადოდ სურს აღიაროს, ხოლო განათლების თანამედროვე ფორმები არაფერს შეიცავს ისეთს, რაც უმცირესი ხარისხით მაინც შეავსებდა ერთის ან მეორის ადგილს. ადამიანი, რომელიც მთელ თავის ცოდნას მასწავლებლებისგან ან წიგნებიდან იღებს, თუნდაც მან თავი დააღწიოს მარადიულ ცდუნებას დაზეპირებით დაკმაყოფილდეს, არასოდეს არ იქნება იძულებული ორივე მხარეს მოუსმინოს; შესაბამისად, ორივე მხარის ცოდნის მიღწევა, თუნდაც მოაზროვნეთა შორის, სულაც არ არის ხშირი; ყოველი ადამიანის მიერ საკუთარი შეხედულების დასაცავად წამოყენებული მოსაზრებების ყველაზე სუსტი ნაწილი ის არის, რაც მას ჩაფიქრებული აქვს მოწინააღმდეგეთათვის პასუხად. დღევანდელ დროში მოდაშია ნეგატიური ლოგიკის მნიშვნელობის დაკნინება – ლოგიკისა, რომელიც თეორიულ სისუსტეებს ან პრაქტიკულ შეცდომებს აჩვენებს პოზიტიური ჭეშმარიტებების დაფუძნების გარეშე. ასეთი ნეგატიური კრიტიკა, როგორც საბოლოო შედეგი, მართლაც საკმაოდ ცუდი იქნებოდა; მაგრამ შეუძლებელია გადაჭარბებით შევაფასოთ ის, როგორც საშუალება ნებისმიერი ისეთი რამის მისაღწევად, რაც პოზიტიური ცოდნის ან რაციონალური რწმენის სახელს იმსახურებს. და სანამ ისევ არ დაიწყება ადამიანების რეგულარულად წვრთნა ამაში, იარსებებს ცოტა დიდი მოაზროვნე და ინტელექტის საერთო დაბალი დონე აზროვნების ყველა სფეროში მათემატიკისა და ფიზიკის გარდა. ნებისმიერ სხვა საკითხზე არავის შეხედულება არ იმსახურებს ცოდნის სახელს, თუ მას სხვების მიერ იძულებით ან საკუთარი ინიციატივით არ გაუვლია აზროვნების იგივე პროცესი, რომლის გავლაც ოპონენტებთან აქტიური დაპირისპირების შემთხვევაში მოუწევდა. ამრიგად, აბსურდზე რამდენად უარესი უნდა იყოს უარის თქმა იმაზე, რაც ასე აუცილებელია მისი არქონის შემთხვევაში მაგრამ ასე ძნელი შესაქმნელია, როცა ის სპონტანურად გვთავაზობს თავს! თუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ეპაექრებიან გავრცელებულ შეხედულებას ანდა ასე მოიქცეოდნენ, კანონს ან შეხედულებას რომ საშუალება მიეცა მათთვის, მადლობა ვუთხრათ მათ, გონების ყური მივაპყროთ მათ და გვიხაროდეს, რომ არსებობს ვიღაც, ვინც ჩვენს ნაცვლად აკეთებს იმას, რაც სხვა შემთხვევაში თავად უნდა გაგვეკეთებინა ბევრად უფრო დიდი შრომის ფასად, თუკი საერთოდ რაიმედ ვაგდებთ ჩვენი რწმენების უტყუარობას ან სიცოცხლისუნარიანობას.

განსახილველი დაგვრჩა კიდევ ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც შეხედულებათა მრავალფეროვნება სასარგებლოა და ასე იქნება, სანამ კაცობრიობა არ გადავა ინტელექტუალური განვითარების იმ საფეხურზე, რომლისგანაც ამჟამად განუზომლად დიდი მანძილი გვაშორებს. აქამდე ჩვენ მხოლოდ ორ შესაძლებლობაზე ვიმსჯელეთ: ერთი, გავრცელებული შეხედულება შეიძლება მცდარი იყოს და, შესაბამისად, რაღაც სხვა შეხედულება – ჭეშმარიტი; მეორე, თუ გავრცელებული შეხედულება ჭეშმარიტია, საპირისპირო შეცდომასთან დაპირისპირება არსებითია მისი ჭეშმარიტების ნათელი წვდომისა და ღრმა განცდისათვის. მაგრამ არსებობს ამ ორზე უფრო ჩვეულებრივი შემთხვევაც, კერძოდ, როცა ნაცვლად იმისა, რომ კონფლიქტში მყოფი მოძღვრებებიდან ერთი ჭეშმარიტი იყოს და მეორე მცდარი, ჭეშმარიტება განაწილებულია მათ შორის და დამკვიდრებულთან დაპირისპირებული შეხედულება საჭიროა, რათა შეავსოს ჭეშმარიტება, რომლის მხოლოდ ნაწილს შეიცავს აღიარებული მოძღვრება. პოპულარული შეხედულებები შეგრძნებებისთვის მიუწვდომელ საკითხებზე ხშირად ჭეშმარიტია, მაგრამ იშვიათად ან არასოდეს არის სრული ჭეშმარიტება. ისინი ჭეშმარიტების რაღაც, ზოგჯერ უფრო დიდი, ზოგჯერ უფრო მცირე ნაწილია, მაგრამ გაზვიადებული, დამახინჯებული და მოწყვეტილი იმ ჭეშმარიტებებისგან, რომლებიც მას უნდა ახლდეს და მას უნდა ზღუდავდეს. ერეტიკული შეხედულებები, მეორე მხრივ, როგორც წესი, ასეთი დათრგუნული და უგულებელყოფილი ჭეშმარიტებებია, რომლებიც, წყვეტენ რა მათ შემბოჭავ არტახებს, ან გავრცელებულ შეხედულებაში მოცემულ ჭეშმარიტებასთან კავშირების აღდგენას ესწრაფვიან, ან მას მტრებივით უპირისპირდებიან და საკუთარ თავს ისეთივე კატეგორიულობით აცხადებენ სრულ ჭეშმარიტებად. ეს ბოლო შემთხვევა დღემდე ყველაზე ხშირია, რადგან ადმიანის გონებაში ცალმხრივობა ყოველთვის წესი იყო, ხოლო მრავალმხრივობა – გამონაკლისი. ამდენად, შეხედულებების რევოლუციებშიაც, ჩვეულებრივ, ჭეშმარიტების ერთი ნაწილი იძირება, როცა მეორე აღზევებას განიცდის. თვით პროგრესიც, რომელიც უნდა ზრდიდეს ჭეშმარიტებას, ძირითადად მხოლოდ ცვლის ერთ ნაწილობრივ და არასრულ ჭეშმარიტებას მეორით; გაუმჯობესება ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ ჭეშმარიტების ახალი ფრაგმენტი უფრო სასურველია, უფრო მორგებულია დროის მოთხოვნებთან, ვიდრე ის, რომლის ადგილსაც ის იკავებს. ვინაიდან ასეთი ნაწილობრივი ხასიათი აქვს გაბატნებულ შეხდულებას მაშინაც კი, როცა ის ჭეშმარიტ საფუძველს ემყარება, ყოველი შეხედულება, რომელიც შეიცავს ჭეშმარიტების რაღაც ისეთ ნაწილს, რომელიც გავრცელებულში გამოტოვებულია, ძვირფასად უნდა ჩაითვალოს, რაოდენ ბევრი შეცდომითა და გაუგებრობითაც არ უნდა იყოს ეს ჭეშმარიტება გაზავებული. ადამიანთა საქმეების არც ერთ ფხიზელ მსაჯულს არ მოერევა აღშფოთება იმის გამო, რომ მათ, ვინც გვაიძულეს შეგვემჩნია ჭეშმარიტებები, სხვაგვარად რომ მხედველობიდან გამოგვეპარებოდა, მხედველობიდან ეპარებათ ზოგი ის ჭეშმარიტება, რომელთაც ჩვენ ვხედავთ. პირიქით, ის იფიქრებს, რომ რადგან პოპულარული ჭეშმარიტება ცალმხრივია, არასასურველი კი არა, სასურველია, რომ არაპოპულარულ ჭეშმარიტებასაც ცალმხრივი დამცველები ჰყავდეს; რადგან ასეთი დამცველები არიან ხოლმე ყველაზე ენერგიულები და, ყველაზე სავარაუდოა, რომ მათ ძალუძთ ადამიანთა ნების საწინაღმდეგოდ მათი ყურადღების მიპყრობა სიბრძნის იმ ფრაგმენტზე, რომელსაც ისე ავრცელებენ, თითქოს ის მთელი იყოს.

ასე მაგალითად, მეთვრამეტე საუკუნეში, როცა თითქმის ყველა სწავლული და მათ კვალდაკვალ ყველა უსწავლელიც თავდავიწყებამდე იყო აღტაცებული იმით, რასაც ცივილიზაციას უწოდებენ, თანამედროვე მეცნიერების, ლიტერატურის და ფილოსოფიის საოცრებების ჩათვლით, როცა ყველა ძალიან გადაჭარბებით აფასებდა განსხვავებას ახალი დროისა და ძველი დროის ადამიანებს შორის და თავს იტყუებდა რწმენით, რომ ყველა განსხვავება პირველებს ანიჭებდა უპირატესობას, მართლაც სასიკეთო შოკი მოჰყვა რუსოს პარადოქსების ბომბივით აფეთქებას, რომელმაც განდევნა ცალმხრივი შეხედულების კომპაქტური მასა და გამოიწვია მისი ელემენტების ხელახლა კომბინირება უკეთესი, ახალი ინგრედიენტებით შევსებული ფორმით. საქმე ის კი არ არის, რომ გავრცელებული შეხედულებები მთლიანობაში უფრო შორს იყვნენ ჭეშმარიტებისგან, ვიდრე რუსო; პირიქით, ისინი უფრო ახლოს იყვნენ მასთან, მეტ პოზიტიურ ჭეშმარიტებას შეიცავდნენ და ბევრად ნაკლებ შეცდომას. ამის მიუხედავად, რუსოს მოძღვრება შეიცავდა ზუსტად იმ ჭეშმარიტებების მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც პოპულარულ შეხედულებას აკლდა და რუსოს შეხედულების ნაკადმა მოიყოლა. სწორედ ისინი დაილექა წყალდიდობის დაკლების შემდეგ. უბრალო ცხოვრების მაღალი ღირებულება, ხელოვნური საზოგადოების ბარიერებისა და ფარისევლობის დამაძაბუნებელი და მადემორალიზებელი გავლენა – ეს ის იდეებია, რომელთა კვალიც რუსოს შემოქმედების შემდეგ არასოდეს ბოლომდე არ გამქრალა მოაზროვნე ადამიანთა გონებიდან; დროთა განმავლობაში ისინი სათანადო შედეგს გამოიღებენ, თუმცა ამჟამად ადრინდელზე არანაკლებ საჭიროა მათი მტკიცება – თან მტკიცება საქმეებით, რადგან ამ საკითხზე სიტყვების ძალა თითქმის ამოწურულია.

ისევ პოლიტიკაზე, თითქმის ბანალობაა, რომ წესრიგისა და სტაბილურობის პარტიაც და პროგრესისა და რეფორმის პარტიაც – ორივე აუცილებელი ელემენტია ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ასე იქნება მანამ, სანამ ერთი ან მეორე ისე არ გააფართოებს თავისი აზროვნების ფარგლებს, რომ თანაბრად შეძლოს იყოს წესრიგის პარტიაც და პროგრესის პარტიაც, რომელმაც იცის და შეუძლია ერთმანეთისგან გაარჩიოს ის, რისი შენარჩუნებაც საჭიროა, და ის, რაც უნდა გაუქმდეს და მოისპოს. აზროვნების ამ ფორმებიდან თითოეულის სასარგებლოობა მეორის ნაკლოვანებებიდან მოდის; მაგრამ დიდწილად სწორედ მეორესთან დაპირისპირებაა ის, რაც თითოეულს გონიერებისა და საღი აზრის ფარგლებში აკავებს. თუ არ ხდება დემოკრატიისა და არისტოკრატიის, საკუთრებისა და თანასწორობის, კოოპერაციისა და კონკურენციის, ფუფუნებისა და ზომიერების, სოციალურობისა და ინდივიდუალურობის, თავისუფლებისა და წესრიგის, თუ პოლიტიკური ცხოვრების ნებისმიერი სხვა აქტიური დაპირისპირების ორი მხარის დამცველი შეხედულებების თანაბარი თავისუფლებით გამოხატვა და თანაბარი ნიჭითა და ენერგიით განხორციელება და დაცვა, გამორიცხულია, რომ ორივე ელემენტს თავისი კუთვნილი მიეზღოს; სასწორის ერთი პინა აუცილებლად მაღლა ავარდება, ხოლო მეორე დაბლა დაიწევს. ცხოვრების მნიშვნელოვან პრაქტიკულ საკითხებში ჭეშმარიტება იმდენად არის დამოკიდებული დაპირისპირებულთა შეთანხმებასა და შერწყმაზე, რომ ძალიან ცოტა ადამიანს თუ აქვს საკმარისად ფართო და მიუკერძოებელი გონება იმისთვის, რომ საკუთარი ძალებით შეძლოს სწორ პოზიციასთან მიახლოება; ასეთი მიახლოება უნდა განხორციელდეს მტრულ ბანაკებში გაერთიანებულ ძალებს შორის ბრძოლის უხეში პროცესით. თუ ზემოთ ჩამოთვლილი გადაუჭრელი დიდი საკითხებიდან ნებისმიერთან დაკავშირებით ორი საპირისპირო შეხედულებიდან რომელიმეს პრეტენზია, რომ არა უბრალოდ შეიწყნარონ, არამედ წაახალისონ და მხარი დაუჭირონ, მეორის შესაბამის პრეტენზიაზე უფრო საფუძვლიანია, ასეთი ის შეხედულებაა, რომელიც კონკრეტულ დროს და კონკრეტულ ადგილზე უმცირესობაშია. ეს ის შეხედულებაა, რომელიც მოცემულ დროს წარმოადგენს უგულებელყოფილ ინტერესებს – ადამიანის კეთილდღეობის იმ მხარეს, რომელსაც ემუქრება იმაზე ნაკლების მიღება, ვიდრე ერგება. მე ვიცი, რომ ამ საკითხების უმრავლესობასთან დაკავშირებით შეხედულებათა სხვადასხვაობის მიმართ არავითარი შეუწყნარებლობა არ არსებობს ამ ქვეყანაში. მრავალი აღიარებული მაგალითი მოჰყავთ იმ ფაქტის უნივერსალურობის საჩვენებლად, რომ შეხედულებათა ერთადერთი ჭეშმარიტი მრავალფეროვნება განხორციელებულია ადამიანის ინტელექტის დღევანდელ მდგომარეობაში; რომ ჭეშმარიტების ყველა მხარეს აქვს შანსი სამართლიან თამაში ჩაებას. თუკი არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამონაკლისს შეადგენენ რაიმე საკითხზე მთელი ქვეყნის აშკარა ერთსულოვნებიდან, თუნდაც მთელი ქვეყანა მართალი იყოს, ყოველთვის სავარაუდოა, რომ უთანხმოებაში მყოფთ რაღაც ყურადსაღები აქვთ სათქმელი თავის დასაცავად და რომ ჭეშმარიტება რაღაცას დაკარგავდა მათი დუმილით.

შეიძლება შეგვედავონ: `მაგრამ ზოგიერთი დამკვიდრებული პრინციპი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან და სასიცოცხლო საკითხებს ეხება, ხომ მეტია, ვიდრე ნახევრად-ჭეშმარიტება. მაგალითად, ქრისტიანული მორალი სრული ჭეშმარიტებაა მორალის საკითხებზე და თუ ვინმე მისგან განსხვავებულ ზნეობას ქადაგებს, ის მთლიანად ცდება~. როგორც ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობისაა, საუკეთესო გზაა ზოგადი მაქსიმის შემოწმება. მაგრამ სანამ გამოვაცხადებდეთ, თუ რა არის ან არ არის ქრისტიანული მორალი, სასურველი იქნებოდა გადაგვეწყვიტა, თუ რა იგულისხმება ქრისტიანულ მორალში. თუ ეს ახალი აღთქმის მორალს ნიშნავს, მე გამიკვირდებოდა რომელიმე ადამიანს, ვინც თავის ცოდნას თავად ამ წიგნიდან იღებს, რომ ეფიქრა, რომ ეს წიგნი ზნეობის სრულ მოძღვრებად იყო გამოცხადებული ან ჩაფიქრებული. სახარება ყოველთვის მანამდე არსებულ მორალს ეყრდნობა და თავის შეგონებებს იმ კონკრეტული შემთხვევებით ზღუდავს, რომლებშიც ეს ძველი მორალი შესწორებას ან უფრო ფართო და მაღალი მორალით შეცვლას საჭიროებდა; მეტიც, ის გვესაუბრება ყველაზე ზოგადი ტერმინებით, რომელთა სიტყვა-სიტყვით ინტერპრეტაცია ხშირად შეუძლებელია, და მისი ძალა უფრო მეტად პოეზიის ან მჭევრმეტყველების შთამბეჭდაობაშია, ვიდრე კანონმდებლობის სიზუსტეში. მისგან ეთიკური მოძღვრების გამოყვანა არასოდეს იყო შესაძლებელი ძველი აღთქმით, ამ მართლაც დახვეწილი მაგრამ ბევრი თვალსაზრისით ბარბაროსული სისტემით, რომელიც მხოლოდ ბარბაროსი ადამიანებისთვის იყო გამიზნული, მისი შევსების გარეშე. წმინდა პავლე, მოძღვრების ასეთი იუდაური სახით ინტერპრეტაციისა და მისი მასწავლებლის სქემის შევსების დაუფარავი ემტერი, ასევე გულისხმობს წინასწარ არსებულ მორალს, სახელდობრ, ბერძნებისა და რომაელების მორალს; და რასაც ის ქრისტიანებს სთავაზობს, დიდწილად ამ უკანასკნელთანაა მორგებული; იმ ზომამდეც კი, რომ აშკარა სანქციას აძლევს მონობას. ის, რასაც უწოდებენ ქრისტიანულ, მაგრამ უნდა უწოდებდნენ თეოლოგიურ მორალს, არ შეუქმნიათ ქრისტეს ან მის მოციქულებს; ის ბევრად უფრო გვიან ჩამოყალიბდა – თანდათანობით ააგო კათოლიკურმა ეკლესიამ პირველი ხუთი საუკუნის განმავლობაში; და თუმცა თანამედროვეებმა და პროტესტანტებმა ის უპირობოდ არ მიიღეს, მათ ის ბევრად უფრო ნაკლებ შეცვალეს, ვიდრე შეიძლება მოსალოდნელი ყოფილიყო. მართლაც, ისინი ძირითადად დასჯერდნენ შუა საუკუნეებში შეტანილი დამატებების ამოჭრას; გათავისუფლებულ ადგილს თითოეული სექტა ახალი, საკუთარ ხასიათსა და ტენდენციებზე მორგებული დამატებებით ავსებდა. მე არავითარ შემთხვევაში არ უარვყოფ იმას, რომ კაცობრიობა დიდად არის დავალებული ამ მორალისა და მისი ადრეული მასწავლებლებისგან. მაგრამ არ მეუხერხულება ვთქვა, რომ მრავალი მნიშვნელოვანი თვალსაზრისით ის არასრული და ცალმხრივია; და ევროპული ცხოვრების წესისა და ხასიათის ჩამოყალიბებაში წვლილი რომ არ შეეტანათ იდეებსა და გრძნობებს, რომელთაც ის არ იწონებს, ადამიანთა ყოფა იმაზე უარეს მდგომარეობაში იქნებოდა, ვიდრე ახლაა. (ეგრეთ წოდებულ) ქრისტიანულ ზნეობას რეაქციის ყველა ნიშანი აქვს; ის დიდწილად წარმართობის წინააღმდეგ პროტესტია. მისი იდეალი ნეგატიურია და არა პოზიტიური, პასიური და არა აქტიური, უმანკოება და არა წარჩინებულობა, ბოროტებისგან თავის შეკავება და არა სიკეთის ენერგიული ძიება. მის შეგონებებში (როგორც მოსწრებულად ითქვა) `შენ არ უნდა~ მეტისმეტად ჭარბობს `შენ უნდა~-ს. ავხორცობით შეძრწუნებულმა, მან კერპად აქცია ასკეტიზმი, რომელიც თანდათან შერბილდა და კანონიერების კერპად გარდაიქმნა. ის სამოთხით დაიმედებასა და ჯოჯოხეთით მუქარას გვთავაზობს სათნო ცხოვრების დადგენილ და შესაფერის მოტივებად. ამით ის უფრო დაბლა ეცემა, ვიდრე ანტიკურობის საუკეთესო მოძღვრებები; ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანის მორალურობას არსებითად ეგოისტური ხასიათი შესძინოს: წყვეტს კავშირებს ცალკეული ადამიანის მოვალეობის გრძნობასა და მისი თანამოძმეების ინტერესებს შორის, იმ შემთხვევის გარდა, როცა ადამიანს პირადი დაინტერესებით წახალისებას სთავაზობს იმისთვის, რომ მან სხვებს გაუწიოს ანგარიში. ის არსებითად პასიური მორჩილების მოძღვრებაა და გვინერგავს ყველა უკვე დამკვიდრებული ავტორიტეტის წინაშე ქედის მოხრას: მართალია მათ არ უნდა დავემორჩილოთ აქტიურად, თუ ისინი იმას გვიბრძანებენ, რასაც რელიგია კრძალავს, მაგრამ მათ არ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა და, მით უმეტეს, არ უნდა ავუჯანყდეთ ჩვენს წინაშე ჩადენილი არავითარი უსამართლობისთვის. იმ დროს, როცა საუკეთესო წარმართი ერების ზნეობაში ქვეყნის წინაშე მოვალეობას გადაჭარბებული ადგილიც კი უჭირავს და ინდივიდის კანონიერ თავისუფლებას ზღუდავს, წმინდად ქრისტიანული ეთიკა მოვალეობის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს თითქმის სულ ვერ ამჩნევს და არ აღიარებს. ყურანში და არა ახალ აღთქმაში ვკითხულობთ მაქსიმას: `მმართველი, რომელიც რაიმე თანამდებობაზე ნიშნავს ერთ ადამიანს მაშინ, როცა მის ქვეშევრდომებს შორის ამისათვის უკეთ მომზადებული სხვა ადამიანი მოიპოვება, სცოდავს ღმერთისა და ქვეყნის წინაშე~. ის მცირე აღიარებაც, რომელიც საზოგადოების წინაშე მოვალეობას აქვს თანამედროვე მორალში, მიღებულია არა ქრისტიანული, არამედ ბერძნული და რომაული წყაროებიდან. პირადი ცხოვრების მორალშიც კი, თუ არსებობს დიდსულოვნების, სულგრძელობის, პირადი ღირსების, თვით პატიოსნების გრძნობისაც კი რაიმე ნასახი, ის მიღებულია განათლების არა რელიგიური, არამედ წმინდად ადამიანური ნაწილისგან და ვერასოდეს ამოიზრდებოდა ისეთი ეთიკის სტანდარტიდან, რომელშიც მრწამსით აღიარებული ერთადერთი ღირებულებაა მორჩილება.

მე ასევე ძალიან შორს ვარ მტკიცებისგან, რომ ეს ნაკლოვანებები აუცილებლად შინაგანია ქრისტიანული ეთიკის ნებისმიერი შესაძლო გაგებისთვის, ან რომ მასთან შეუთავსებადია სრული მორალური მოძღვრებისთვის აუცილებელი ბევრი ის ნაწილი, მას რომ აკლია. კიდევ უფრო ნაკლებ წამოვაყენებდი მსგავს ეჭვებს თავად ქრისტეს მოძღვრებებსა და შეგონებებზე. მჯერა, რომ ქრისტეს გამონათქვამებში არის ყველაფრი ის, რისთვისაც ისინი ჩაფიქრებული იყო ყველა იმ საბუთის მიხედვით, რომელთა დანახვაც მე ძალმიძს: რომ ისინი შეუთავსებადი არ არის არაფერთან, რასაც ყოველმხრივი ზნეობრიობა მოითხოვს; რომ ყველაფერი, რაც შესანიშნავია ეთიკაში, შეიძლება მათ ისე დაემატოს, რომ იმაზე მეტ ძალადობას არ მოითხოვდეს მათი ენის მიმართ, ვიდრე ძალადობა, რომელიც განახორციელა ყველამ, ვისაც ოდესმე უცდია მათგან ქცევის რაიმე პრაქტიკული სისტემის გამოყვანა. მაგრამ ამ ყველაფერთან სავსებით თავსებადია რწმენა, რომ ისინი ჭეშმარიტების მხოლოდ ნაწილს შეიცავენ და მეტისთვის არც იყვნენ ჩაფიქრებულნი; რომ უმაღლესი ზნეობრიობის ბევრი არსებითი ელემენტი არ არის მოცემული ქრისტიანობის ფუძემდებლის ჩაწერილ საუბრებში და არც იყო ჩაფიქრებული მათი იქ მოცემა; და რომ ეს ელემენტები სავსებით უგულებელყოფილია ეთიკის სიტემაში, რომელიც ამ საუბრების საფუძველზე ააგო ქრისტიანულმა ეკლესიამ. ამიტომ, ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა გავაგრძელოთ ქრისტიანულ მოძღვრებაში ჩვენი ქცევის წარმმართველი იმ სრული კოდექსის ძებნა, რომლის სანქცირება და დანერგვა, მაგრამ ჩვენთვის მხოლოდ ნაწილობრივ მოწოდებაც ჩაიფიქრა ამ მოძღვრების ავტორმა. მე ასევე მჯერა, რომ ეს ვიწრო თეორია პირქუშ პრაქტიკულ ბოროტებად იქცევა, რაც ძალზე აკნინებს იმ სახის მორალური აღზრდისა და განათლების ღირებულებას, რომლის დანერგვასაც ძალიან ცდილობს ახლა ბევრი კეთილმოსურნე ადამიანი. სერიოზულად ვშიშობ, რომ ცდა, ჩამოაყალიბონ გონება და გრძნობები მხოლოდ რელიგიური სტანდარტებით, იმ საერო (უკეთესი სახელის არქონის გამო მათ შეიძლება ასე ვუწოდოთ) სტანდარტების უგულებელყოფით, რომლებიც აქამდე ქრისტიანულ ეთიკასთან თანაარსებობდნენ და ავსებდნენ მას, თავადაც იღებდნენ მისი სულისკვეთების რაღაც ნაწილს და მასაც სძენდნენ საკუთარიდან რაღაცას, შედეგად მოგვცემს და უკვე გვაძლევს კიდეც ხასიათის დაბალ, საცოდავ, მონურ ტიპს; ამ ტიპის ადამიანს, თუმცა ის როგორც შეუძლია ემორჩილება იმას, რაც უზენაეს ნებად მიაჩნია, არ ძალუძს უზენაესი სიკეთის ცნებამდე ამაღლება ან მისი განცდა. ჩემი რწმენით, კაცობრიობის ზნეობრივი აღორძინებისთვის ქრისტიანული ეთიკის გვერდით უნდა არსებობდეს სხვა ეთიკაც, განსხვავებული ყველა იმ ეთიკისგან, რომელიც მხოლოდ ქრისტიანული წყაროებიდან შეიძლება განვითარდეს; მწამს აგრეთვე, რომ ქრისტიანული სისტემა არ წარმოადგენს გამონაკლისს წესიდან, რომლის თანახმად ადამიანის გონების არასრულყოფილ მდგომარეობაში ჭეშმარიტების ინტერესები მოითხოვს შეხედულებათა მრავალფეროვნებას. აუცილებელი არ არის, რომ თუ ადამიანი შეწყვეტს იმ ზნეობრივ ჭეშმარიტებათა უგულებელყოფას, რომელთაც ქრისტიანობა არ შეიცავს, მან უნდა უგულებელყოს რომელიმე ჭეშმარიტება, რომელსაც ის შეიცავს. ასეთი ცრურწმენა ან წინდაუხედაობა, თუ ხდება, რა თქმა უნდა ბოროტებაა; მაგრამ შეუძლებელია მისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლების იმედი გვქონდეს და ეს ფასდაუდებელი სიკეთისთვის გადახდილ საზღაურად უნდა ჩაითვალოს. საჭიროა და ჯერ არს ჭეშმარიტების ნაწილის მთელ ჭეშმარიტებად ყოფნაზე განსაკუთრებული პრეტენზიის წინააღმდეგ ხმის ამაღლება; და თუ რეაქციული იმპულსის გამო მოდავენი თავადაც უსამართლონი აღმოჩნდებიან, მათი, ისევე, როგორც მათ მოწინააღმდეგეთა ცალმხრივობის გამო შეიძლება საყვედური გამოვთქვათ მაგრამ უნდა შევიწყნაროთ ისინი. თუ ქრისტიანები ურწმუნოთ მოუწოდებდნენ, სამართლიანობა გამოეჩინათ ქრისტიანობის მიმართ, ისინი თავადაც სამართლიანები უნდა იყვნენ ურწმუნობის მიმართ. ჭეშმარიტებას სულ არ გაუწევს სამსახურს თვალის დახუჭვა ლიტერატურის ისტორის ოდნავ მაინც მცოდნე ყველა ადამიანისთვის ცნობილ იმ ფაქტზე, რომ ყველაზე გამორჩეული და ყველაზე ღირებული ზნეობრივი მოძღვრების დიდი ნაწილი შექმნეს არა მხოლოდ ადამიანებმა, რომელთაც არაფერი სმენოდათ ქრისტიანულ მრწამსზე, არამედ იმ ადამიანებმაც, რომელთაც იცოდნენ მის შესახებ, მაგრამ უკუაგდებდნენ მას.

მე არ ვამტკიცებ, რომ ყველა შესაძლო შეხედულების აღიარების ყველაზე შეუზღუდავი თავისუფლება ბოლოს დაუდებდა რელიგიური ან ფილოსოფიური სექტანტობის მანკიერებებს. უეჭველია, რომ ვიწრო შესაძლებლობის ადამიანები ყოველ ჭეშმარიტებას, რომელიც მათ გულწრფელად სჯერათ, ყოველთვის ისე ამტკიცებენ, იმეორებენ და მრავალი თვალსაზრისით სამოქმედო პრინციპადაც კი იხდიან, თითქოს სამყაროში არ არსებულიყო არც ერთი სხვა ჭეშმარიტება ან, ყოველ შემთხვევაში, არც ერთი სხვა ჭეშმარიტება, რომელსაც შეიძლება შეეზღუდა, შემოეფრგლა პირველი. მე ვაღიარებ, რომ ყოველი შეხედულებისთვის დამახასიათებელი ტენდენცია, შეიძინოს სექტური ხასიათი, არათუ არ იკურნება ყველაზე თავისუფალი დისკუსიითაც კი, არამედ ხშირად ძლიერდება და მძაფრდება ამ უკანასკნელით; ჭეშმარიტებას, რომელიც უნდა დაენახათ მაგრამ ვერ დაინახეს, კიდევ უფრო გააფთრებით უკუაგდებენ ხოლმე იმის გამო, რომ მას აღიარებენ ადამიანები, რომლებიც ოპონენტებად მიაჩნიათ. მაგრამ შეხედულებათა ასეთი დაპირისპირება სასიკეთო გავლენას ახდენს არა რომელიმე მხარის მღელვარე დამცველზე, არამედ უფრო მშვიდ და დაუინტერესებელ დამკვირვებელზე. საზარელი ბოროტებაა არა ჭეშმარიტების სხვადასხვა ნაწილებს შორის მწვავე შეჯახება, არამედ მისი ერთი ნახევრის ჩუმი დათრგუნვა; ყოველთვის არსებობს იმედი, თუკი ადამიანები იძულებულნი არიან ორივე მხარეს მოუსმინონ; როცა ისინი მხოლოდ ერთ მხარეს უსმენენ, სწორედ მაშინ ხდება შეცდომების ცრურწმენების სახით გაქვავება და თავად ჭეშმარიტებაც კარგავს ჭეშმარიტების ძალას, რადგან გაზვიადებამ ის მცდარობად აქცია. მენტალური თვისებებიდან ცოტა თუა უფრო იშვიათი, ვიდრე სამართლიანობის ისეთი უნარი, რომ ადამიანს შეაძლებინოს გონიერად განსაჯოს დავა ორ მხარეს შორის, რომელთაგან მხოლოდ ერთს წარმოადგენს დამცველი მის წინაშე, ამიტომ ჭეშმარიტების გამარჯვების შანსი ზუსტად იმის პროპორციულია, რომ მის ყოველ მხარეს – ყოველ შეხედულებას, რომელიც ჭეშმარიტების რაიმე ნასახს შეიცავს – არა მხოლოდ მოეძებნოს დამცველები, არამედ მისი დაცვა სხვებსაც ესმოდეთ.

ამრიგად, ჩვენ ვუჩვენეთ კაცობრიობის გონებრივი კეთილდღეობისთვის (მასზეა დამოკიდებული მისი ყველა სხვაგვარი კეთილდღეობა) შეხედულების თავისუფლებისა და შეხედულების გამოხატვის თავისუფლების აუცილებლობა და გამოვყავით ამის ოთხი სხვადასხვა საფუძველი, რომელთაც ახლა მოკლედ შევაჯამებთ.

პირველი, თუ რაიმე შეხედულებას დუმილს აიძულებენ, ეს შეხედულება, რამდენადაც ჩვენ დანამდვილებით ვიცით, შეიძლება ჭეშმარიტი იყოს. ამის უარყოფა კი საკუთარი უცდომელობის დაშვებაა.

მეორე, თუნდაც ჩაჩუმებული შეხედულება შეცდომა იყოს, ის შეიძლება შეიცავდეს ჭეშმარიტების ნაწილს და ძალიან ხშირად სწორედ ასეა. და რადგან ნებისმიერ საკითხზე გავრცელებული ან გაბატონებული შეხედულება იშვიათად ან არასოდეს არის მთელი ჭეშმარიტება, მხოლოდ საპირისპირო შეხედულებათა შეჯახება ქმნის იმის შანსს, რომ ჭეშმარიტების დანარჩენი ნაწილი მისაწვდომი გახდეს.

მესამე, თუნდაც გავრცელებული შეხედულება არა უბრალოდ ჭეშმარიტი, არამედ სრული ჭეშმარიტება იყოს, თუკი მას წარსულში არ შებრძოლებიან ან ახლა არ ებრძვიან გააფთრებითა და გულწრფელად, მის გამზიარებელ ადამიანთა უმრავლესობა მას მიიღებს ცრურწმენის სახით, მისი რაციონალური საფუძვლების გაგებისა და განცდის გარეშე. და ამის გარდა, მეოთხე, თავად მოძღვრების შინაარსს ექმნება საფრთხე, რომ გაქრეს ან დასუსტდეს და დაკარგოს ხასიათსა და ქცევაზე ზემოქმედების ცხოველმყოფელი ძალა. დოგმა იქცევა მხოლოდ ფორმალურ აღიარებად, რომელსაც სიკეთის მოტანა არ ძალუძს, ის ბორკავს ადამიანს და ხელს უშლის გონებიდან ან პირადი გამოცდილებიდან რაიმე რალური და გულითადი მრწამსის გაღვივებას.

სანამ შეხედულების თავისუფლების საკითხზე მსჯელობას დავასრულებდე, რაღაც უნდა ვთქვა მათი მისამართით, ვინც ამტკიცებს, რომ ყველა შეხედულების თავისუფალი გამოხატვა ნებადართული უდა იყოს იმ პირობით, რომ გამოთქმის ხერხი ზრდილობიანია და არ სცდება სამართლიანი და პატიოსანი პაექრობის საზღვრებს. ბევრი შეიძლება ითქვას იმაზე, რომ შეუძლებელია დავადგინოთ სად უნდა გადიოდეს ეს ნაგულისხმევი საზღვრები; თუ ამის მაჩვენებლად მივიღებთ იმათ შეურაცხყოფას, ვის შეხედულებასაც თავს ესხმიან, ჩემი აზრით გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთ შეურაცხყოფას ადგილი აქვს მაშინვე, როგორც კი თავდასხმა სერიოზული და მძლავრი აღმოჩნდება, და რომ ადამიანები უზრდელ ოპონენტად მიიჩნევენ ყველას, ვინც მაგრად მიაწვებათ და ვისთვის პასუხის გაცემაც უჭირთ, თუკი ის ძლიერ ღელავს სადავო საკითხზე. თუმცა ეს მნიშვნელოვანი მოსაზრებაა პრაქტიკული თვალსაზრისით, მას კიდევ უფრო ფუნდამენტურ შედავებასთან მივყავართ. უდავოა, რომ შეხედულების, თუნდაც ჭეშმარიტის, მტკიცების ხერხი შეიძლება ძალიან მიუღებელი იყოს და სამართლიანად გამოიწვიოს სასტიკი დაგმობა. მაგრამ ამ სახის სერიოზული შეურაცხყოფა როგორც წესი ისეთია, რომ თუ ადამიანმა შემთხვევით თავად არ გაამჟღავნა თავი, შეუძლებელია მისი დანაშაულის დადგენა. ასეთთა შორის ყველაზე მძიმეა სოფისტური კამათი, ფაქტებისა და არგუმენტების დაფარვა, საქმის დეტალების არასწორი წარმოდგენა, ან საპირისპირო თვალსაზრისის დამახინჯება. მაგრამ ამ ყველაფერს, ყველაზე მძიმე ხარისხითაც კი, იმდენად გამუდმებით ჩადიან სრულყოფილად კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არ ითვლებიან და ბევრი სხვა თვალსაზრისით ალბათ არც იმსახურებენ რომ ითვლებოდნენ უმეცრებად ან არაკომპეტენტურებად, რომ იშვიათადაა შესაძლებელი ადეკვატური საფუძვლებით, კეთილსინდისიერად გამოვაცხადოთ დამახინჯება ზნეობრივ დანაშაულად; კიდევ უფრო ნაკლებ შეიძლება კანონმა ითავოს ამ სახის სადავო უსაქციელობის აღკვეთა. რაც შეეხება იმას, რაც ჩვეულებრივ იგულისხმება ზღვარგადასულ კამათში, სახელდობრ, ლანძღვა, სარკაზმი, პიროვნებაზე აპელაცია და მსგავსი – ასეთი საშუალებების დაგმობა მეტ თანაგრძნობას დაიმსახურებდა, ოდესმე რომ შემოეთავაზებინათ მათი აკრძალვა ორივე მხარისთვის ერთნაირად. მაგრამ, როგორც წესი, სურთ შეზღუდონ მათი გამოყენება მხოლოდ გაბატონებული შეხედულების წინააღმდეგ; ხოლო არაგაბატონებული შეხედულების წინააღმდეგ მათი გამოყენება არა მხოლოდ საყოველთაო დაგმობის გარეშე შეიძლება, არამედ მოსალოდნელია, რომ ის, ვინც მათ იყენებს, ამით გულწრფელი ენთუზიაზმისა და სამართლიანი აღშფოთების საქებარ სახელს მოიმკის. მაგრამ რამხელაც არ უნდა იყოს ამ საშუალებების გამოყენებით გამოწვეული ზიანი, ის უფრო დიდია უფრო დაუცველის წინააღმდეგ მათი გამოყენების შემთხვევაში; და რამხელაც არ უნდა იყოს უსამართლო უპირატესობა, რომელსაც რაიმე შეხედულებას მისი დაცვის ასეთი ყაიდა ანიჭებს, ის თითქმის მხოლოდ და მხოლოდ გავრცელებული შეხედულებების მხარესაა. ამ სახის ყველაზე უარესი შეურაცხყოფა, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოლემიკაში, არის საპირიპირო შეხედულებაზე მყოფთა ცუდ და ამორალურ ადამიანებად მონათვლა და მათთვის სახელის გატეხვა. განსაკუთრებით იოლია იმათი ამ სახით დამცირება, ვინც რაიმე არაპოპულარულ შეხედულებას იზიარებს, რადგან ასეთთა რიცხვი და გავლენა საზოგადოდ მცირეა და თვითონ მათ გარდა არავინაა დიდად დაინტერესებული იმით, რომ მათ სამართლიანად მოეპყრან. მაგრამ ამ საშუალებაზე, მისი ბუნებისგან გამომდინარე, უარი უნდა თქვან მათ, ვინც გაბატონებულ შეხედულებას ესხმის თავს: მათ არც შეუძლიათ მისი გამოყენება საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდების გარეშე და, კიდევაც რომ შეეძლოთ, ეს მათ უკუდარტყმის გარდა არაფერს მოუტანდა. საზოგადოდ, ფართოდ აღიარებული შეხედულებების საპირისპირო შეხედულებებმა მსმენელი შეძლება მოიპოვონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი დამცველნი საგანგებო ზომიერებით იყენებენ ენას და უდიდესი სიფრთხილით ცდილობენ თავი აარიდონ ოპონენტების არააუცილებელ გაღიზიანებას; ამ წესისგან თუნდაც უმცირესი გადახვევაც კი მათ ყოველთვის გამოაცლის ფეხქვეშ ნიადაგს; ეს მაშინ, როცა უზომო ლანძღვა-გინება, რომელსაც გაბატონებული შეხედულების მომხრეები მიმართავენ, მართლაც აკავებს ადამიანებს საპირისპირო შეხედულებების აშკარა აღიარებისგან და მათ მქადაგებელთა მოსმენისგან. მაშასადამე, ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის ინტერესების დასაცავად გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია შეიზღუდოს შეურაცხმყოფელი ენის გამოყენება გაბატონებული შეხედულებების დასაცავად; მაგალითად, თუ აუცილებელი იქნებოდა არჩევანის გაკეთება, ურწმუნობაზე მიმართული შეურაცხმყოფელი თავდასხმების აღკვეთა ბევრად უფრო საჭიროა, ვიდრე რელიგიაზე მიმართულისა. მაგრამ აშკარაა, რომ რომელიმეს შეზღუდვა არასგზით არ არის კანონის და ხელისუფლების საქმე, ხოლო საზოგადოებრივმა აზრმა განაჩენი ნებისმიერ შემთხვევაში ცალკეული შემთხვევის გარემოებათა მიხედვით უნდა განსაზღვროს; უნდა გაიკიცხოს ყოველი ადამიანი, დავის რომელ მხარეზეც არ უნდა იდგეს ის, თუ მისი დაცვის ხერხში თავს იჩენს მიუკერძოებლობის ნაკლებობა, გაბოროტება, ფანატიზმი, ან შეუწყნარებლობა. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მანკიერებები მოდის პოზიციიდან, რომელზეც დგას ადამიანი, თუდაც ის ჩვენი პოზიციის საპირისპირო იყოს. დამსახურებული პატივისცემა უნდა მივაგოთ ყველას, რა შეხედულებასაც არ უნდა იზიარებდეს ის, ვისაც ჰყოფნის სიმშვიდე იმისთვის, რომ დაინახოს და პატიოსნება იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს, თუ რას წარმოადგენენ მისი ოპონენტები და მათი რეალური შეხედულებები, არ გააზვიადოს არაფერი მათი დისკრედიტაციის მიზნით, არ დაფაროს არაფერი, რაც მათ სასარგებლოდ მეტყველებს ან შეიძლება მეტყველებდეს. ეს არის საჯარო დისკუსიის ნამდვილი მორალი. და თუმცა მას ხშირად არღვევენ, მე მახარებს იმაზე ფიქრი, რომ ბევრი ისეთი მოკამათე არსებობს, ვინც დიდწილად იცავს მას, და კიდევ უფრო მეტია ისეთი, ვინც კეთილსინდისიერად ესწრაფვის მის დაცვას.

შენიშვნები:

* odium theologicum – თეოლოგიური დაგმობა.
* primâ facie* – აშკარა, ცხადი
(1) ამ სიტყვების წერა დამთავრებულიც არ მქონდა, რომ, 1858 წელს, თითქოს აშკარად საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად, მთავრობამ პრესის დევნა წამოიწყო. მაგრამ საჯარო დისკუსიის თავისუფლებაში ამ უგუნური ჩარევის გამო მე ამ ტექსტის არც ერთი სიტყვა არ შემიცვლია და ოდნავაც არ შემსუსტებია რწმენა, რომ – თუ პანიკის მომენტებს გამოვრიცხავთ – ჩვენს ქვეყანაში ის დრო დამთავრდა, როცა პოლიტიკურ დისკუსიას უსიამოვნება და დასჯა მოსდევდა. მართლაც, ჯერ ერთი, დევნა არ გაგრძელებულა; და მეორეც, ეს არასგზით არ იყო მართლა პოლიტიკური დევნა. წამოყენებული ბრალდებები ეხებოდა არა ინსტიტუციების ან მმართველი პირების ქმედებების კრიტიკას, არამედ გავრცელებას ამორალურად მიჩნეული მოძღვრებისა, რომ ტირანიციდი [ტირანის მკვლელობა] სამართლიანია. თუ ამ თავში წარმოდგენილ არგუმენტებს რაიმე ძალა აქვთ, უნდა არსებობდეს ნებისმიერი მოძღვრების, როგორც ეთიკური რწმენის საკითხის, ქადაგებისა და განხილვის სრული თავისუფლება, რაოდენ ამორალურადაც არ უნდა მიიჩნეოდეს იგი. ამიტომ არარელევანტური და უადგილო იქნებოდა აქ იმის გამოკვლევა, იმსახურებს თუ არა ამ სახელს ტირანიციდის მოძღვრება. დავჯერდები იმის თქმას, რომ ეს ყოველთვის იყო მორალის ერთ-ერთი ღია საკითხი; რომ მთელი ერები და არაერთი საუკეთესო და უბრძენესი ადამიანი არა დანაშაულად, არამედ ამაღლებული სათნოების აქტად მიიჩნევდა კერძო მოქალაქის მიერ იმ ბოროტმოქმედის მოკვლას, რომელმაც საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენა და ამით თავი კანონიერი დასჯის ან კონტროლისთვის მიუწვდომელი გახადა; და რომ, სწორია თუ არასწორი, ასეთ ქმედება არსებითად არის არა მკვლელობა, არამედ სამოქალაქო ომი. მე მიმაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ტირანის მოკვლის წაქეზება, როგორც ასეთი, შეიძლება დასჯას ექვემდებარებოდეს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ მას მკვლელობის აშკარა აქტი მოჰყვა და სარწმუნო კავშირის დადგენა მაინცაა შესაძლებელი აქტსა და წაქეზებას შორის. ასეთ შემთხვევაშიც კი, დასჯა კანონიერი იქნება არა უცხო ქვეყნის მთავრობის, არამედ მხოლოდ თავად იმ მთავრობის მიერ, რომელსაც თავს დაესხნენ – როგორც თავდაცვა მისი არსებობის წინააღმდეგ მიმართული შეტევებისგან.

(2) თომას პული, ბოდმინის სხდომები, 31 ივლისი, 1857. მომდევნო დეკემბერში მან მიიღო მეფის შეწყალება.

(3) ჯორჯ იაკობ ჰოლიოუქი, 17 აგვისტო, 1857; ედუარდ თრულოვი, ივლისი, 1857.

(4) ბარონ დე გლაიხენი, მარლბოროს ქუჩის პოლიციის განყოფილება, 4 აგვისტო, 1857.

(5) სერიოზული გაფრთხილება შეიძლება ამოვიკითხოთ სეპოის ამბოხების შემთხვევაში მდევნელთა დიდი ვნებათაღელვიდან, რომელიც შერწყმული იყო ჩვენი ეროვნული ხასიათის უარესი მხარეების სააშკარაოზე გამოტანასთან. ფანატიკოსებისა თუ შარლატანების კათედრებიდან ნაქადაგები სიგიჟეების ხენება შეიძლება არც ღირს; მაგრამ ევანგელისტური პარტიის მეთაურებმა ჰინდუისტებისა და მაჰმადიანების მართვის თავიანთ პრინციპად გამოაცხადეს, რომ საზოგადოებრივ დაფინანსებას არ მიიღებდა არც ერთი სკოლა, რომელშიც ბიბლია არ ისწავლებოდა, და, როგორც ამის აუცილებელი შედეგი, საზოგადოებრივ სამსახურში არავის აიყვანდნენ ნამდვილი ან მოჩვენებითი ქრისტიანების გარდა. მეორე სახელმწიფო მდივანმა 1857 წლის 12 ნოემბერს თავის ამომრჩეველთა წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში, როგორც ამბობენ, ასეთი რამ თქვა: `ბრიტანეთის მთავრობის მიერ მათი სარწმუნოების~ (ასობით მილიონი ბრიტანელი მოქალაქის სარწმუნოების) `შეწყნარებას – შეწყნარებას ცრურწმენისა, რომელსაც ისინი რელიგიას უწოდებენ, შედეგად მოჰყვა ბრიტანეთის დიდების აღმასვლის ჩამორჩენა და ქრისტინობის მისასალმებელი ზრდის შეფერხება… შეწყნარება ამ ქვეყნის რელიგიურ თავისუფლებათა დიდი ქვაკუთხედი იყო; მაგრამ არ მივცეთ მათ საშუალება, ბოროტად გამოიყენონ ეს ძვირფასი სიტყვა. შეწყნარებაში იგულისხმებოდა ყველაფრის სრული თავისუფლება, აღმსარებლობის თავისუფლება ქრისტიანებისთვის, რომელთაც აღმსარებლობის ერთი და იგივე საფუძველი აქვთ. ის ნიშნავდა ქრისტიანთა ყველა სექტისა და დენომინაციის შეწყნარებას, რომელთაც ერთი და იმავე გამოცხადების სწამთ.~ მე მინდა ყურადღება მივაქციო იმ ფაქტს, რომ ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის მთავრობაში მაღალი თანამდებობისთვის შესაფერისად ჩათვალეს ლიბერალური მინისტრთა კაბინეტის პირობებში, იცავს მოძღვრებას, რომ ყველა, ვინც ქრისტეს ღმერთად არ აღიარებს, შეწყნარების საზღვრებს გარეთაა. ამ იდიოტური სპექტაკლის შემდეგ ვის შეუძლია თავი ინუგეშოს ილუზიით, რომ რელიგიური დევნა წარსულს ჩაბარდა და აღარასოდეს დაბრუნდება?