აუდიტის სამსახური: ვანში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის შესყიდული სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი არ გამოუყენებიათ

744

წინა სტატია

ვანის მუნიციპალიტეტში 2015-2016 წლებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეძენილი 236. 5 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები არ გამოიყენეს, – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია.

ანგარიშის მიხედვით, აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები და აღმოჩნდა, რომ 2015-2016 წლებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილია 270 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები, რომელთა გამოყენებით, უნდა განხორცილებულიყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ, წყლის სათავე ნაგებობებისა და ქსელის მოწყობის, სტადიონისა და სასაფლაოს შემოღობვის, მილხიდისა და წყალგამტარი მილის მოწყობის სამუშაოები.

თუმცა, აუდიტის სამსახურის დასკვნით, შეძენილი მასალებიდან, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 236.5 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა მასალა (პლასტმასის მილები, მავთულბადე, ცემენტი, მილკვადრატი, არმატურა და სხვა) გამოუყენებელია და დასაწყობებულია მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან.

2015-2016 წლებში ვანის მუნიციპალიტეტს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორცილებელი პროექტების დასაფინანსებლად 1025.9 ათასი ლარი გამოეყო.

აუდიტის სამსახურის განცხადებით, გამგეობის შესაბამისი პასუხისმგებლი პირები ვალდებული იყვნენ, კონტროლი დაეწესებინათ შესყიდული მასალების ხარჯვაზე და უზრუნველეყოთ მათი დროული გამოყენება, რაც არ მომხდარა.

„აღნიშნულმა გამოიწვია ის, რომ 236.5 ათასი ლარი გაიხარჯა არაეფექტიანად და მოსახლეობამ შექმნილი მატერიალური სიკეთით დროულად ვერ ისარგებლა.

აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდეგ, მუნიციპალიტეტმა დაიწყო დასაწყობებული მასალების გამოყენება დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესასრულებლად, რის შედეგადაც აუდიტის მიმდინარეობის პროცესში გახარჯულია 138.3 ათასი ლარის ღირებულების მასალები“,-წერია დასკვნაში.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, ვანის მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა დაგეგმოს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას. ამასთან, კონკრეტული პროექტის დაგეგმვის დროს მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს მის ხელთ არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსები და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა.

„ამასთანავე, მასალების შესყიდვისას მუნიციპალიტეტმა უნდა დააწესოს კონტროლი შესყიდული მასალის გამოყენებაზე და შეიმუშაოს სტრატეგია დაგეგმილი პროექტის სათანადოდ შესასრულებლად, რაც ხელს შეუწყობს, თავიდან აიცილოს ისეთი პროექტების განხორციელება, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს. აღნიშნული უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი მატერიალური სიკეთის მოსახლეობისთვის დროულ და ხარისხიან მიწოდებას“, – წერია დასკვნაში.